ნუმეროლოგია, ფსიქოლოგია და ასტროლოგია - ლამზირა ხაჭაპურიძის საავტორო კურსი -„წაიკითხე შენი ბედი“

"სამყაროს რიცხვები მართავენ", - პითაგორა ნუმეროლოგია ერთ-ერთი უძველესი ეზოთერული სფეროა რიცხვების შესახებ. ზოგჯერ მას "ციფრების მაგიასაც" უწოდებენ, თუმცა ასტროლოგიასთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე მაგიასთან.

ასტროლოგიასთან ერთად ეს არის მეტაფიზიკური მეცნიერება, რომელიც სწავლობს რიცხვების გავლენას ადამიანზე, ეხმარება მათ ცხოვრებისეული მიზნების განსაზღვრაში, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, უარყოფითისგან გათავისუფლებაში, სასიყვარულო ურთიერთობის წარმართვაში. ნუმეროლოგია განსაკუთრებულ ცოდნასა და პრაქტიკებს მოითხოვს.


ამ დარგის ერთ-ერთი სპეციალისტი ლამზირა ხაჭაპურიძეა, რომელსაც FirstNews.ge ესაუბრა.

 

- მოგვიყევით თქვენს შესახებ...

 

- დავიბადე 1963 წელს, 7 ნოემბერს, ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში. იქ დავამთავრე სკოლა და შემდეგ სწავლა ქუთაისში გავაგრძელე. 1989 წელს უკვე ვიყავი დაოჯახებული და შვილი მყავდა. მოულოდნელად ჩემი „ბედის ბორბალი“ დატრიალდა და რუსეთში, პეტერბურგში წავედი. იქ დავიწყე სწავლა და დავამთავრე საზღვაო აკადემია ეკონომიკისა და მენეჯმენტის განხრით, ასევე, მეორე პროფესიად იურიდიული ავირჩიე, რადგან ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო ამ სფეროების ურთიერთკავშირი.


პარალელურად, პეტერბურგში ნელ-ნელა ავაშენე საკუთარი ბიზნესი, პატარა პორტი. ქართველები როდესაც საზღვრებს გარეთ მივდივართ, რატომღაც მეტად წარმატებულები ვხვდებით.


- უფრო კონკრეტულად მოგვიყევით თქვენს საქმიანობასა და პორტზე?


- ეს არის საქმე, სადაც ხდება საზღვაო გემების დაცლა ან დატვირთვა. ეს არის ლოჯისტიკა, რადგან ეკონომისტი ვარ და საზღვაო თემა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. დიპლომიც სწორედ „საერთაშორისო გადატვირთვებზე“ დავიცავი.


უკვე 2 წელია საქართველოში ვარ. ეს ალბათ ერთგვარი წინათგრძნობაც იყო (რუსეთ უკრაინის ომს ვგულისხმობ). ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სულს ასე ძლიერ ენდომებოდა საქართველოში დაბრუნება. ემიგრაცია პირველ რიგში სულის დამანგრეველი მდგომარეობაა. ამ დროს აუცილებლად უნდა დატოვო კომფორტის ზონა და უნდა ჩახვიდე იქ, სადაც შენი ფესვებია.

 

ეს გამოძახილი პრაქტიკულად სულ იყო, მაშინაც კი, როცა აქედან მივდიოდით. მაგრამ, იმიტომ გავხდი ასეთი სპეციალისტი, რომ ადამიანის ციკლი ყოველთვის ბრუნავს, ეს ცხოვრებაა.


პეტერბურგში, ქართველები ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. გვყავს ჩვენი ქართველი მამაო რომანოზი, რომელთანაც უთბილესი დამოკიდებულება და ურთიერთობა გვქონდა. როცა ის წამოვიდა საქართველოში ვეუბნებოდი, რომ აღარ დაბრუნებულიყო ემიგრაციაში. მასაც აღარ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ საჭირო იყო ეს გაეკეთებინა, რადგან ვერ დატოვებდა მრევლს და ა.შ. ის პეტერბურგში გარდაიცვალა და საქართველოში ჩამოვასვენეთ.


