April 26, 2024

ლიფტი, საზოგადოებრივი ტუალეტი, ლითონის ზედაპირი - კიდევ საიდან შეიძლება დავინფიცირდეთ...

“საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების უკვე რამდენიმე კლასტერი არსებობს. შიდა გადაცემა დაწყებულია და ყველაზე საინტერესო ის კლასტერებია, სადაც ფულიდან და ლიფტიდან ადამიანების დაინფიცირება მოხდა. ამიტომაც ყველაზე საშიში და რისკის შემცველი ეს კლასტერებია, რადგანაც, ასეთ შემთხვევებში, ინფექციონისტებს მისი პირველწყაროს დადგენა უჭირთ. საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსის 208 დადასტურებული ფაქტია. ახლად დაინფიცირებულებიდან 2 პაციენტი ვირუსის გავრცელების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებზეც, სავარაუდოდ, ინფექცია ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებისგან გავრცელდა. ორივე პირი 70 წელს გადაცილებულია, მათგან ერთის მდგომარეობა არის მძიმე. ასევე ახლად დაინფიცირებულ პაციენტებს შორის არის არასრულწლოვანიც. 14 წლის მოზარდი თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კოვიდ-19 აქვთ მის მშობლებსაც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ლიფტი, საზოგადოებრივი ტუალეტი, ლითონის ზედაპირი - კიდევ საიდან შეიძლება დავინფიცირდეთ, რას ამბობენ ინფექციონისტები?

 

“რა გზით არის შესაძლებელი, რომ კორონავირუსი ნებისმიერ ადამიანზე გავრცელდეს?! სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთ ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა, კოვიდ-19 ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე გადაედო. როგორც დაინფიცირებული სტიქაროსნის ახლობლები და მეზობლები “რეზონანსთან” აცხადებენ, მოზარდი და მისი ოჯახი, ლიფტიდან უნდა დაინფიცირებულიყვნენ, რადგანაც მათ მეზობლებს, რომლებიც მე-6 სართულზე ცხოვრობენ, კორონავირუსი დაუდგინდათ და ისინი სწორედ ლიფტის გამოყენებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეზობლები ამბობენ, რომ კორპუსის დეზინფექცია მხოლოდ 4 დღის შემდეგ მოხდა და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში სტიქაროსანი და მისი ოჯახი უნდა დაინფიცირებულიყვნენ, თუმცა მათ სიმპტომები 2 კვირის შემდეგ გამოაჩნდათ. ოჯახში მცხოვრებ მოხუცს სუნთქვა გაუჭირდა, რის შემდეგაც სასწრაფო გამოიძახეს, სასწრაფოს დაგვიანების შემდეგ კი ავადმყოფის გადაყვანა ტაქსით სცადეს. საბოლოოდ, სასწრაფო მოვიდა და მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“თავდაპირველად, კორონავირუსი დაუდასტურდა 17 წლის სტიქაროსნის ბაბუას. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ვირუსი მთელ ოჯახს ჰქონდა. მოხუცს სუნთქვა გაუჭირდა და იგუდებოდა, ამიტომაც სასწრაფო გამოიძახეს. სასწრაფომ დააგვიანა და არ მოდიოდა. ოჯახს უთხრეს, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, თუმცა მოხუცი ძალიან ცუდად გახდა, ფაქტობრივად, იგუდებოდა, ამიტომაც ოჯახმა საავადმყოფოში მისი გადაყვანა ტაქსით სცადა. საბოლოოდ, სასწრაფო მოვიდა და ისევ მათ გადაიყვანეს. ოჯახი ეჭვობს, რომ მათი დაინფიცირება ლიფტიდან მოხდა. ჩვენ ზემოთ, მეექვსე სართულზე ის ოჯახი ცხოვრობს, რომელთა წევრებიც ე.წ. რომანოვების კლასტერს წარმოადგენენ. ორი კვირის წინ მათ კორონა ვირუსი დაუდგინდათ. ისინი საავადმყოფოში ლიფტით ჩაიყვანეს. სწორედ მათი დაინფიცირება აქედან მოხდა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სტიქაროსნის მეზობელი.

 

“ინფექციონისტ გიორგი ლაბაძის თქმით, კორონავირუსი გავრცელდა და ვრცელდება წვეთოვანი ინფექციით. ინფექციონისტის განმარტებით, ზოგადად კორონავირუსი არის საკმაოდ გამძლე ვირუსი. ალუმინის ზედაპირზე 21 გრადუსი ტემპერატურის შემთხვევაში 8 საათს ძლებს, რკინის ზედაპირზე - 48 საათს, ქაღალდზე - 4-5 დღე, შუშაზე - 5 დღე, +4 გრადუსიდან მინუს ტემპერატურამდე კი თავის ინფექციურ თვისებებს ეს ვირუსი ინარჩუნებს 28 დღის განმავლობაში. -“კორნავირუსი საკმაოდ გამძლეა, თუ ხელი არ დაიბანეთ წესიერად, ვირუსი რჩება. არის ვარაუდი, რომ ჩინეთში ვირუსის ასე მასობრივი გავრცელება სწორედ საზოგადოებრივი ტუალეტების მოხმარებამ გამოიწვია. ასევე, ვირუსის დიდი გადამტანი მობილურებია. მის ეკრანზე ის საკმაოდ დიდი ხანი ძლებს. საკმარისია, ხელი არასწორად და არასაკმარისად დაიბანოთ, შემდეგ შეიმშრალოთ პირსახოცზე - ეს ნიშნავს, რომ ვირუსი გავრცელდება. საშიშია რკინა, სადაც კორონავირუსი 48 საათი ძლებს. ფული ასევე დიდი რისკის შემცველია, რადგანაც მასზე 4-5 დღე ცოცხლობს”, - ამბობს ინფექციონისტი, რომელიც მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ შუშებს, მასზე კორონავირუსი 5 დღე არსებობს”, - დასძენს გამოცემა.

 

“გიორგი ლაბაძის განმარტებით, კორონავირუსი მეტად საშიშია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვთ კარდიოვასკულარული დაავადებები, ასევე - ასთმა, ფილტვის პათოლოგიები. ინფექციონისტი ამბობს, რომ კორონავირუსი, პირველ რიგში, მათ აზიანებს. რაც შეეხება ნიღბების ტარებას, ლაბაძის თქმით, ეს იმ ადამიანებმა უნდა გაიკეთონ, ვინც თავად ამ ვირუსის მატარებელნი არიან. სხვაგვარად ნიღაბი ვირუსისგან ნაკლებად გვიცავს, თუ ის სამედიცინო პირბადე არ არის. “კორონავირუსი დახურულ, კონდიცირებად სივრცეში, სულ მცირე, 30 წუთი ძლებს და 4.5 მეტრამდე მანძილზე შეუძლია გადაადგილება. აღნიშნულს ცხადყოფს ჩინელი ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა. ჩინელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კორონავირუსს შეუძლია, რამდენიმე დღე გაძლოს ზედაპირზე, რომელზეც ხველის ან დაცემინების შედეგად წვეთები მოხვდა”, - ამბობს ინფექციონისტი, რომლის თქმით, “ამავდროულად, დრო, რომლის განმავლობაშიც ინფექცია არსებობას განაგრძობს ზედაპირზე, დამოკიდებულია ტემპერატურასა და მასალის სახეობაზე”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 429 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 09 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.