სამგორიდან ლილომდე მიწისზედა მეტროს რვა სადგური გაიხსნება (ვიდეო)

თბილისის მეტრო ლილომდე გაფართოვდება და ყოველდღიურად დამატებით 200 000 მაცხოვრებელს მოემსახურება, რაზეც $90 მლნ დაიხარჯება.


ამის შესახებ კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პრეზენტაციაზე განაცხადა.



როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაახლოებით, რვა ახალი მეტროსადგური აშენდება. მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს მიმართულებით იმოძრავებს.



„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ პროექტი, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყება - ეს არის ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ასევე, სამგორი-აეროპორტი - აეროპორტი-სამგორის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, რვა ახალი მეტროსადგური აშენდება და 90 მილიონი დოლარი დაიხარჯება. აქედან 30 მილიონ დოლარამდე არის მეტროს ვაგონების ღირებულება. დანარჩენი კი ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა გათვლილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 



მერის თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალი მიწისზედა მეტრო 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.



„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი მეტრო 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. პირველ ეტაპზე, ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ექვსი სრულიად ახალი შემადგენლობა იმოძრავებს. თავდაპირველად, მოცდის შუალედი ათი წუთი იქნება, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში, შუალედს შევამცირებთ, ვაგონების რაოდენობას კი გავზრდით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.



კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის პროექტი და მათ შორის მიწისზედა მეტროს მშენებლობა თბილისში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.



„ვფიქრობ, ჯამში, ეს ყველაფერი რეალურად შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ქალაქში დამკვიდრდეს წესრიგი, შეიქმნას სუფთა გარემო და კომფორტი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების თანადგომის გარეშე. ეს არის ის მიმართულება, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მგონია, რომ იმ პროექტებით, კონკრეტულად კი, მიწისზედა მეტროს მშენებლობით, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება, თითოეული თბილისელი იამაყებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

წაკითხვა 8252 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 24 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.