May 17, 2024

„წარმატების მისაღწევად რწმენა, საკუთარ თავზე მუშაობა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, ყველაზე მნიშვნელოვანია“ - ბარბარე ნიშნიანიძე

„მომავალშიც ძალიან დიდი და განხორციელებადი გეგმები მაქვს, წინ განვითარებისკენ, როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ ჭრილში“ - ამის შესახებ Firstnews.ge-ს 25 წლის ბარბარე ნიშნიანიძე უყვება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს.

ქუთაისის მე-7 სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. როგორც ის გვიყვება, სწავლა მისი ცხოვრების თანამგზავრია?! მისი თქმით, წარმატების მიღწევისთვის: რწმენა, საკუთარ თავზე მუშაობა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

საკუთარი წარმატების შესახებ ის, უფრო დეტალურად ჩვენს ინტერვიუში საუბრობს :

 

- უნივერსიტეტის (ასევე წარმატებულად)დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ გერმანიაში გადავწყვიტე სრულიად ახალი ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა. ჩემი უმცროსი დის დიდი მხარდაჭერით ქალაქ შტუტგარტში ჩამოვედი. ჩემი და ჩემამდე გახლდათ ,,ოპერის” პროგრამით ჩამოსული გერმანიაში. თავდაპირველად მოხალისეობრივი პროგრამით დავიწყე გერმანიაში ჩემი კარიერული თავგადასავლები- ე.გ FSJ- Das Freiwillige Soziale Jahr. ვმუშაობდი შტუტგარტის ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ სკოლაში მასწავლებლის ასისტენტად. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ეს სკოლა- Helene Schoetle Schule, დაკომპლექტებული იყო ყველაზე რთული ფსიქო-ემოციური, გონებრივი თუ ფიზიკური შეზღუდვების მქონე 6-დან 17 წლამდე ბავშვებით. მინდა ვთქვა რომ საოცარი გამოცდილება მივიღე, როგორც ფსიქოლოგმა. ყოველ ჯერზე დაკვირვებას ვახორციელებდი და პროფესიული თვალით ვაფასებდი ბავშვების ქცევებს.

სკოლის მიერ დადგენილი მოვალეობების გარდა, ჩემი სურვილითა და მოტივაციით ვგეგმავდი სხვადასხვა სახის აქტივობას კონკრეტულ ბავშვთან, რომელიც ჩემს მეთვალყურეობის ქვეშ გახლდათ.

ერთი წელი სწრაფად და ნაყოფიერად დასრულდა მოხალისეობრივი პროგრამის საშუალებით. ამ დროის მანძილზე ვცდილობდი ენის უფრო მაღალ დონეს დავუფლებოდი, საკუთარ თავზე მუშაობა არ შემიწყვეტია.

 

22

 

- ერთი წლის შემდეგ როგორ გააგრძელეთ გზა წარმატებისკენ?

- ერთი წლის შემდეგ ჩემი საბუთები შტუტგარტის ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიულ სასწავლებელში გავაგზავნე, პროფესიაც ამავე სფეროში ავარჩიე, ვფიქრობდი ფსიქოლოგიასთან ძალიან ახლოს იყო და მეორად პროფესიად ძალიან გამომადგებოდა. ჰო და , დავიწყე მეორე წლის სექტემბრიდან Ludwig Schlaich Akademie-ში შშმ პირების აღმზრდელობით პროფესიაზე სწავლა. ჩემი პირველი და საინტერესო გამოცდილება იყო სწავლისა ევროპულ სამყაროში. თავდაპირველად შიში, რომ რაღაც ვერ გამომივიდოდა და ენის ბარიერის გამო ისეთი წარმატებული ვერ ვიქნებოდი,როგორიც საქართველოში, ჩემმა პირველმა 1-იანმა გერმანული ენის დოცენტისგან გააქარწყლა. უფრო მეტი მოტივაცია და თავდაჯერებულობა შემმატა, ერთ საგანს მეორე,მესამეს მეოთხე და ა.შ. მოჰყვებოდა. საბოლოოდ ეს წელიც წარჩინებულად დავასრულე და დოცენტების შემოთავაზება უფრო მაღალ დონეზე სწავლაზე დავიმსახურე. აი მაშინ ვთქვი, რომ მე გამომივიდა!

 

- რა სირთულეები შეგხვდათ გერმანიაში?

