May 2, 2024

“ეს ხელისუფლება სრულად გასულია კონტროლიდან და თვლის, რომ გაბატონებული კლასია”

“ნება მომეცით უპირველესად გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს მივუსამძიმრო. საშინელება მოხდა, შეძრული ვარ... უბედური შემთხვევისგან არავინ ვართ დაზღვეული, მაგრამ ახლა აშკარად სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე.

ეს არც ერთი ოჯახის უბედურება და არც ყოველდღიურობიდან ამოვარდნილი ერთი შემთხვევაა. სამწუხაროდ, დღევანდელმა მართვის სისტემამ თავისი თავი ამოწურა. დღეს “ქართული ოცნება” სრულად აკონტროლებს მთელ სახელისუფლებო სტრუქტურას, შესაბამისად, კორუფციის მასშტაბიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქართველოში “ნაციონალური მოძრაობიდან” მოყოლებული, ტენდერები იქცა კორუფციის ერთ-ერთ წყაროდ, სადაც ხდებოდა და ხდება საბიუჯეტო სახსრების მითვისება. პრობლემა კომპლექსურია. ორ თემას გამოვყოფ: პირველი - სამართლებრივად ვინ არის პასუხისმგებელი ამ უბედურებაზე, ანუ ვინ შეასრულა ტექნიკური სამუშაოები და მეორე - პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სანამ „ქართულ-ჯიგრული პონტი“ კანონზე მაღლა იდგება, მანამდე სულ ასეთ დღეში ვიქნებით... / “ეს ხელისუფლება სრულად გასულია კონტროლიდან და თვლის, რომ გაბატონებული კლასია”.

 

“მე ტექნიკურ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სათანადო ექსპერტიზა და გამოძიება სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების კისერზეა. ტენდერი, მასში გამარჯვებული საეჭვო წარსულის კომპანია, ასევე საექსპერტოდ შერჩეული ბიურო, ნამდვილად ბევრ კითხვას აჩენს. როცა ვამბობ ხელისუფლებამ თავისი თავი ამოწურა-მეთქი, გეტყვით, რასაც ვგულისხმობ. ბოლო 30 წლის განმავლობაში დაახლოებით ასეთი ვითარება გვაქვს - ხელისუფლებაში მოსული ძალა ჯერ კოალიციურად მართავს ქვეყანას, რა დროსაც ქვეყანაში მეტ-ნაკლებად დემოკრატიული გარემო იქმნება, მერე მთავარი პოლიტიკური პარტია დანარჩენ კოალიციურ ძალებს იშორებს და იწყებს ერთპარტიულ მართვას. “ქართულმა ოცნებამ” 2016 წელს დაიწყო ამგვარ მონოლითად ჩამოყალიბება და 2020 წელს, ფაქტობრივად, ყველა დონეზე ხელისუფლება დააკომპლექტა არა მარტო თავისი ხალხით, არამედ მისი მონა-მორჩილი ადამიანებით, იმ პირებით, რომელთაც ძირითადად ფინანსური ინტერესები აქვთ. მესამე ვადით არჩეულ “ქართულ ოცნებას” უკვე აღარ ჰყავს მაკონტროლებელი და შესაბამისად, არც აღარაფერს დაგიდევთ. საბოლოოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს ტენდერებში უკანონოდ ფულის მოჭრას უპრეცედენტო მასშტაბი აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ატკატები” სად როგორ ხდება, ამის მტკიცებულება მე ვერ მექნება, მაგრამ არაოფიციალურად ყველამ ხომ ყველაფერი ვიცით - საქართველო პატარა ქვეყანაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, დიდწილად ვალდებული არიან სწორედ იმათთან, ვისთანაც “ატკატები” მიაქვთ, ანუ ფულს ვისაც უხდიან, და მერე რას როგორ გააკეთებენ, სულ ფეხზე ჰკიდიათ. სამწუხაროდ, ვფიქრობ, ეს არ იქნება უკანასკნელი ტრაგედია, რადგან ბევრი მიმართულებით იგივე კეთდება - სამუშაოს შემსრულებელი პასუხისმგებლობისგან თავისუფლად გრძნობს თავს მაშინ, როცა მისატანი მიაქვს იქ, სადაც “საჭიროა”. ტექნიკური ექსპერტიზა ჩატარდება და ყველაფერს ნახავენ, თუმცა შემიძლია ვივარაუდო, რომ ის მასალები და ელემენტები, რითაც ეს შადრევანი მუშაობს, არ შეესაბამება სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, გამოყენებულია იაფფასიანი მასალა, თუმცა ქაღალდზე სხვა ექნებათ გაფორმებული. ეს ხელისუფლება სრულად გასულია კონტროლიდან და თვლის, რომ გაბატონებული კლასია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ურთულესი ვითარებაა ქვეყანაში. როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ამბავში მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის, ეს ასეც იქნება, რადგან კალაძეს ან რომელიმე საქალაქო სამსახურის უფროსს პირადად არ ჩაუტარებია სარეაბილიტაციო სამუშაო, მაგრამ სწორედ მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია ის, თუ ვინ და როგორ მოიგო ტენდერი სარეაბილიტაციოდ თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად. აგერ, ავლაბრის მეტროსთან შენდება უზარმაზარი კორპუსი ყოველგვარი გენგეგმის გარეშე. ვინმე დაიჯერებს, რომ ვინც იმ კორპუსს აშენებს, შემთხვევითი მშენებელია, რომელმაც განცხადება შეიტანა და ასე მოიპოვა მშენებლობის უფლება? ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობაც. სანამ ჩვენში მიღებული დამოკიდებულება, რომ ქართულ, “ჯიგრულ პონტში” ახლობელს უნდა დაეხმარო და ასეთ შემთხვევაში კანონის დარღვევა პრობლემა არ არის, მანამ ამ დღეში ვიქნებით”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “ოპოზიცია ითხოვს, რომ კალაძემ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს...” - პასუხობს:

 

“ამ ქვეყნისთვის ცალკე პრობლემად იქცა ოპოზიცია. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია კალაძე როგორმე გადადგეს, მაგრამ ეს რას შეცვლის? გადადგება ის და მოვა სხვა. ეს სისტემურად რას გამოასწორებს, ან ამით თვითონ ოპოზიციისთვის რა შეიცვლება? კი ბატონო, გადადგეს, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოხსნის. მით უფრო, როდესაც ამაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლაპარაკობენ, ეს საზოგადოების ნაწილს ძალიან აღიზიანებს. საკუთარი მმართველობა და იმ დროს ჩატარებული ტენდერები გაიხსენონ... ჯერ არ დაგვვიწყებია, რომ იმჟამინდელ პროექტებსაც არ ჩაუვლია უმსხვერპლოდ. თუმცა, როგორც წესი, ჩვენთან ხომ საკუთარ თვალში დირესაც ვერ ხედავენ. შენიანი თუ არღვევს კანონს, არა უშავს, მაგრამ ეს მიუღებელია, სხვა თუ დაარღვევს. აი, ასეთი მრუდე დამოკიდებულება აქვთ. ამგვარი მიდგომა ჩვენს საზოგადოებაში არა და არ მოისპო, რაც ქვეყნის განვითარებას ძალიან აფერხებს”.

 

“რაც შეეხება გიორგი ვაშაძის გეგმას დასავლური ორიენტაციის, ფართო ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებ, თეორიულად ამგვარი რესურსი ნამდვილად არსებობს, მაგრამ რამდენად მოხერხდება ამის რეალობად ქცევა, რთული სათქმელია. ბატონი ვაშაძე ძალიან აქტიური ადამიანია, მუდმივად ეკრანზეა, რაღაც იდეებს ისვრის, მაგრამ პოლიტიკოსი მარტო კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ რასაც ამბობს, იმის ნაწილის შესრულება მაინც უნდა შეეძლოს. სიმართლე გითხრათ, ვაშაძე რატომ უნდა ლაპარაკობდეს დიდ გაერთიანებაზე, არ ვიცი, იქნებ ჯობს ჩაიხედოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებში და ნახოს, რა მხარდაჭერა მიიღო. პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა ასეთი ინიციატივით გამოდიხარ, სულ ცოტა, საკუთარი შესაძლებლობები ხომ უნდა გქონდეს გაანალიზებული. იმისა არ იყოს, მრავალათასიან აქციებს რომ აანონსებენ ხოლმე, არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რუსთაველზე 20 კაცს ძლივს შეკრებენ. ვაშაძე ექსპერტი ხომ არ არის, იდეები რომ შესთავაზოს ვინმეს, პოლიტიკოსია, რომელმაც საჯარო განცხადებების გაკეთებამდე ჯერ უნდა მოსინჯოს ესა თუ ის ინიციატივა. ამგვარად წამოსროლილი განცხადებები ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს”, - ამტკიცებს ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ჩემი აზრით, გაერთიანებები აუცილებელია, მაგრამ მანამდე ელექტორატი უნდა გაანალიზდეს კარგად. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამომრჩეველი დაყოფილია სამ ნაწილად: 1. “ქართული ოცნების” მომხრეები; 2. “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები; 3. ელექტორატის ნაწილი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩევლის 2/3 ოპოზიციურია, მაგრამ ეს ხალხი საარჩევნოდ საით წავა, ესაა საკითხავი. დღემდე მნიშვნელოვანი ნაწილი “ქართული ოცნებისკენ” მიდიოდა, ნაწილი სულ არ მიდიოდა არჩევნებზე. მთავარია, მოხერხდეს ისეთი გაერთიანების შექმნა, რომელიც ამ ამომრჩეველს, რომელსაც არც “ნაციონალური მოძრაობა” უნდა და აღარც “ქართული ოცნება”, თავისკენ გადაიბირებს. გარდა ამისა, ოპოზიციას აქვს სხვა პრობლემებიც, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების. ოპოზიციაში არიან პირები, გვარებს არ დავასახელებ, რომელთა შესახებ ელექტორატის აზრი ჩამოყალიბებულია და მათ აქტიურობას უფრო მეტი ნეგატივი მოაქვს, ვიდრე პოზიტივი. თუ ქვეყნის ინტერესებზეა ლაპარაკი, ეს ყველაფერი უნდა გაანალიზდეს და გადაწყვეტილებებიც შემდგომ მიიღონ. ბევრი რამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პატარა პარტიებს შეექმნათ გაერთიანება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

