"სიტუაცია უკვე კატასტროფულია" - რა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას უკრაინა და შავი ზღვის სანაპირო

6 ივნისს კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში ათობით დასახლება დაიტბორა. წყალდიდობის გამო 40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება მოშლილია. ბევრ ქალაქსა და სოფელში ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა მნიშვნელოვნად შეფერხებულია.

ამ დროისთვის ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 352 ადამიანი და 550-მდე ცხოველია ევაკუირებული.

 

რა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას უკრაინა და რა ემუქრება შავი ზღვის სანაპიროს? ამ საკითხებზე FirstNews.ge- ს "საქართელოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ესაუბრა:

 

- პირველ რიგში, დატბორვის არეალი საკმაოდ დიდია. მარცხენა და მარჯვენა სანაპირო ორივე დატბორილია. მარჯვენა მხარე უკრაინის მხარეა და მარცხენა - ასე ვთქვათ, რუსული მხარის. თვითონ კახოვკა რუსეთის კონტროლის ქვეშაა. აფეთქებამ ორივე სანაპიროს დატბორვა გამოიწვია. 40-მდე დასახლებული პუნქტია დატბორილი. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს წყალმა გამორეცხა, რაც კი შეიძლებოდა წამოეღო: ნარჩენები, ნავთობ პროდუქტები, ლეში. რელიეფიდან გამომდინარე ზაფხულის პერიოდში ალბათ ლპობა დაიწყება, თან ძალიან მკაფიო, საიდანაც მიკრობიოლოგიურ დაბინძურებას მივიღებთ. იქ სიტუაცია უკვე კატასტროფულია და ამის ლიკვიდირებას წლები დასჭირდება, რადგან ასე მარტივი არ იქნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ ზარალზე, რაც მოსახლეობას მიადგა. ამიტომ შედეგებს ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ვნახავთ. ფაქტი ერთია, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა და ეს მტკნარი წყალი, თავისი დაბინძურებით, დიდი რაოდენობით ახლა შავ ზღვაში ჩაედინება. როგორც ამბობენ საბრძოლო მასალებიც ქვემოთ არის ჩამოტანილი. ამიტომ სიტუაცია მაინცდამაინც სახარბიელო არა არის.

 

- წარმოადგენს თუ არა ეს ყველაფერი ჩვენი სანაპიროსთვის საფრთხეს?

- ჩვენი სანაპიროსთვის ჯერჯერობით ეს საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ შავ ზღვაში ცირკულაცია ხდება, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიდის ნაკადი. რაღაც პერიოდში მოტრიალდება. ზუსტად მაგის შედეგი იყო, როცა ბათუმში ნაღმი აფეთქდა. ჩვენ უნდა ველოდოთ, რაღაც დაბინძურება სანაპიროზეც მოხდება, თუმცა ჯერჯერობით არა. ამ სეზონს ნამდვილად გაგვატარებინებს და პრობლემა არ იქნება. მაგრამ, ნებისმიერ სიტუაციაში საქართველოს მხრიდან დაკვირვების სისტემა უნდა გაძლიერდეს, - რა მოხდება და როგორ იქნება. მტკნარი წყლის ნაკადი, რომელიც იქ შევიდა, კარგად ჩანს სად და როგორ მიდის.

 

- საქართველოს აქვს საშუალება იმის, რომ დააკვირდეს ამ მოვლენებს?

- დიახ, საქართველოს გააჩნია სპეციალური ლაბორატორიები. სინჯები დიდი სიხშირით უნდა ავიღოთ, მუდმივი კონტროლი უნდა გვქონდეს.

 

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ და საგანგებო სიტუაციების საკითხებში, განაცხადა, რომ უკრაინა კახოვკას კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ უაღრესად უარესი ჰუმანიტარული ვითარების წინაშე დგას, ვიდრე მანამდე.

მარტინ გრიფიტსის განცხადებით, კახოვკას კაშხლის განადგურების შემდეგ სუფთა სასმელი წყლის გარეშე დაახლოებით 700 000 ადამიანი დარჩა. ამასთან, მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან „პურის კალათაში“ გამოიწვევს „პრობლემების კასკადს“, მათ შორის მარცვლეულის ექსპორტის შემცირებას, სურსათის გაძვირებას მთელს მსოფლიოში და ნაკლებ საკვებს მილიონობით გაჭირვებულისთვის.

 

წაკითხვა 762 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.