May 17, 2024

"ეკრანზე თითის დაწკაპუნებით რომ ვიღებთ პროდუქტს, რეალურად მის უკან დიდი შრომა იმალება" - ერთი დღე კურიერად

დღეს თბილისში საკურიერო სერვისში 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კურიერების უმრავლესობა 22-35 წლამდე ასაკისაა. მათი შემოსავალი თითო შეკვეთაზე საშუალოდ 3 ლარია და დღე-ღამეში 12 საათამდე მუშაობენ.

საქართველოში ახალგაზრდებისთვის კურიერის საქმიანობა თანდათან პოპულარული ხდება. საინტერესოა, რა გზას გადის პროდუქტი, სანამ ჩვენს კარებთან აღმოჩნდება. ამიტომ გადავწყვიტე, ერთი დღე მემუშავა კურიერად და უფრო ახლოდან გამეცნო მათი შრომა. საღამოს 9 საათზე გამოვაყენე ფარეხიდან ველოსიპედი, დავრეგისტრირდი აპლიკაციაზე, მივიღე პირველი შეკვეთა და დაიწყო ჩემი თავგადასავალი.

 

პირველი დაბრკოლება დროის სწორად გამოყენებაა, რაც რთულია საცობების გამო, თან ამას ემატება პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიმართ და ის დისკომფორტი, რომელსაც მართვისას ზურგზე მოკიდებული ჩანთის გამო ვგრძნობ. მივედი მაკდონალდის რესტორანთან, ჩანთაში ფაქიზად მოვათავსე პროდუქტი, რათა ერთმანეთში არ აზელილიყო, რაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა. გამიმართლა, რადგან შორს არ მიწევდა წასვლა. მგზავრობის დროს ყურადღებით უნდა იყო გზაზე, დაძაბულმა უნდა ატარო, რათა პროდუქტი არ დაზიანდეს და არც უნდა დაიგვიანო. აგრეთვე, აპლიკაციაზე უნდა აღნიშნო შენი გადაადგილება იმისათვის, რომ შემკვეთმა თვალი გადევნოს.

 

შეკვეთის დატოვების შემდეგ ეს საქმიანობა უფრო აზარტული გახდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის პირველი დღეა და ვისთვისაც რუტინაა, იმათ მობეზრებული ექნებათ. მეორე შეკვეთის წაღება ცოტა შორს მდებარე ობიექტზე მომიწია და სანამ ნომერს ველოდებოდი, გავიცანი რიგში მყოფი კურიერი, ვიხელთე დრო და გავესაუბრე.

 

„მუშაობა ორი წლის წინ დავიწყე, რათა შეყვარებულის საჩუქრისთვის ფული მომეგროვებინა. მიწევდა ქარსა და წვიმაში სიარული, თან მოტოციკლეტიც ხელს არ მიწყობდა, ვინაიდან ხშირად სრიალებდა გზაზე, მაგრამ მეოთხე კურსელისთვის ხელსაყრელი სამუშაო გრაფიკია, თან მომგებიანია, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთ კვირაში 200-300 ლარამდე გამომიმუშავებია, განსაკუთრებით მაშინ თუ „ჩაის“ ფულსაც მიტოვებენ.

 

იმდენი ნაცნობი მსახიობი ან მომღერალი შემხვედრია კურიერად, მეც კი შოკში ვყოფილვარ, განსაკუთრებით, პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი გაჩერებული იყო. ბარმენები და ხელოვანი ხალხი ამით ირჩენდა თავს. ზოგი ფეხით დადიოდა და ზამთარში მომგებიანი საქმეა, რადგან სიცივეა, გარეთ გასვლა ან სადმე დასხდომა ეზარებათ. განსაკუთრებით ღამის პირველი საათია პიკი, მაგ დროს იმატებს შეკვეთები, ნათელია, ამ საქმიანობით ვერ გამდიდრდები, მხოლოდ დროებითია, ამას სჯობს რაიმე სახის ხელობა ისწავლო და გზა გაიკვალო შენი პროფესიით.“


„ჩაის“ თანხა კი ნამდვილად ერთ-ერთი პრობლემა იყო ჩემთვისაც, დამატებითი გასამრჯელო არავის არ დაუტოვებია, რაც მიუთითებს ამ სფეროს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. დამიჯერეთ, ჩვენგან დატოვებული ერთი ლარიც ბევრს ნიშნავს მათთვის. უბრალოდ სასიამოვნო გრძნობა გეუფლება, როდესაც შრომა გიფასდება.

