"შოვის სტიქიასთან დაკავშირებით შვეიცარიელმა ექსპერტებმა ჩვენი გეოლოგების პირველად დასკვნაში გამოქვეყნებული ყველა ძირითადი ასპექტი დაადასტურეს"

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, შვეიცარიელმა ექსპერტებმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გეოლოგების პირველად დასკვნაში გამოქვეყნებული ყველა ძირითადი ასპექტი დაადასტურეს და პასუხი გაეცა ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას ჰქონდა.

ბითაძის თქმით, შვეიცარიელ ექსპერტებს, რომლებიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროცესში ჩართო, შოვის სტიქიის მსგავსი მოვლენების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

„შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას რომ გასცემოდა ამომწურავი პასუხი, ამასთან, პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეფასების პროცესში ჩართო შვეიცარიელი ექსპერტები, რომელთაც მსგავსი სტიქიური მოვლენების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მთელი ევროპის მასშტაბით. შვეიცარიელმა სპეციალისტებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოპოვებული, დამუშავებული მასალები შეისწავლეს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადაამოწმეს. მათ დაადასტურეს ჩვენი გეოლოგების პირველად დასკვნაში გამოქვეყნებული ყველა ძირითადი ასპექტი და პასუხი გაეცა ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას ჰქონდა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის განცხადებით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით რამდენიმე ყალბი ინფორმაცია იყო გავრცელებული, კერძოდ:

1. ამბობდნენ, თითქოს მდინარე ბუბისწყლის აუზში ადგილი ჰქონდა წყლის გრძელვადიან შეგუბებას, თითქოს წინა დღეებში მოსული იყო დიდი რაოდენობით ნალექი, რამაც გამოიწვია ასეთი მასშტაბის სტიქია, თითქოს სახელმწიფო უწყებებმა ყურადღება არ მიაქციეს ამ საკითხებს. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, რომ სტიქიის განვითარებამდე მდინარე ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს სტიქიამდე დაახლოებით სამი საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათები და მდ. ჭანჭახზე (მდ. რიონის შესართავთან) არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები. ასევე, ფაქტობრივად, სტიქიის განვითარებამდე 15 საათის განმავლობაში უნალექო ამინდი იყო. შოვის ტერიტორიაზე 2023 წლის 2 აგვისტოს დღის ბოლომდე მოსული ნალექის რაოდენობა 10-დან 20 მილიმეტრის ფარგლებში იყო. გაცილებით მეტი რაოდენობის ნალექი (30 და 36 მმ) აღინიშნა იმავე წლის ივნისის თვეში, რასაც არ გამოუწვევია სტიქია. შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზად დასახელდა კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა, ამან გამოიწვია მყინვარ ბუბას სათავეებში ერთი მილიონი კუბური მეტრი კლდე-ზვავის ჩამოშლა, რამაც ხელი შეუწყო, ჯამში, ოთხი მილიონი კუბური მეტრი მეწყრისა და ღვარცოფის ფორმირებას. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ღვარცოფული მასის გადაადგილების საშუალო სიჩქარე 18-24 მ/წმ იყო და შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულმა ნაკადმა, დაახლოებით, 7.5-10 წუთში მიაღწია, რაც ასევე დადასტურდა უცხოელი ექსპერტების მხრიდან;

2. ამბობდნენ, თითქოს სტიქიის მიზეზი ტყის უკანონო ჭრა გახდა. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნაში ხე-ტყის უკანონო ჭრა სტიქიის გამომწვევ მიზეზად არ სახელდება. ასეთი მასშტაბური სტიქიის გამომწვევი მიზეზი იყო კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა, რამაც გამოიწვია კლდე-ზვავის ჩამოშლა და ხეობაში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება;

3. ამბობდნენ, თითქოს კაპიტალური დამცავი ნაგებობა რომ ყოფილიყო, შეაკავებდა მეწყერს და ღვარცოფს, ამასთანავე არ ექნებოდა ასეთი დამანგრეველი შედეგები. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, მსგავსი ტიპის ხეობებში კაპიტალური დამცავი ნაგებობების მშენებლობა ასეთი მასშტაბის სტიქიურ პროცესებს ვერ შეაკავებდა. მსოფლიოში ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიან გზას ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად ტერიტორიის სწორი სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს;

4. ამბობდნენ, თითქოს განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე განგაშის სისტემების არსებობის შემთხვევაშიც კი გაფრთხილების დრო იმდენად მცირეა, რომ არათუ სტიქიის ზონიდან, არამედ მიმდებარე დასახლებებიდანაც კი მოსახლეობის დროული ევაკუაცია ხშირ შემთხვევაში თეორიულადაც კი შეუძლებელია. შესაბამისად, მსგავსი მასშტაბის კომპლექსური სტიქიური მოვლენის შესახებ ადრეული გაფრთხილების – განგაშის სისტემის მოწყობა, სტიქიის სწრაფად განვითარების გამო, ეფექტიან ადრეულ გაფრთხილებასა და საფრთხეების თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფდა. კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რასაც საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურებენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ამასთან, როგორც ბითაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, შვეიცარიელი ექსპერტების მიერ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაიცა:

„უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კომპლექსური სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო მყინვარულ ხეობებში ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება, რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება. დეტალური კვლევების საფუძველზე, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია მონიტორინგისა და გაფრთხილების კომპლექსური სისტემების გამოყენებაც; მდ. ბუბისწყლის ხეობაში, სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება; მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

წაკითხვა 89 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 20 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.