მინდა მომენტით ვისარგებლო და მოვუწოდო ემიგრანტებს, რომ ჩამოდით, დაბრუნდით სანამ ცოცხლები ხართ. არ შეიძლება მკვდრის ტარება ერთი ქვეყნიდან მეორეში,რადგან ეს იწვევს სულის განცდებს და ნიშნავს, რომ სულმა ამოცანა ვერ შეასრულა. ეს არის სულიერი განცდის ძალიან დიდი დატვირთვა.

 

ბიზნესი, პირადი, უნივერსიტეტები, სკოლა, - ეს ყველაფერი გავიარე, დავამთავრე, ვისწავლე, მაგრამ სულ მაწუხებდა კითხვა, - თუ რისთვის ვსწავლობდი, რატომ წამოვედი საქართველოდან. მაქვს ძალიან დიდი, მტკივნეული პირადი ისტორია, რომელსაც არასდროს ვმალავ. სწორედ პირადი ურთიერთობების დიდი გარდამტეხი მომენტები და პირადი ცხოვრების დამსხვრევის გარეშე ადამიანი, როგორც პერსონა ვერ შედგება. საკუთარი თავი ჯერ უნდა დაამსხვრიო და მერე აუცილებლად უნდა აკრიბო ლამაზად, იმისათვის რომ რაიმეს წარმოადგენდე. ეს არის ჩემი გზა. ბავშვობაც ძალიან ტრავმული მქონდა. გული ცუდად მიხდება, როცა ვხედავ. როგორ ექცევიან ბავშვებს მშობლები. არის ისტორიები საგვარეულოებში და ოჯახებში, სადაც ტრავმირებული და ტრაგიკულად აღზრდილი ბავშვების თვალებში იკითხება.


სანამ ჩემი თვალები გაბრწყინდებოდა, ბევრი ვიშრომე. ძალიან ვეჭიდები ამ თემას, რომ ახალგაზრდა თაობას ძალიან სჭირდება გაცნობიერებული და გვერდით მდგომი მშობლები და არა მასწავლებლები. ისინი თვითონ გვასწავლიან. ჩახედეთ შვილებს თვალებში! მიტოვებული ორი თაობა, ამდენი ტრაგიკულად მოხეტიალე სული, რომლებიც ეძებენ მშობლებს, - დიდი უბედურებაა.

 

327592138 529124712532822 2747956725781022804 n


- როდის და რატომ დაბრუნდით საქართველოში?

 

- 2017 წელს, როცა უკვე ძალიან მაწუხებდა დაბრუნების სურვილი, დავიწყე მუშაობა ამ თემაზე, გავეცანი რა ყოფილა თურმე საგვარეულო და კარმა. რას ნიშნავდა ისტორიული განმეორებები საგვარეულოში, ჩემი ბავშვობის ტრაგედია, როგორ მოქმედებდა ჩემზე და როგორ ჩაიწერა ეს დროის ფირზე. მაშინ დავინახე, რომ ეს ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს გადაეცათ და სწორედ ამან გამოიწვია ინტერესი ჩემი ახლანდელი პროფესიისადმი.


გავაცნობიერე რომ იქ პეტერბურგში წავედი, ავაწყე და ავაშენე იმპერია, მაგრამ ეს არ მაბედნიერებდა. ეს იყო დანაშაულის გრძნობებზე აშენებული იმპერია მშობლებისა და საგვარეულოს წინაშე, იმისთვის, რომ ვიღაცისთვის რაღაც უნდა დამემტკიცებინა.


ახლა რომ მკითხოთ გავიმეორებდი თუ არა იმავეს, გეტყვით რომ დიახ, რადგან მივიღე გამოცდილება. ამით საკუთარ თავს ვუშველე, შევიცანი თუ ვინ ვარ, რატომ ვარ, რისთვის ვარ და რას დავტოვებ ჩემს შემდეგ. ვინ არიან ჩემი შვილები და შვილიშვილები და რატომ უნდა ატარონ მათ ჩემი შიშები?!