 

23:30 საათია, სატერფულის მოძრაობისგან უკვე ფეხების დაღლას ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედის მართვაზე ვგიჟდები. წარმომიდგენია, ვინც ყოველდღე 12-15 საათი მუშაობს, როგორი რთული იქნება. ან შეიძლება უკვე ჩვეულებრივი მოვლენა იყოს. გვინდა თუ არა, მაინც ყველაფერს ვეჩვევით ადამიანები. არავინ თქვას, რომ ქართველი კაცი ზარმაცია. ჩემი თვალით დავინახე, ასამდე სტუდენტი თუ როგორ შრომობს საკუთარი თავისთვის. ამ საქმიანობისას ქალაქში ახალი ადგილების აღმოჩენა შეიძლება, რომლის შესახებაც არაფერი იცოდი. კომპანიების აპლიკაციაზე რეგისტრირებისას „დადებითი“ მხარე ის არის, რომ მოტოციკლეტი და ჯანმრთელობა უნდა დაგიზღვიონ. თუ მუშაობის პროცესში ავარიაში მოყევი შეგიძლია თანხაც მოითხოვო, რაც დამსაქმებლის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, მაგრამ როგორც კურიერების საუბრიდან ჩანს ეს ყოველივე მხოლოდ თეთრზე შავად დაწერილი წესია.

 

კურიერების დიდი ოჯახი ნამდვილად არსებობს. ამას რიგში ყოფნისას ვამჩნევ, ყველა ერთმანეთს იცნობს, ეხმარება, აქვთ აგრეთვე საკუთარი ლექსიკონიც, მაგალითად „დღეს რამდენი გაიტანე“. რაც ნიშნავს, რამდენი შეკვეთა დატოვე.


დავინტერესდი, თუ ჰყოლიათ პრაქტიკაში პრეტენზიული მომხმარებელი.

 

„ერთისთვის დაურეკავს ქალს და უთქვამს, ხინკალს კუჭები აკლიაო. იფიქრა, მე თუ შემომეჭამა. ეს აუცილებლად უნდა გაიგონ ადამიანებმა, რომ ჩვენ პროდუქტი მხოლოდ ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე მიგვაქვს. ყუთს არ ვხსნით, შესაბამისად პრეტენზიებით რესტორნებს მიმართეთ. მართალია, ძალიან გვშია ხოლმე, მაგრამ არ ვეხებით თქვენს საკვებს.

 

ზოგ ადამიანს აგრესიაც გამოუხატავს ჩემ მიმართ, რადგან ბიჭი ვიყავი საყურით. ცოტა გაკვირვებული ვიყავი, რატომ შეიძლება აგრესია გაგიჩნდეს?! მაგრამ სამყარო ჭრელია, ათასი ადამიანია, თუმცა ჩემთვის საინტერესო სამსახურია. მე არ მიყვარს ერთ ადგილას ყოფნა და სიარულში, რომ ფულს იღებ ეგ კარგია. თან სხვადასხვა ადამიანებს ეცნობი. მე ზოგადად კომუნიკაბელური ვარ და ეს თვისება მეხმარება. არის ბევრი დაბრკოლება, მაგალითად, დედაჩემი ყოველ საათში მირეკავს და ამოწმებს ხომ კარგად ვარ. მოგეხსენებათ საქართველოში ავტომობილის მძღოლები მოტოციკლეტებს, ველოსიპედებს ყურადღებას არ აქცევენ. მართალია, ზოგჯერ ჩვენც ვარღვევდით, რათა ბონუსები არ დაგვეკარგა, მაგრამ ხშირად მანქანების ბრალია და ნამდვილად არ ვიცით, სახლში საღსალამათი თუ დავბრუნდებით ან საერთოდ დავბრუნდებით?! თითქმის ყოველ თვე ვკარგავთ ერთ კოლეგას, ეს მწარე რეალობაა.

 

მომხმარებლებს ვეტყოდი, რომ ყველა საქმიანობა დასაფასებელია, ჩვენზე მეტს წვალობს ხალხი, ბევრს გვიწევს ამ სფეროში მუშაობა, თავი რომ გავიტანოთ. ხშირად გვხვდებიან ამაზრზენი ადამიანები, მაგრამ ნათელი წერტილიც ბევრია. მაგალითად, ერთმა კაცმა პროდუქტის მიტანის შემდეგ სუფრასთან მიმიხმო, ცოტა დამაპურა, გამათბო და გამომიშვა. ასეთი მომენტები გულზე მალამოდ მედება ხოლმე.