- არ ყოფილა მარტივი გერმანიაში 2 წლის გატარება, ძალიან ლამაზად ჩანს ჩემი ვიდეო თუ ფოტო კოლაჟებიდან ჩემი ღიმილი და ბედნიერი გამოხედვა, თუმცა ვერავინ ხედავს რა ხდება Backgroundshi… მუდმივ რეჟიმში ფხიზლად ყოფნა, საბუთებთან ურთიერთობა და გერმანულ რიტმში ცხოვრება თავდაპირველად ადვილი არ აღმოჩნდა… აქ ჩამოსულ სტუდენტებს ძალიან ბევრი დაბრკოლება თუ პრობლემა ხვდებათ, რომელთა გამკლავებაც სრულიად მარტო უწევთ. ბიუროკრატია, ხომ გერმანიის მთავარი დამახასიათებელი ელემენტია.

 

33

 

- აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

- მე ვთვლი იმ ადამიანად თავს რომელსაც უჭირს სტაბილიზება.. რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ სტაბილურობას არასტაბილურობა მირჩევნია, მუდმივი ზრდა და მრავალფეროვანი გამოცდილებები. ტიპური არაფერი მიყვარს, ატიპურობა უფრო მირჩევნია. მომავალშიც ძალიან დიდი და განხორციელებადი გეგმები მაქვს, წინ განვითარებისკენ, როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ ჭრილში. მოკლედ რომ ვთქვათ კიდევ რამდენიმე საფეხურის გავლას ვფიქრობ, როგორიცაა მაგალითად მაგისტრატურა და ა.შ და რაც მთავარია, საქართველო! შეუძლებელია განვვითარდე და ჩემი გამოცდილება ქართველ ბენეფიციარს არ გავუზიარო… ყოველთვის ვადევნებ თვალს გერმანიიდან ჩემს პროფესიაში განხორციელებულ ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოში… ძალიან მოხარული ვარ, თუმცა არის საკითხები,რასაც დეტალურად დავამუშავებდი და განვავითარებდი, ნუ ამის დროც მოვა.

 

- რას ურჩევდით საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს?

- ახალი თაობისთვის რჩევის მიცემა საკუთარი გამოცდილებით ძალიან რთულია, ობიექტური სუბიექტურ საკითხში ვერ ვიქნები, თუმცა შემიძლია ვუთხრა, რომ მთავარი საშუალება წარმატებისთვის მიზნის დასახვა და ამ მიზნისთვის სწრაფვაა, ასევე უნდა ახსოვდეთ,რომ დაცემის გარეშე ფეხს ვერ აიდგამენ… ეს ნორმალურია. რწმენა, საკუთარ თავზე მუშაობა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, ყველაზე მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ განვითარებაზე ფიქრი არ შეწყვიტოს ადამიანმა, ტვინს ხომ ინტენსიური ვარჯიში სჭირდება?! მოკლედ სათქმელს ჩემთვის საყვარელი ფრაზით გამოვხატავ: ,,დაიჭირე წამი!”

 

34

 

- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით...

- საბედნიეროდ, გერმანიას აქვს ძალიან კარგი შემოთავაზება სწავლისა და მუშაობის საკითხში. არის ასეთი სწავლების მეთოდი, 3 წლიანი პროგრამა, რომელსაც გერმანულად Ausbildung-ი ჰქვია, რაც მოიცავს სწავლას კონკრეტული პროფესიისას და ამ პროფესიის პრაქტიკაში გამოყენებას, რაც ნიშნავს იმას რომ სწავლობ იმას,რაც შენი სამსახურისთვის მნიშვნელოვანი და რელევანტურია. სწორედ ამიტომ ავირჩიე გერმანია. მაძლევს საშუალებას ავიმაღლო როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა. სამი წლის განმავლობაში კი ვიღებ ხელფასს საარსებო ხარჯებისთვის. მართალია, სამშობლოდან ძალიან შორს ცხოვრება, დამოუკიდებლად ადაპტირება უცხო ქვეყანაში თავდაპირველად რთულია, თუმცა თანდათან თითქოსდა სრულუფლებიანი წევრი ხდები აქაური საზოგადოებისა. ეს პროგრამა ასევე საშუალებას იძლევა მულტიკულტურული სოციუმის გაცნობისა, მრავალმხრივი გამოცდილებისა და კიდევ უფრო სხვაგვარად საკუთარი თავის წარმოჩენისა და დანახვისა.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 772 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 24 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.