ყოველ წელს საქართველოში დავდიოდი, მაგრამ იყო კიდევ რაღაც ამოუცნობი. ეს არის ის, რასაც ჰქვია ღერძი, რაც ამოძრავებს ადამიანს. ეს არის ბედის მამოძრავებელი ღერძი, როგორც ხეს ფესვები, რადგან ხის შტო ისე ვერ გაჩნდება, თუ მას ფესვი არ აქვს, იქიდან იღებს წყალს და სასიცოცხლო ენერგიას. ეს ღერძი ადამიანს მოსდის გამოცდილებითა და დაგროვებული ცოდნით, რომელსაც აღვივებს და შემდეგ უნდა გასცეს.


აღმოჩნდა, რომ ჩემი არსი სამშობლოს მსახურება, გენეტიკა, სამშობლო, ისტორია, გენეოლოგია. პრაქტიკულად ეს ყველა ის თემაა, რომლითაც მე დიდი ხანია დაკავებული ვარ.


- თქვენი საავტორო კურსის შესახებ გვიამბეთ, რა მიზანს ემსახურება?


„წაიკითხე შენი ბედი“ - ეს ჩემი საავტორო კურსია. როდესაც პირადად დავიწყე კითხვა ამ მასალის, ვიფიქრე, თუ რამხელა ინსტრუმენტი მაქვს ხელთ, როგორ სჭირდება და დაეხმარება ადამიანებს, რომლებიც ჩემსავით ეძებენ. ყველა ადამიანი ერთნაირია, არ არსებობს მეტი და ნაკლები. ჩვენ ვმოძრაობთ დედამიწის მატრიცაში.


დავიწყე სიღრმისეული ძიება, თუ რატომ არის და რას ნიშნავს ეს შვიდი თაობა. ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს. ჩემს დაბადების თარიღშიც ასეა გაშიფრული, რომ სიღრმისეულად უნდა ჩავწვდე, რაც ჩემმა ფსიქიკამ აღიქვა და რაც მაინტერესებს.


მეცხრე და მეშვიდე ბაბუა ვიცი ორივე მხრიდან. საიდან არიან, რა ხდებოდა ისტორიებში, მერე დედ-მამასთან რომ დავაკვირდი, მივხვდი რა, სად განმეორდა ჩემში. აი, სწორედ ასეთი დაკვირვებებით და მიღებული ცოდნით შევადგინე ჩემი საკუთარი პროგრამა, სადაც ჩართული მაქვს ნუმეროლოგია, ფსიქოლოგია, ასტროლოგია. ასტროლოგია სულ ბოლო საფეხურია, რადგან ფსიქოლოგიასა და ნუმეროლოგიაში რაღაც ვერ მივიღე საკმარისი პასუხები და ის დავიხმარე.

 

Screenshot 5

 

- მოგვიყევით თქვენი მიღწევების შესახებ…

 

- 2017 წელს პირველად მიმიწვიეს „ქალთა საერთაშორისო“ ფესტივალზე საქართველოში ოსტატად თემაზე „საგვარეულო“.


2018 წელს დავიწყე გენოსკოპის-შვიდი თაობის ძიება და მისი ენერგია ჩვენში, აქ უკვე დამეხმარა ასტროლოგია.


2019 წელს მე საქართველოში ჩამოვიტანე გენოსკოპი და ამავე წელს მივიღე ტიტული „პერსონა“ ,საქართველოს პოპულარიზაციისთვის უცხოეთში.


მეამაყება, რომ პეტერბურგში ჩემი ცხოვრების პერიოდში სილამაზით ვატარე ჩემი სახელი, ჩემი ღირსება საქმისთვის და თავის დროზე წამოვედი ბიზნესიდან. ეს ყველას უკვირდა თუ როგორ გავყიდე ასეთი ბიზნესი. რაც მთავარია ჩემი მიგრაცია უკვე შედგა და ნელ-ნელა მომყვება მთელი ოჯახი.


ვფიქრობ, პეტერბურგში 33 წელი კარმულ მივლინებაში ვიყავი. ეს ციფრი 33 თვითონ არის მეშვიდე თაობის და კარმის პლანეტის სატურნის ერთი წრე. უბედნიერესი ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. აღვადგინე მუხურაში ჩვენი ეზო და ავაშენეთ ხის სახლი. უკვე ჩემი შვილებიც ყიდიან იქ ყველაფერს და აქ ჩამოდიან.


