ნამახვანიჰესზე მედიაციაში ევროკავშირი ერთვება

ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.

გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრაზე ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან, რომელიც ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის.

 

შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომლის დროსაც მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს და ხაზი გაუსვეს კონსენსუსის მიღწევის პროცესში აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილულ იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა.

 

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

 

ცნობისთვის, დღევანდელ ონლაინ შეხვედრას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და ნამახვანიჰესის პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს.

წაკითხვა 253 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.