„კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოხერხდა ეპიდემიის აფეთქების თავიდან აცილება აღდგომის შემდეგ“
გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველე“-მ («Deustche Welle») თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი ანალიტიკური მასალა სათაურით „კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოხერხდა ეპიდემიის აფეთქების თავიდან აცილება აღდგომის შემდეგ“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ძალისხმევაა გადმოცემული კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის სფეროში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„საქართველოში, მთელი კავკასიის მასშტაბით, კორონავირუს SARS-CoV-2-ით დაავადების რეკორდულად დაბალი სტატისტიკაა და შესაბამისად, ასევე ყველაზე ცოტაა „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პნევმონიით გარდაცვლილთა რაოდენობაც. 6 მაისის მდგომარეობით, 3,7 მილიონიან ქვეყანაში სულ 610 ინფიცირებული პაციენტი და 9 გარდაცვლილია. ეპიდემიის შესაჩერებლად მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს ექსპერტები აქტიური რეაგირების ნიმუშად მიიჩნევენ. ნულოვანი ავადმყოფის გამოვლენისთანავე, თებერვლის ბოლოს, ქვეყანაში დაუყონებლივ გაუქმდა ავიარეისები და ჩაიკეტა საზღვრები. მარტის დასაწყისში დაიხურა სკოლები, კულტურის სფეროს დაწესებულებები და სამთო-სათხილამურო კურორტები. მარტის შუა რიცხვებიდან არ მუშაობს სასტუმროების უმეტესობა, რესტორნები, გაჩერდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, გაურკვეველი ვადით გადაიდო ადრე დაგეგმილი ყველა მასობრივი ღონისძიება...
და მაინც პანდემიის კონტექსტში ყველაზე მეტ შეშფოთებას აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა იწვევდა, რომელიც მიმდინარე წელს 19 აპრილს აღინიშნა. წლევანდელ აღდგომას ისტორიაში ყველაზე რთულად მიიჩნევდნენ: ღამის ლითურგიის დროს ეკლესიებში მრევლის მასობრივი შეკრების გამო ეპიდემიის აფეთქება თითქმის გარდაუვალი ჩანდა... იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ეკლესია, არმიის შემდეგ, მაღალი დონის ნდობით სარგებლობს, მთავრობის მოქმედებაზე ბევრად იყო დამოკიდებული - რა არჩევანს გააკეთებდა მრევლი: რელიგიის სასარგებლოდ თუ მედიკოსების რეკომენდაციებს დაუჯერებდა. აღდგომის წინ ქვეყანაში ვირუსით დასნებოვნების 370 შემთხვევა და გარდაცვალების 3 ფაქტი იყო რეგისტრირებული.
ხელისუფლება და ეკლესია: შემოვლითი გზა
საერთოდ, ხელისუფლება ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა ტაძრების დახურვაზე ეკლესიასთან მოლაპარაკებას, მაგრამ 87 წლის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორემ უარი თქვა ეღიარებინა კომენდანტის საათის მოთხოვნები და განაცხადა, რომ იგი პირადად ჩაატარებდა სააღდგომო წირვას წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია არჩევანის წინაშე დადგა: ან პატრიარქთან მკაცრ კონფრონტაციაში უნდა შესულიყო, ან რარაც სხვა გზა მოეფიქრებინა დაავადების რისკების შესამცირებლად. როგორც ექსპერტები ამბობენ, კონფრონტაციის ვარიანტი პრაქტიკულად გამორიცხული იყო, რადგან ეკლესიის პოზიციაზე თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც საქართველოში ოქტომბრის თვეში უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, პატრიარქთან ურთიერთობის გაუარესებაზე ხელისუფლება არ წავიდოდა.
„ნათელი იყო, რომ საპატრიარქოსთან ღია კონფლიქტს ვერავინ გაბედავდა, რადგან ეკლესიის ავტორიტეტის საზოგადოებაში ძალზე დიდია“, - ამბობს ჰენრიჰ ბიოლის სახელობის ფონდის სამხრეთკავკასიური განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან მაისტერი, - ასეთ სიტუაციაში ქვეყნის მთავრობამ შემოვლითი გზა გამონახა - კონკრეტულად ეს იმაში გამოიხატა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეზღუდა მოქალაქეთა გადაადგილება“.
აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე შეწყდა მოძრაობა საქართველოს ოთხ დიდ ქალაქს შორის, რათა მოსახლეობა რეგიონებში ნათესავებს არ სწვეოდა. დაიხურა სასაფლაოებიც კი, სადაც მრევლი ჩვეულბრივად კვირაობით მიდის ხოლმე. ქალაქებს შიგნით ხუთი დღის ვადით აიკრძალა პირადი ავტოტრანსპორტით სარგებლობა. სააღდგომო ლითურგიაზე დასწრების მსურველებს ისღა დარჩენოდათ, რომ ეკლესიებში ფეხით წასულიყვნენ და იქ მთელი ღამე გაეტარებინათ, ანუ კომენდანტის საათის დაწყებიდან მის დასრულებამდე.
აღდგომამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკრაძემ უარი თქვა პასუხი გაეცა ჟურნალისტების კითხვებზე - შეიძლებოდა თუ არა ვირუსის გავრცელება ზიარების კოვზის მეშვეობით, თუმცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პირადად მოუწოდა თითოეულ ქართველს „სახლში დარჩენილიყვნენ და ეკლესია დაეცვათ“. უფრო მკაცრი განცხადება გააკეთა დაავადების კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნნაძემ: „თუ მორწმუნეები წირვას დაესწრებიან, ქვეყანა კუბოებს ვერ დაითვლისო“.
„ჩვენ იღბლიანები აღმოვჩნდით და ექიმთა მოწოდების წყალობით ეკლესიებში მასობრივად არ წავედით“, - აღნიშნავს ეკა გიგაური, Transparency International-ის ქართული განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი. მისი აზრით, საყოველთაო გაურკვევლობისა და დაბნეულობის პირობებში გადამწყვეტი როლი შეასრულა მედიკოსებისადმი ნდობამ - როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან.
სანიტაიზერი ეკლესიის შესასვლელთან
თბილისის ჯვართამაღლების ტაძარში, აღდგომის დღესასწაულების დროს, ჩვეულებრივად, 800-მდე მორწმუნე იკრიბებოდა ხოლმე, მაგრამ 19 აპრილის რამით იქ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა. ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თევდორე გიგნაძემ მრევლს ფეისბუკის მეშვეობით ასე მიმართა: „სახელმწიფოს უნდა მოვუსმინოთ, როცა მისი ძალისხმევა მოსახლეობაზე ზრუნვას გულისხმობს, ეს ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაა“.
ტაძრის შესასვლელთან სანიტაიზერი დგას. წინამძღვრისთვის ეს ატრიბუტი მრევლის ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და მოქმედების სიმბოლოს წარმოადგენს. „რწმენა დაგვეხმარება ყოველი პრობლემის ღირსეულად დაძლევაში. უფრო მეტიც - რწმენა გამარჯვების გარანტია“, - ამბობს დეკანოზი.
როგორ იქცეოდა მრევლი აღდგომის ღამეს
თევდორე გიგნაძის მსგავსი მღვდლები საქართველოში ბევრი არ არის. მთავრობისა და საპატრიარქოს სხვადასხვა პოზიციების გათვალისწინებით, რეკომენდაციების მიმართ მორწმუნეთა დამოკიდებულებაც სხვადასხვანაირია. მაგალითად, პენსიონერი სოფიო, ბეთლემის ეკლესიის მრევლი, რომელიც სააღდგომო წირვას ესწრებოდა, სიფრთხილის ზომებს ზედმეტად მიიჩნევს: „მე ვირუსის არ მჯერა, მე უფლის მწამს, - განმარტავს იგი, - პირბადის ყიდვის ნაცვლად უმჯობესია ფქვილი ვიყიდო, რომ შვილიშვილი მშიერი არ დამრჩეს“. 45 წლის ლეილა კი, რომელიც სურსათის მაღაზიის მენეჯერია, პირბადეს ატარებს და ამბობს, რომ საკუთარ თავს ეკლესიაში წასვლა თვითონვე აუკრძალა: „მე მორწმუნე ვარ, ხშირად დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ ახლა ამ აღდგომის დროს არ წავსულვარ, საღი აზრით ვიხელმძღვანელე“.
„პლატოს მივაღწიეთ, მაგრამ პიკი არ იქნება“
აღდგომიდან ათი დღის გასვლის შემდეგ საქართველოში მხოლოდ 511 დასნებოვნება და 6 გარდაცვალება დაფიქსირდა. „პლატოს მივაღწიეთ, მაგრამ პიკი არ იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, თუმცა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ვირუსისთვის ორკვირიანი საინკუბაციო პერიოდი. ინფიცირებულების სადღეღამისო მატება 20-25 ადამიანამდე დასტაბილურდა.
ექსპერტების თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებულმა ზომებმა გაამართლა. თავისი შედეგი გამოიღო ადამიანთა გადაადგილების აკრძალვამ, ეკლესიის ცალკეული წინამძღვრების მიმართვებმა მრევლისადმი და მედიკოსების ემოციურმა გამოსვლებმა, რომლებსაც მთავრობამ, მისთვის უხერხულ სიტუაციაში, აგიტატორების როლის შესრულება მიაკუთვნა. აპრილის ბოლოს კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას შეზღუდვების მოხსნის ოთხეტაპიანი გეგმა გააცნო.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://p.dw.com/p/3boO8
სიახლეები
- 5 ყველაზე გავრცელებული, გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აბნევს
- "საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“ - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრისთვის
- "საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს" - პრეზიდენტი
- "პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია" - ზელენსკი