April 29, 2024

"შეუძლებელია თან წამოიღო სინამდვილე" - დღეს აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელ კოჩარის აღებიდან 30 წელი გავიდა

დღეს აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი სოფელ კოჩარის აღებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს სოციალურ ქსელში ფსიქოთერაპევტი, ფილოსოფიის მაგისტრი ალექსი კვატანია იხსენებს:

"როცა კოჩარა დავტოვეთ მე 14 წლის ვიყავი. იმ საღამოს არ მეგონა რომ სამუდამოდ ვტოვებდი ჩვეულ სამყაროს. არ მეგონა რომ ეს იყო იმ არაჩვეულებრივი ეპოქის დასასრული.

 

ვაჟას "მოსკვიჩს" მივაბით თამაზის ლადა, ჩავსხედით და წამოვედით. სურათებიც არ წამოგვიღია. გვეგონა სამი დღით ვტოვებდით იქაურობას და სურათების წამოღება არ მივიჩნიეთ საჭიროდ.

 

ძნელია იმის დაშვება რომ ვერასოდეს ნახავ შენს ოთახს, შენს ლოგინს, წიგნებს, ვერ დაჯდები შენს ბუხართან და ვერ მიეცემი ფიქრებს მოგიზგიზე ნაკვერცხლებით მოჯადოებული.

 

ადამიანს მილიონი უხილავი ძაფი აკავშირებს იმ ადგილთან, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. ძნელია იფიქრო იმის შესახებ რომ ახლა ამ წუთას ყველა ეს ძაფი წყდება და შენ კარგავ საკუთარ თავს.

 

შეუძლებელია თან წამოიღო სინამდვილე. სახლის კედლებს მანქანაში ვერ ჩააწყობ, ჩემოდანში ვერ ჩადებ ეზოს, სიმინდის ყანას, ლეღვის ხეს. ამიტომ უფრო იოლია დაიჯერო იმისა რომ კიდევ მოგეცემა შანსი დაუბრუნდე აქაურობას.


მახსოვს ვალიკო ბაბუ მოგვეხვია მე და თემურის და იტირა. ალბათ გრძნობდა, რომ ეს იყო ჩვენი ერთადყოფნის ბოლო წუთები.

ამდენი რამის დატოვება შეუძლებელია. ამიტომ ადამიანის სული რჩება იქ სადაც ის ბედნიერი იყო, ობოლი ხორცი კი გარბის და თავშესაფარს ეძებს.

მახსოვს ძალიან ბნელი ღამე იყო და თითქოს ამ სიბნელეში იძირებოდა ძველი, ტკბილი სამყარო. თითქოს იმ საღამოს უკანასკნელად ჩაესვენა მზე და სამუდამოდ ჩაქრა.

 

წარსული დაემსგავსა კოლექტიურ სიზმარს, რომლის გახსენებასაც ზოგჯერ პოსტების მეშვეობით ვცდილობთ.

 

ის სინამდვილე გაქრა და ჩვენში დატოვა ნაკვალევი. ის სინამდვილე იყო ძალიან დიდი და იმდენად ტკბილი, რომ მისი გახსენება დღესაც, ოცდაათი წლის შემდეგაც იწვევს ცოცხალ სიხარულს და გვჩუქნის არაჩვეულებრივ სითბოს.

 

სინამდვილეს ვერ ჩაიდებ ზურგჩანთაში, მიცვალებულებს ვერ ამოთხრი და ვერ მოიდებ ზურგზე, ბულბულის სტვენას ვერ წაიღებ თან და ეს ყველაფერი ხშირად მოგაწვება ხოლმე უკიდეგანო სევდის ოკეანედ, რომელსაც ვერც გადაცურავ და ვერც გადაახტები.

 

ზოგჯერ უბრალოდ დადგები ენგურის ნაპირზე დადუმებული და შურის თვალით უცქერ ბუმბერაზი ღრუბლების ქარავანს, მოუსვენარი ქარი არხეინად რომ მიერეკება იქითკენ, სადაც დარჩა გული.

 

იქითკენ, სადაც წევს ვალიკო ბაბუ და მრავალი სხვა ძვირფასი და საყვარელი ადამიანი. იქითკენ სადაც უკაცრიელი დუმს ჩვენი საყვარელი კოჩარა, ოდესღაც კოხტა, პატარძალივით ლამაზი და კეკლუცი სოფელი.

 

იქითკენ, სადაც ცხენისწყალი ფუსფუსით ეფერება ნორჩ წვერენჯიას, - წერს ალექსი კვატანია.

წაკითხვა 1007 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.