მინდა ვთქვა, რომ ცოდნა ძალიან ბევრია, მაგრამ რატომღაც ხშირად ადამიანს ურჩევნია კაბა იყიდოს ვიდრე ეს ცოდნა შეიძინოს. აქ უკვე მიჭირს გაგება. ვფიქრობ, რომ გარედან გაპრანჭვა აბსოლუტურად არ არის საჭირო, როცა შიგნით ხარ დალაგებული და აქ კაბა ვერ გიშველის.


ახლა ვარეგისტრირებ კურსს „ჩემი ფესვები“, სადაც ჩემი საავტორო კურსის სერტიფიკატი გაიცემა.


- რამდენ თვიანი იქნება ეს კურსი?


- ამ კურსს მე სხვადასხვა აუდიტორიაში განსხვავებულად ვატარებ. ვხვდები თუ როგორ წავიკითხო და მივაწვდინო, რათა შემდეგ გაიგოს, როგორც საგვარეულოს წარმომადგენელი, რომელიც მოვიდა ჩემთან და მან უნდა დაალაგოს მისი საგვარეულო. შემდეგ ჩვენ ვადგენთ ისეთ ფორმულებს, რომელსაც ადამიანი მოირგებს, რათა მან გაიგოს რა დაავალა საგვარეულომ და რისთვის მოვიდა ჩემთან. ეს იქნება პირველი სასერტიფიკატო სკოლა საქართველოში.

 

Screenshot 8

 

- ვინ არიან თქვენი მსმენელები?


- „საკმაოდ ცნობილი ხარ საქართველოში“ - ასე მეუბნებიან, როდესაც მომმართავენ. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ასაკის ადამიანი მომმართავს, რადგან ინტერესი საკმაოდ დიდია. არის რამდენიმე სატელევიზიო გადაცემა, სადაც სტუმრად ვიყავი მიწვეული. სოციალურ ქსელში მაქვს ჯგუფი „ფესვები“, ასევე სტატიები და მოთხოვნაც არის. საზოგადოებას აინტერესებს და მირეკავენ. ძალიან ბევრი ემიგრანტი მყავს. ისინი სრულიად მოწყვეტილნი არიან კომფორტის ზონას და სულიერად ძალიან უჭირთ. მათ ძალიან დიდ დახმარებას ვუწევ, იმის გაშიფვრითა და ახსნით თუ რატომ არიან ისინი ამა თუ იმ ქვეყანაში, ნახევრად ალაგებს მათ ფსიქიკას. ამასთან ერთად დამატებით ქალების წრეში ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ არტ თერაპიის სხვადასხვა მიმართულებას. ეს არის საღებავებით ხატვა, მეტაფორული ბარათები, მინერალები. პეტერბურგში გამოფენებიც მქონდა. მე დავიწყე ხატვა ისე, რომ არც ვიცოდი რას ვხატავდი. ეს იყო ძალიან დიდი თერაპია, შემდეგ აღმოჩნდა, რომ წინასწარმეტყველური რაღაცები დავხატე.

 

- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრეთ?

 

- მინდა გავაკეთო ცოდნის გადამცემი სკოლა, სადაც მინდა ვასწავლო ყველაფერი რაც მე ვიცი. გვეყოლება მოწვეული სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მინდა ასტროლოგია, გენეტიკა, გენოსკოპის ფსიქოლოგია, ნუმეროლოგია და ყველა ის თემა, რაც ემსახურება სულის სილამაზეს, განვითარებასა და დალაგებას , - ავწიო აკადემიურ დონეზე.


იქ, სადაც ახლა მე განათლება მივიღე საქმე აკადემიასთან მქონდა. არასოდეს მისწავლია ეს ყველაფერი უბრალოდ და სადღაც. შესაბამისად, ვიცი რომ ერთი და იმავე მიდგომას ვერ მოირგებ ყველა ადამიანთან. პერსონალური მიდგომა არის საჭირო, როგორც ოჯახურ სისტემასთან, ასევე ყველა ადამიანთან, რომ ისინი იყვნენ მეტად ბედნიერები, წარმატებულები, შემდგარნი, როგორც პირად ასევე კარიერულ ცხოვრებაში.

წაკითხვა 879 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 01 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.