April 26, 2024

"ეს ადგილი ჯერ ჩვენთვის უნდა გახდეს ძვირფასი და შემდეგ სტუმრისთვის" - ქუთაისში ახალი ბარ-რესტორანი "დები" გაიხსნა

ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენობის კუთხეში, გამჭვირვალე მინებიდან მარტივი შესამჩნევია თანამედროვე ორნამენტებით შენახული სიძველე. შენობის შიდა სივრცე კი თითქოს გეპატიჟება და გიზიდავს.

კარის შეღებისთანავე ლამაზ, ბაფთიან კაბებში გამოწყობილ გოგონებს დაინახავთ, რომლებიც ყოველ ჩავლაზე ნაზ ღიმილს გჩუქნიან. ჭერზე მსხვილი, თეთრი თოკებით ჩამოკიდებული საქანელაც მიიქცევს თქვენს ყურადღებას, რომელსაც ნებისმიერი ასაკის სტუმრის ხასიათის გამოკეთება შეუძლია. იქვეა კუთხის კარადა, სადაც ძველთაძველი თეფშები და ჭიქები ინახება. რესტორანს შიგნიდან დიდი სიამაყით დაჰყურებს ლეჩხუმიდან ჩამოტანილი ირმის ფიტული, რომელიც უზარმაზარი რქებით ამ ადგილის სიძველესა და სიმტკიცეს უფრო მძაფრად გამოხატავს. ძველი ფოტოები, შანდლები, სანთლები და სიმშვიდე ირგვლივ საოცარ ატმოსფეროს ქმნის.

 

ეს საოცარი ადგილი ბარ-რესტორანია. "დები“/ "sisters ქუთაისში თითქმის ერთი კვირაა რაც  გაიხსნა. მისი ისტორიის შესახებ Firstnews.ge- ს  ბარ- რესტორნის დამფუძნებელი და მფლობელი მარიკა თვარაძე ესაუბრა.

 

- როდის გაჩნდა იდეა რესტორნის დაარსების და რატომ დაარქვით "დები" ?

- "დები" ძალიან სიმბოლური სახელია ჩვენთვის, იმიტომ, რომ სამი და ვართ,  დები იშხნელების ქუჩაზე ვცხოვრობთ და თან ბავშვობიდანვე ყველა ასე მოგვიხსენიებდა. ამიტომ, რაც ამ საქმით, კერძოდ ბარ-რესტორნებზე მუშაობით დავკავდით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ დავარქვათ კონკრეტულად ჩვენი სახელი. პირველად ეს იდეა თბილისში გაგვიჩნდა, იქ შევქმენით იგივე სახელწოდების ბარ-რესტორანი. ეს იყო შარშან.  ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, ეს ლოკაცია ძალიან მოგვეწონა და ვიფიქრეთ, რომ აქაც უნდა ყოფილიყო მსგავსი ბარ-რესტორანი.

 

aa2283267705090250 984279291606859776 n

 

-ფუნქციონირებს თუ არა თბილისში თქვენი რესტორანი ?

- აქაურობამ ჩვენი იმდენი ენერგია და რესურსი წაიღო, რეიტინგის დავარდნას, ბარ-რესტორნის დასუსტებასა და სახელის გაფუჭებას ვამჯობინეთ ქუთაისში დაფუძნება. ამჟამად მხოლოდ აქ ვმუშაობთ, ამიტომაც ზემოთხსენებული ბარ-რესტორანი თბილისში აღარ ფუნქციონირებს.

 

- როდის წამოიწყეთ ეს ბიზნესი და კონკრეტულად ვინ იყო იდეის ავტორი ?

- კონკრეტულად "დები" 2018 წელს დავიწყეთ, მანამდე მე ვიყავი ბარ-რესტორან "პალატი"-ის მფლობელი. იქაც მე და ჩემი დები ერთად ვსაქმიანობდით. 2017 წელს დავტოვეთ იქაურობა და შემდეგ ერთობლივად გადავწყვიტეთ ამ ბარ-რესტორნის გახსნა და სახელიც ერთობლივად, სიმბოლურად მივანიჭეთ.

