May 18, 2024

"ყოველ წელს ჯიუტად ველი სასწაულს, რაღაც დიდსა და უჩვეულოს" - ახალი წლის მოლოდინები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალ წელს საინტერესო რიტუალებით ხვდებიან. ადამიანები როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, უკეთესი წლის დადგომას ნატრობენ.

 

ამ დღესასწაულს დიდი თუ პატარა განსაკუთრებული სიხარულით ელის. ამ დღეს ყველა ცდილობს, დაივიწყოს ყველაფერი ცუდი, მადლიერებით გააცილოს ძველი წელი და იმედის თვალით შესცქერის ახალი წლის შემობრძანებას.

 

რას ნიშნავს ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის ახალი წელი? რასთან ასოცირდება? რა ემოციებს იწვევს? რა მოლოდინები აქვთ მათ? FirstNews.ge გთავაზობთ გამოკითხვას:

 

შორენა ბარბაქაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

ჩემი აზრით, ახალი წელი გარკვეული პირობითი ზღვარია „ძველსა“ და „ახალს“ შორის, რომელიც ადამიანებს ალბათ, ძალიან გვჭირდებოდა და „მოვიგონეთ“ კიდეც. შესაბამისად, მოვძებნეთ ერთი დღე, დავარქვით სახელი, მივანიჭეთ მას მნიშვნელობა და უკვე ბევრი წელია ვაწყობთ ნამდვილ დღესასწაულს, ვცდილობთ დავიმუხტოთ მაქსიმალურად დადებითად, საუკეთესოს ვუსურვებთ ერთმანეთს და ამაღლებული განწყობით გადავფურცლავთ ხოლმე აწ უკვე ძველ 365 დღიან ისტორიას. ამ დღესასწაულს იმდენი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, რამდენი ადამიანიცაა, პირადად ჩემთვის კი- ის ძვირფასი ადამიანების  არემოცვაში ყოფნის ბედნიერებაა. ვფიქრობ,რომ ცხოვრებას სწორედ ასეთი მომენტები ქმნიან ,რაც სამუდამოდ აისახება კიდეც ჩვენს მეხსიერებაში.

 

ჩემთვის, ახალი წელი ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ ახალ შესაძლებლობებთან, რომელთაც მომზადებული უნდა დახვდე, შეეგებო და არ შეუშინდე შესაძლო დაბრკოლებებს. ამისთვის კი საჭიროა ბევრი ვიმუშავოთ საკუთარ თავზე, პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდა-განვითარებასა და სრულყოფილებაზე, რადგან სწორედ ჩვენი განათლება, ჩვენს მიერ გამომუშავებული თვისებები და უნარ-ჩვევები დაგვეხმარება შესაძლებლობების ამოცნობაში, რეალიზებასა და შემდგომ უკვე ყველასათვის ასე სასურველი წარმატების მიღწევაში. ვფიქრობ, წარმატებაზე არ ოცნებობენ, წარმატებაზე მხოლოდ მუშაობენ,თან ბევრს.

 

ემოცია - მიმდინარე კრიზისულ პერიოდში,ალბათ,რთულია პოზიტიური ემოციებით დავიხუნძლოთ,თუმცა ჩემი პირადი მხიარული და საზეიმო ემოციის თუ განწყობის გარანტორები არიან ჩემი შვილები- 8 წლის დემეტრე და 4 წლის მარიამ ღვინერიები, რომელთაც განსაკუთრებით უხარიათ და ელიან ყოველ ახალ წელს. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად მცირე ასაკისა, ისინი აქტიურად არიან ჩართულები წინასადღესასწაულო ფუსფუსში ნაძვის ხის გაფორმება-გალამაზებით დაწყებული თოვლის პაპასთვის წერილების წერით დასრულებული. მათი საახალწლო სურვილების ნუსხაში განსაკუთრებული და საპატიო ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კოვიდ პანდემიის დასრულებას. დარწმუნებული ვარ ეს ორივე სურვილი მალე აუსრულდებათ და ძლიერ ,კორონასაგან თავისუფალ საქართველოში იცხოვრებენ.

 

მოლოდინები - იცით,საკუთარი თავიდან უფრო მეტს ველი და საკუთარ თავს უფრო მეტს ვთხოვ,ვიდრე ვინმეს ან რამეს,მით უმეტეს ახალ წელს. ჩემი ცხოვრების სტილი ასეთია- მოლოდინებითა თუ იმედებით არ ვცხოვრობ, ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენს ხელთაა და ვერც ახალი წელი „მოგვიტანს“ თუ „მოგვცემს“ რამეს, თუ ჩვენ საკმარისად არ გავისარჯეთ. შესაბამისად,არასოდეს არაფერს ველი ,მათ შორის არც ახალი  2021 წლიდან. ყოველი ახალი წელი, ახალი 365 დღე გასული წლების შედეგი და ნაყოფია. უკეთესი ნაყოფის მისაღებად კი უკეთესად უნდა ვიშრომოთ.

