„ასეთ გარემოში ჩვენ ვერ მივაღწევდით გამარჯვებას!“ - სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი შესრულდა.სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

 

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

 

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

 

image 750x 5d97173e0d23b

 

სოხუმის დაცემის დღე FirstNews.ge-თან საუბარში თავდაცვის სამინისტროს ვეტერანმა, მაიორმა არჩილ ელბაქიძემ გაიხსენა:

 

- მშობლიური ქალაქის დატოვება, საშინელი გრძნობაა, თავს დამცირებულად გრძნობ, სრულიად უძლური ხარ, სიბრაზის და შურისძიების სურვილი გაქვს. ტოვებ ქალაქს სამხედრო ფორმით და თან სახლის გასაღები გაქვს, რომელსაც არავითარი ფუნქცია არ გააჩნია. თავს იმაგრებ, რადგან შენზე უფრო უძლურები - მოხუცები, ავადმყოფები, დაჭრილები და ბავშვები ტოვებენ ქალაქს. ჩვენ ქალაქს 13 თვის განმავლობაში ვიცავდით. მტრის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც ვერ იღებს აფხაზეთის დედაქალაქს.

 

1993 წლის 27 ივლისს მხარეებმა მოაწერეს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას, რის შემდეგ მოხდა მხარეთა შორის დაშორება 12 კილომეტრით, სამშვიდობო ძალების სახით შუაში ჩადგნენ რუსი სამხედროები. უკვე მერამდენედ საქართველო შეიყვანეს შეცდომაში და 27 ივლისს, მოწინააღმდეგემ ვერაგულად დაარღვია სამშვიდობო ხელშეკრულება და მოულოდნელად განაახლა საომარი მოქმედებები. ქალაქი კიდევ 10 დღე იცავდა თავს. ყველამ ვიცოდით, რომ სოხუმის დაცემა, ნიშნავდა მთელ აფხაზეთის დაცემას. ასეც მოხდა. ეს დღე ჩემთვის დიდი ტრაგედიის დღეა.

 

- რა ემოციები დაგიტოვათ?


- რა ემოციები დაგვიტოვა!. თაობების მიერ შექმნილი სახლის დაკარგვა, მეგობრები, გარემოცვა, საფლავები, წლების მიერ შექმნილი ყველაფერი ფუჭად მიდის.

 

12094774 513837275450152 2317584680118586051 o 1024x679

 

- რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს საქართველოს ისტორიაში?


- ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ ერთი ტრაგიკული, როცა ერი თავისი დაქსაქსულობით და შიდა დაპირისპირებით მიდის ტრაგედიამდე. ასეთ გარემოში ჩვენ ვერ მივაღწევდით გამარჯვებას! მაგალითია ისტორიისათვის.

 

- რა შეცდომები იქნა დაშვებული იმ დროს?


- მთავარი შეცდომა, პირველ რიგში საომარი მოქმედებების დაწყება იყო, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. რომლებიც სრულად მოუმზადებლები შემოიჭრნენ აფხაზეთში, არც რუკები გააჩნდათ, არც სამხედრო ტაქტიკა და სტრატეგია. მეთაურები არ იყვნენ პროფესიონალები. მხოლოდ მოგვიანებით მოხდა სამხედრო სტრუქტურის დალაგება და დაწყობა, მას შემდეგ როცა მოწინააღმდეგეც მომზადებული დახვდა. ქვეყანა არ იყო მზად სამხედრო მოქმედებებისათვის, როცა არის შიდა დაპირისპირება, უძლურობა, უწესრიგობა და განუკითხაობა! ასეთ დროს წარმატება განწირულია, ასევე თავდაცვაში ყოფნა წარმატებას ვერ მოიტანს!

 

1993023AJ 1024x679

წაკითხვა 611 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 27 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.