 

- რა საინტერესო და განსხვავებულ კერძებს სთავაზობთ სტუმრებს? რა იქნება თქვენი კონკრეტული ნიშა, რითაც მათ მიიზიდავთ ?

- ვფიქრობ, რომ პირველი, რაც სტუმრის ყურადღებას მიიქცევს არის ინტერიერი და გარემო, ხოლო მეორე იქნება ასე ვთქვათ "სიურპრიზი"- კერძების დაგემოვნება. პირველ რიგში პრეტენზია გვაქვს ხარისხზე, ამიტომ ვცდილობთ პროდუქცია ნატურალური იყოს და სოფლიდან მივიღოთ. გვაქვს რამდენიმე გამორჩეული კერძი, რომელსაც კონკრეტულად მე ვამზადებ. ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც გამოვდივარ ჩემს სტუმრებთან და გამომაქვს ჩემივე მომზადებული კერძი. გვაქვს იმერიული გამორჩეული კერძების დაფა და ის ძალიან პოპულარულია. ასევე გვაქვს ლეჩხუმური დაფა. ლეჩხუმური, იმიტომ, რომ წარმოშობით ლეჩხუმიდან ვართ, ფესვები იქ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ არ დავკარგოთ ჩვენი ფესვები და ინტერიერშიც მაქსიმალურად ვეცადეთ თითოეული ესკიზი ჩვენი სოფლიდან ყოფილიყო ჩამოტანილი. იქნებოდა ეს : ნივთები, ხის მასალა თუ სხვა რამ. "ეს ადგილი ჯერ ჩვენთვის უნდა გახდეს ძვირფასი და შემდეგ სტუმრისთვის". ჩვენთვის კი ის უკვე ძალიან ძვირფასია.

 

aaa24856851062501 7296012695499702272 n

 

- თქვენ ახსენეთ თქვენი სოფელი ლეჩხუმში და თქვით რომ მენიუში გაქვთ ლეჩხუმური დაფა, ვინ არის დაკავებული ამ საქმიაობით, რაც თქვენთვის ლეჩხუმიდან პროდუქტის მოწოდებას გულისხმობს ?

ამ კუთხით დაკავებულია მამა, რომელსაც ხშირი კონტაქტი აქვს იქაურ ნათესავებთან. ლეჩხუმური შაშხი, ნიგოზი, თაფლი, ჭაჭა - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ლეჩხუმიდან ჩამოგვაქვს. ჩვენი აზრით, იქიდან მოწოდებულს განსაკუთრებული გემო აქვს.

 

- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით...

- სამომავლო გეგმები უკავშირდება ტურიზმს.  მომდევნო ნაბიჯი იქნება ჩვენს ქუჩაზე ჩვენივე სახელობის სასტუროს გახსნა. სასტუმრო "დები".  ჯერ ერთი კვირის გახსნილები ვართ და გვინდა მთელი ენერგია და რესურსები აქ ჩავდოთ. ახლო მომავალში მაგ ნაბიჯსაც გადავდგამთ, ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა.

 

- გვითხარით რომ ბარ-რესტორანი ჯერ მხოლოდ ერთი კვირის გახსნილია. სტუმართა კატეგორიაში ჭარბობენ თუ არა ტურისტები?

- ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ტურისტები გვსტუმრობენ. ბარ-რესტორნის გახსნის პროცესი დიდხანს მიმდინარეობდა და თვითონ ქუთაისლებიც წინასწარვე დიდ ინტერესსა და მოლოდინს იჩენდნენ, რაც ჩვენთვის ორმაგი პასუხისმგებლობა იყო, ხოლო ჩვენს ხშირ სტუმრებში - ტურისტებშიც დიდ აღფრთოვანებას ვიწვევთ.

 

aa2279842342282220 2202645283077095424 n

 

ავტორი: ეკა აბულაძე

წაკითხვა 5343 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 07 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.