April 27, 2024

“აბრამსებმა“ უკრაინამდე ჩააღწიეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ცოტაა და დაგვიანებული” – The Wall Street Journal

აშშ-ის გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მსოფლიოში საუკეთესო ამერიკულმა ტანკებმა „აბრამსებმა“ უკრაინამდე ჩააღწიეს… მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ცოტაა და დაგვიანებული“ (ავტორი – იენ ლოვეტი). როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „აბრამსები“ უკრაინას საომარი მოქმედებების გარდატეხვაში ვერ დაეხმარებიან – იმიტომ, რომ ამ მძიმე ჯავშნიანი ტექნიკით სარგებლობა მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციაში შეიძლება, თორემ საერთო-საჯარისო ბრძოლებს ისინი დიდხანს ვერ გაუძლებენ.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

 

„აბრამსი“ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტანკად ითვლება, რადგან მათ საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვთ სხვებთან შედარებით. ბევრი ქვეყნის ახალი მოდელის ტანკები მათ ვერ გაუტოლდებიან.

 

უკრაინაში „აბრამსები“ უკვე ჩაიტანეს იმ საჯარისო ქვედანაყოფების დასახმარებლად, რომლებიც კონტრშეტევას ახორციელებენ. ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად ჩაერთვება ამერიკული მძიმე ტექნიკა საომარ მოქმედებებში და გავლენას მოახდენს მათი გამოჩენა ბრძოლის ველზე.

 

თანამედროვე დასავლური ტანკებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკით სარგებლობა ვაშინგტონსა და კიევს შორის თითქმის დავის საგანი გახდა. აშშ-ის სამხედრო უწყების ზოგიერთ წარმომადგენელს სურს, რომ უკრაინამ უფრო აქტიურად გამოიყენოს სამხედრო ტექნიკა ბრძოლების დროს.

 

სხვათა შორის, უკრაინის არმიის სარდლობა თავდაპირველად ცდილობდა, რომ ამერიკელების მიერ მიცემული რეკომენდაციებით ესარგებლათ, მაგრამ ფიასკო განიცადეს. საქმე იმაშია, რომ რუსებმა მჭიდროდ დანაღმეს თავდაცვითი ზღუდეები და მოწინააღმდეგის მიმართ ჰაერიდან დარტყმების მიყენება დაიწყეს. როცა უკრაინელებმა დაინახეს, რომ ამერიკულმა რეკომენდაციებმა ვერ ივარგა, ტაქტიკა შეცვალეს, თუმცა ამის გამო დასავლელი მიმომხილველების კრიტიკა დაიმსახურეს.

 

„აბრამსებს“, სხვა დასავლურ ტანკებთან შედარებით, ბევრი ტექნიკური უპირატესობა აქვთ და შეუძლიათ უკრაინის არმიას მნიშვნელოვანი სარგებლობა მოუტანონ და ჯარისკაცების საბრძოლო სული აამაღლონ. თავის მხრივ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც კმაყოფილია – იგი ხომ დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ამ ტანკების მიწოდებას.

 

რა თქმა უნდა, უკრაინის ფრონტებზე ამერიკული ტანკების გამოჩენა მისასალმებელია, მაგრამ უკრაინის არმიის სარდლობა იმასაც აღიარებს, კონტრშეტევის მეოთხე თვის შემდეგ „აბრამსები“ საბრძოლო მოქმედებების ხასიათს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლიან.

თავის მხრივ, პენტაგონმაც არაერთხელ გააფრთხილა უკრაინა, რომ არ არსებობს [ჩვეულებრივი] იარაღის ისეთი სახეობა, თუნდაც ყველაზე თანამედროვე, რომელსაც, მხოლოდ თავისი უპირატესობის წყალობით, ერთპიროვნულად, საბრძოლო მოქმედებებში გარდატეხის შეტანა შეუძლია.

 

„აბრამსები“ ისეთ დროს ჩაიტანეს უკრაინაში, როცა შემოდგომის წვიმები ახლოვდება, მასთან ერთად კი ე.წ. „რასპუტიცის“ (უგზოობის) სეზონი, როცა მძიმე ტექნიკას ნალექებით გაჯერებულ ველებზე მოძრაობა და მანევრები უძნელდება. ჯერ კიდევ ზაფხულის ბრძოლების გამოცდილებამ ცხადყო, რომ რუსებისათვის დასავლური ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა კარგ სამიზნეს წარმოადგენს. ყველასათვის ცნობილია ის ვიდეოკადრები, როცა რუსები ამერიკულ „ბრედლებს“, გერმანულ „ლეოპარდებს“ და ბრიტანულ „ჩელენჯერებს“ დრონებით და რაკეტებით აფეთქებენ.

 

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, გენერალ კირილო ბუდანოვის თქმით, მძიმე ტექნიკისათვის დანაღმული ველები ძნელი გადასალახავი გახდა. „ტანკები მწყობრიდან გამოდიან მუხლუხების მცირე დაზიანებითაც კი და მათ მოძრაობა აღარ შეუძლიათ. ამჟამად ჯავშანტექნიკა ძირითადად მხოლოდ „ისვენებს“, ტანკები ბრძოლებში არ მონაწილეობენ. მათი გამოყენება სახმელეთო ქვეითთა შეტაკებების დროს საზარალოა, ისინი დიდხანს ვერ გაუძლებენ“, – ამბობს იგი ერთ-ერთი უკრაინული გამოცემისადმი მიცემულ ინტერვიუში.

 

როგორც ბენ ბარი, ლონდონის სტრატეგიული კვლევების სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი, ბრიტანული ტანკის ეკიპაჟის ყოფილი მეთაური ამბობს, „აბრამსი“ კარგად შეიარაღებული ტანკია, თანამედროვე მოწყობილობებით და, რასაკვირველია, ბევრად სჯობს მოძველებულ გერმანულ „ლეოპარდებს“, მაგრამ მასაც აქვს გარკვეული მინუსები – „აბრამსის“ მომსახურება და რემონტი უკრაინელებისათვის ძალიან რთული იქნება.

 

„აბრამსები“ გამოირჩევიან მაღალი სიჩქარით და სქელი ჯავშნით, ამიტომ მათი განადგურება ძნელია, მაგრამ იმავდროულად ისინი ძალიან მძიმენი არიან და, სავარაუდოდ, მათთვის უკრაინული ველ-მინდვრების ტალახი დიდი დაბრკოლება იქნება. გარდა ამისა, მათი რემონტი მაღალხარისხიან სათადარიგო ნაწილებს და საკმაო დროს მოითხოვს“, – ხაზს უსვამს ბენ ბარი. ასე რომ, „აბრამსების“ გამოყენება უკრაინაში გარკვეულ პირობებთან არის დაკავშირებული და მათი გამოყენება უახლოეს თვეებში შეიძლება პრობლემატური გახდეს.

 

წყარო

წაკითხვა 239 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.