 

“აშკარად ჩანს, რომ მომავალ არჩევნებში ხელისუფლება 2 მიმართულებით იბრძოლებს: იქნება “ქართული ოცნება” და იქნება ეს ე.წ. “ხალხის ძალა”, რომელსაც პარტიად ჩამოაყალიბებენ და შეეცდებიან პრორუსული ელექტორატი, რომელიც აქამდე “პატრიოტთა ალიანსის” თუ “ალტ-ინფოს” მხარდამჭერი იყო, საკუთარ ყულაბაში მიითვალონ, რადგან პროპორციულ არჩევნებში აღარ აქვთ მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შანსი. აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ უკავშირდება საქართველოს. იქ როგორც კი დასრულდება საომარი მოქმედებები და რაღაც გადაწყდება, ეს სარკისებურად აირეკლება საქართველოში არსებულ ვითარებაზე. რუსეთს ისე უჭირს, რომ გამარჯვების შანსი ნაკლებად აქვს, მაგრამ თეორიულად თუ დავუშვებთ რუსეთის უპირატესობას, ჩათვალეთ, რომ საქართველო რჩება რუსულ ორბიტაზე. მეტიც, შეიძლება ეს მთელ სამხრეთ კავკასიაზეც გავრცელდეს. თუ პირიქით მოხდა, მაშინ “ქართულმა ოცნებამ” ახლავე უნდა ეძებოს თავშესაფარი”, - ამბობს ექსპერტი.

 

“რაც უფრო ცუდად მიდის საქმე ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ, მით უფრო კატეგორიული ხდება დასავლეთი. შესაბამისად, მეტად ანტიდასავლური ხდება “ოცნების” რიტორიკაც. ევროსაბჭოს რეზოლუციაზე “შეაპარესო” მაგარი ნათქვამია. გამოდის, ევროპარლამენტში ხალხს სძინავს. თუ ასე მარტივია თვითონაც “შეაპარონ” მაგათი მხარდამჭერი ჩანაწერები ევროპარლამენტს. თავის გასამართლებლად “ქართული ოცნების” ლიდერები უკვე ყველაფერს კადრულობენ... მათ ხელისუფლებას დღეს არაფერი ემუქრება, დასავლეთი იძულებულია გაუწიოს ანგარიში და ჩვენი ხელისუფლება მიიწვიოს ყველა მნიშვნელოვან ფორუმზე, თუმცა დასავლელი პარტნიორების კილო სულ უფრო მკაცრი ხდება. დღეს საქართველოს, და არა მარტო ჩვენი, ბედი წყდება კიევში. ეს მშვენივრად იციან “ქართულ ოცნებაშიც” და ცდილობენ გაჰყვნენ დინებას, იმედი აქვთ, რომ სიტუაციურად იმოქმედებენ და თავს ასე გადაირჩენენ. რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, მიმაჩნია, რომ სულ ცოტა 2024 წლამდე სააკაშვილი სჭირდებათ საქართველოში. თუ მის ჯანმრთელობას მართლაც სერიოზული საფრთხე არ დაემუქრა, ვფიქრობ, მას ქვეყნიდან არ გაუშვებენ. პირადად მე არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის ისე წარმოჩენას, თითქოს დამნაშავე არ არის და ტყუილად ზის ციხეში, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ მის გათავისუფლებას არ ვეწინააღმდეგები”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 158 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.