 

თეონა ფურცხვანიძე - ჩეხური ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ“, - მედიაწიგნიერების პროექტის კოორდინატორი

ახალი წელი ჩემთვის სიახლესთან და რაღაც მოულოდნელ სიხარულთან ასოცირდება. განსაკუთრებით მახარებს ბავშვების ბედნიერი სახეები, მათი ჟრიამული. მიყვარს ოჯახებში წინასაახალწლო ფუსფუსი, ნაძვის ხის მორთვა და საჩუქრების შერჩევა საყვარელი ადამიანებისთვის.ახალი წელი ჩემში ყოველთვის ბედნიერების შეგრძნებას იწვევს. ოჯახის წევრები რომ ერთად შევიკრიბებით, სიხარულის გარდა სხვა რა უნდა იგრძნოს ადამიანმა?!

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ის ახალი წელი იყო, როცა ახალი საუკუნე დადგა. მახსოვს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ უფრო უკეთესი უნდა ვყოფილიყავი შემდეგ წლებში, ვიდრე მანამდე ვიყავი.

მინდა ყველას მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და უფლის დიდი წყალობა!

 

გვანცა წულაია - ჟურნალისტი

ახალი წელი ძალიან მიყვარს. პირადად ჩემთვის ახალი წელი ლამაზ და ფერად დღეებს გულისხმობს. ჩემში რაღაც ახალი და ძალიან კარგი ამბების დაწყებასთან ასოცირდება. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს და მჯერა, რომ მომდევნო წელი, წინაზე უკეთესი იქნება. იმედი მაქვს, რომ ახალი წლიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის. სწორედ ამის გამო მიყვარს, ასე ძალიან.

 

ჯანო ჟვანია - სამოქალაქო აქტივისტი

ახალი წელი ბავშვობიდან მიყვარს, რადგან ჩემთვის ეს არის მხიარულების სიმბოლო პირველ რიგში...რაღაც ახლის დასაწყისია. სიმბოლო სიახლეების და იმედი უკეთესი მომავლის. ჩემთვის ახალი წელი ასოცირდება სინათლესთან, - ღამეში!

მას თან ახლავს სიხარულს, ბედნიერებისა და სიყვარულის ემოცია. ველი, რომ ის ცუდი რაც წინა წელს იყო ჯადოსნურად გაქრება.

იმედი მაქვს ადამიანები უფრო დაუდგებიან ერთმანეთს გვერდში. ასევე ველი, რომ ჩემი ქვეყანა ამოვა ამ კრიზისიდან და ყველაფერი კარგად იქნება.

 

მარიამ ზურაბაშვილი - თარჯიმანი

ახალი წელი ჩემთვის ბედნიერებას ნიშნავს... დიახ, ბედნიერებას... მთელი ოჯახის ერთად შეკრების, მეგობრებთან სტუმრობის, ბევრი თბილი სიტყვებისა და ჩახუტებების ბედნიერებას... რაც არ უნდა გავიზარდო ახალ წელს ყოველთვის მაინც პატარა ბავშვივით ვხვდები, ნაძვის ხის მოსართავებში ვიკარგები, ათასჯერ ნანახ საახალწლო ფილმებს ხელახლა ვუყურებ და ბოლო ხმაზე საახალწლო სიმღერებს ვუსმენ. ხოდა ბავშვური სიხარულის, ენერგიისა და ხალისის ბედნიერებაც არის ახალი წელი...

 

ახალი წელი საქართველოსთან ასოცირდება... მთელი ბავშვობა ისტორიულ ჰერეთში, საინგილოში გავატარე, ჩემს ოჯახში ყველა ახალი წლის სუფრას ამშვენებდა დედას მომზადებული ტრადიციული ქართული კერძები საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელა... მეზობლები და ახლობლები ამ კერძების დასაგემოვნებლად მოდიოდნენ და ხშირად მესმოდა "ისეთი გემრიელია როგორიც საქართველოში ვჭამე", "ამას რომ ვჭამ თავი საქართველოში მგონია" და ა.შ. ამიტომაც ახალი წელი ჩემთვის საქართველოსთან, ყველაფერ ქართულთან ასოცირდება...

 

ემოცია - სიყვარულის - ამ პერიოდში ყველა და ყველაფერი მიყვარს (სხვა დროსაც, მაგრამ ამ პერიოდში ათასმაგად), სიხარულს - ყველა საჩუქარი, ყველა თბილი სიტყვა უსაზღვროდ მახარებს, ბედნიერებას - ახალი წელი ხომ ახალი იმედების, ახალი მოლოდინების წელია, რატომ არ უნდა იყო ბედნიერი? და მონატრებას - ყოველთვის მინდა, რომ ახალ წელს ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, ყველანი ერთად ვხვდებოდეთ რაც შეუძლებელია, ყოველთვის არის ვიღაც შორს რომელიც უზომოდ გენატრება...

 

მოლოდინი - ყოველ წელს ჯიუტად ველი სასწაულს რაღაც დიდს, რაღაც უჩვეულოს, რაღაც განსაკუთრებულს, რომელიც ახალი წლის ღამეს ხდება და მთელ შენს ცხოვრებას ცვლის... ამის იმედს არასოდეს ვკარგავ და მჯერა აუცილებლად მოხდება...

წაკითხვა 2948 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 01 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.