April 26, 2024

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 "დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და  დაადასტურა, რომ  2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ წამართვეს.

 

დღეს სტრასბურგის სასამართლომ  გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტთ დროებით ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დავიბრუნე ტელეკომპანია.

 

აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტეაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით დაცული არცერთი უფლება.

 

ბუნებრივია, ამ ეტაზე მთავარი კითხვა, რაც ჩემს მიმართ შესაძლოა არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმომიდგენია „რუსთავი 2“-ის მომავალი.

 

ამ კითხვაზე საკმაოდ მკაფიო პასუხი მაქვს!

 

არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული.  არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში.  ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზურნვებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

 

იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და  პოპულარული არხი.

 

ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით.  მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.

 

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!

 

ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!

 

ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე.  ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობასაკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.

 

ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ,"- ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 615 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 18 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.