May 2, 2024

"პოლიციელები შარვალს რომ მხდიდნენ, ბოთლს მადებდნენ და ვიდეოსაც იღებდნენ"- მოზარდი

„გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა.

როდესაც ვერაფერი მათქმევინა, თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთო. ბოთლი მოიტანეს. შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავის სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ“...

 

ასე იხსენებს 16 წლის მოზარდი სამი თვის წინანდელ შემთხვევას, როდესაც ის შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის აღიარების მიზნით აწამეს.

 

მოზარდის წამების ფაქტი 10 აპრილს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ დაადასტურა და ის დაზარალებულად სცნო.

 

პროკურატურის მიერ გამოცემულ დადგენილებაში ვკითხულობთ:

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს ამ ეტაპზე დაუდგენელმა თანამშრომლებმა, ბოლნისის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს არასრულწლოვან თ.ა.-ს მიმართ, რომელსაც სთხოვდნენ ქ. ბოლნისში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან 7000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობის ქურდობის აღიარებას, მოპარული ნივთების ნაწილის ადგილსამყოფელის და თანამზრახველის დასახელებას. ფიზიკური ძალადობის შედეგად, არასრულწლოვანს მოტყდა ხელი“.

 

პროკურატურის დადგენილებაში არაფერია ნათქვამი სამართალდამცავთა მხრიდან მოზარდის გაუპატიურების მუქარაზე.

 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, გამოიკითხა არაერთი პირი, გამოძიება სწავლობს ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან მიღებული თ.ა.-ს სამედიცინო დოკუმენტაციას. გარდა ამისა, უწყების განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება და გამოიკითხება ყველა პირი, ვისი შემხებლობაც გამოიკვეთება გამოძიების პროცესში.

 

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, არასრულწლოვანის მშობლებმა ფაქტის შესახებდანაშაულიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 8 მარტს განაცხადეს. ამ გარემოებამ კი მათი თქმით, შეუძლებელი გახადა სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა. მათ შორის, ვერ მოხერხდა არასრულწლოვანის ტანსაცმელის ამოღება, რომელზეც დაინიშნებოდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა - დნმ, ტრასოლოგიური და ა.შ.

 

მოზარდის დედის თქმით, სამართალდამცავები მათ სიჩუმისთვის ფულს სთავაზობდნენ:

 

„მოდიოდნენ, ფულებს გვაძლევდნენ, რომ არ გვიჩივლოთ, გეხვეწებით, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ, პატარა ბიჭი სკოლაში ვეღარ გამიშვია. არ ილაპარაკოთ არაფერზეო, პოლიციამ მოგვიტანა 200 ლარი, დაგვიდო მაგიდაზე და წავიდნენ. მაშინვე დავურეკე ჩემს მეუღლეს, ეს ფული მოაცილე სახლიდან მეთქი, რად გვინდა, მაგათი ფული“.

 

მოზარდის ადვოკატები შს მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, გაუპატიურების მცდელობის ფაქტი დამალა როგორც პოლიციამ, ისე პროკურატურამ.

 

ამ მოთხოვნით 16 მაისს ადვოკატებმა აქცია გამართეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ადვოკატების განცხადებით, დღეს საქართველოში ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს და სწორედ მან უნდა გაათავისუფლოს თანამდებობებიდან შს მინისტრი და გენერალური პროკურორი:

 

„დადგენილია, რომ ადამიანი აწამეს, უნდოდათ მისი გაუპატიურება, ეს საცოდავი უწევდა წინააღმდეგობას. პროკურორმა გიორგი ლობჟანიძემ გამოსცა დადგენილება, რომ 16 წლის მოზარდი ნაწამებია. ასეთი დადგენილება რომელიმე ხელისუფლების პირობებში გინახავთ? მოზარდი ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. მათგან ერთ-ერთი დააწინაურეს, გადაიყვანეს გარდაბნის პოლიციაში. ამბობს, რომ ყველას ამოცნობა შეუძლია. რატომ ამოვედით აქ? ამ საქმის დასრულებას სჭირდება ჩემი აზრით, აი ამ, მართლა უღირსი ადამიანის პოლიტიკური ნება. შსს და პროკურატურა, ამ კაცს ემსახურება“, - ამბობს უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი.

 

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს შს სამინისტროში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სამსახურიდან გათავისუფლდა ორი პოლიციელი, გამოძიება კი გრძელდება.

 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვან თ. ა.-ს მიმართ განხორციელებული წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჯგუფურად წამებას და რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 959 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 19 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.