 

3 წელია აქ ვმუშაობ და ამ სამი წლის განმავლობაში კომპანიისგან ჩვენთვის არაფერი გაკეთებულა. ბონუსი მოხსნეს, საათებს ვჯავშნიდით _ მოხსნეს, აპლიკაციაში წვიმის დანამატს არ რთავენ, ჩვენ კი სულ ვმუშაობთ, დარსა და ავდარში, თუ ჩართეს წვიმის დანამატი, ისიც 50 თეთრია, რომელიც ხან მოქმედებს, ხან _ არა. სასაცილოა, აპლიკაციაში გვიწერენ, ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ კურიერებისადმი სამართლიანნი იყვნენ. სად არის აქ სამართალი?! ადამიანი წვალობ და ფულს არ გიხდიან? გააპროტესტებ და დაგბლოკავენ _ დიქტატურაა.“

 

5 თებერვალს რესპუბლიკის მოედანზე „ვოლტის“ კურიერები სწორედ რომ საკუთარი უფლებების დასაცავად შეიკრიბნენ. სამართლიანად ითხოვდნენ ტარიფის მომატებას. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კურიერები კვირაში 2000 ლარამდე თანხას აგროვებენ და მოქნილი გრაფიკი აქვთ, რაც დიდი ტყუილია.

 

აპლიკაციას ვერ ჩართავ მაშინ, როდესაც შენ გაწყობს, არჩეულ დღეებში 12 საათი მაინც უნდა იმუშაო და მნიშვნელობა არ აქვს სიცხე გაქვს თუ სხვა პრობლემა. ბევრი ადამიანი შემხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გაციების დროსაც უმუშავია ყინვაში, რათა აქტიური სტატუსი არ დაჰკარგოდა. 2000 ლარამდე ერთ კვირაში ვერანაირად ვერ მოაგროვებ და, ცხადია, არის შემთხვევები, როდესაც მთელი 12 საათის განმავლობაში კონკრეტული კურიერისთვის არაფერი შეუკვეთავთ. მოგეხსენებათ, რომ ამ სფეროში ბევრი ადამიანია დასაქმებული, შესაბამისად, შეკვეთები ყველასთან თანაბრად არ მიდის. მიტანის საფასური მაღალიო მოთხოვნის დროს იზრდება, რაც თვეში ერთხელ ხდება. „ვოლტის“ კურიერები ტარიფის გაზრდას ითხოვენ. კომპანიას თავისუფლად შეუძლია ეს დააკმაყოფილოს.

 

რაც შეეხება დაზღვევის საკითხს თუ რაიმე სახის ტრავმა არ მიიღე არ ფინანსდები. მაგალითად, კურიერი ლევან მძევაშვილი 1 წელია უკვე კომაშია და მას შემდეგ ჩაურიცხა კომპანიამ 4000 ევრო, რაც კურიერების სოციალურ ჯგუფებში დაიწერა ამ ფაქტის შესახებ და ფოტოები გამოქვეყნდა. ასევე, აპლიკაციის რუკაც ხშირად პრობლემას უქმნის მიმწოდებელს, ვინაიდან გავლილ მანძილს არასწორად ითვლის და აკლდება თანხა.

 

„კომპანიისათვის ჩვენს სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. გუშინ კოსტავაზე კურიერს, გაჩერებული მანქანის მძღოლმა მოულოდნელად კარი გამოუღო. მას ხელი და მუხლი დაუზიანდა. დაიმტვრა მოპედიც. მისი ტელეფონიდან მივწერე „ვოლტის ადმინისტრაციას“ და კომპენსაცია მოვითხოვე. ავუხსენი, რომ თვითონ ვერ ახერხებდა მიწერას. არაფერი მითხრეს. თვითონ მოგვწეროს, როცა შეძლებს და ავუხსნითო.“

 

3:00 საათზე ბოლო შეკვეთაც დავტოვე და სახლისკენ გავეშურე. ამ დროს შესაძლებელია „კურიერების ღამე“ ვუწოდოთ. ჯამში 50 ლარი გამოვიმუშავე და ჩაის ფული 5 ლარი ერთმა დამიტოვა.

 

ამ დღემ მასწავლა, რომ არცერთი საქმე არ არის მარტივი. ეკრანზე ერთი თითის დაწკაპუნებით რომ ვიღებთ პროდუქტს, რეალურად ამის უკან დიდი შრომა იმალება. მე კი ბევრი კეთილი ადამიანი გავიცანი. სიტყვებით რთულია აღწერო ის ატმოსფერო, რასაც მათთან ყოფნისას ვგრძნობდი, რაც მთავარია, ყველა დადებით განწყობაზეა, ერთმანეთს ეხუმრებიან და საკვებს უნაწილებენ. ამ კონკრეტულმა დღემ უფრო გამზარდა, ბევრ რამეზე დამაფიქრა. თავისუფალ დროს ალბათ კვლავ გადავიქცევი კურიერად.

 

ავტორი: მიხეილ ლუტიძე

წაკითხვა 428 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.