April 26, 2024

ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი - “ნელ-ნელა ვისწავლით ცხოვრებას ახალ კორონავირუსთან ერთად”

“ჯერჯერობით ამ ვირუსთან ბრძოლას წარმატებით ვართმევთ თავს და მისი გავრცელების შეკავებასაც ვახერხებთ, თუმცა მსოფლიოში პანდემია გრძელდება და ცხადია, ჩვენთანაც მოიმატებს შემთხვევათა რაოდენობა.

სამწუხაროდ, ახალი კორონავირუსის ზნე-ჩვეულებების შესახებ კვლავ ბევრი რამ უცნობია და როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახალი კორონავირუსი უფრო გავრცელდება. ზოგიერთის აზრით, ამ ვირუსმა უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი და ადამიანებს­ დაგვიტოვა ერთადერთი გამოსავალი - ვისწავლოთ Covid 19-თან ერთად ცხოვრება. არსებობს ვარაუდი, რომ ზაფხულში ავადობის დაბალი მაჩვენებელი შენარჩუნდება, შემოდგომის ბოლოდან კი, სხვა რესპირაციული ვირუსების მსგავსად, ინფექცია კვლავ გააქტიურდება”, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „მთავარია, შეიქმნას ვაქცინა! შემდეგ განვიხილოთ, რა სჯობს - კორონას გადატანა თუ იმუნიზაცია!“

 

“უნდა დავიცვათ დისტანცირების წესი, მოვერიდოთ ხალხმრავალ შეკრებებსა და თავყრილობებს, ხშირად დავიბანოთ ხელები. ჰიგიენის მკაცრი დაცვა ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა გვექცეს! ვისაც სიმპტომები გამოუვლინდება, შინ უნდა დარჩეს და დროულად მიმართოს ექიმს. რაც შეეხება სეზონზე სხვა ვირუსული ინფექციები გააქტიურდებას, საბედნიეროდ, გრიპის ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე არსებობს და მომავალ სეზონზე მისი გამოყენება საჭირო და სასურველი იქნება, რადგან გრიპის იმუნიზაცია ხელს შეუწყობს, შემცირდეს ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა. ახლა ჯერ მთავარია, შეიქმნას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა! შემდეგ განვიხილოთ, რა სჯობს - კორონას გადატანა თუ იმუნიზაცია! არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინით მართვადი დაავადებები არსად გამქრალა! ისინი მაშინვე წამოჰყოფს თავს, როგორც კი იმუნიზაცია შემცირდება და, შესაბამისად, სასიკვდილო საფრთხის ალბათობაც გაიზრდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ზახაშვილი და შეკითხვაზე - “თქვენი ვარაუდით, როდის გვექნება ვაქცინა და თავსებადი იქნება თუ არა ის სხვა, მაგალითად, H1N1-ის ვაქცინასთან?” - პასუხობს:

 

“დღეს მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და მისი მწარმოებლები კარგად აბალანსებენ ვაქცინათა ურთიერთშეთავსების საკითხს. ამ მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

 

რაც შეეხება კითხვას, ნაადრევია თუ არა შეზღუდვების მოხსნა, ამის პასუხი ყოველდღიური მონიტორინგია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ევროპის ქვეყნები, რომლებმაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს, არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების მიხედვით წესები ისევ გაამკაცრონ. შეიძლება ჩვენთანაც ასე მოხდეს. ალბათ, ნელ-ნელა ვისწავლით ცხოვრებას ახალ კორონავირუსთან ერთად, მოსახლეობის ნაწილისთვის კი კონკრეტულ სიტუაციაში კვლავ სავალდებულო იქნება მოწოდება - “დარჩი სახლში”! სეირნობისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს - ისეირნეთ, იმოძრავეთ, იყავით აქტიური, ოღონდ დაიცავით დისტანცია."

წაკითხვა 336 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 11 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.