May 15, 2024

სიღარიბე, ძალადობა, სუიციდის მცდელობები - საშუალოსტატისტიკური ბავშვობა

1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.

საქართველოში არაერთი ბავშვია, რომლის განათლების, ჯანმრთელობის, უსაფრთხო გარემოსა და ზოგჯერ სიცოცხლის უფლებაც კი კითხვის ქვეშ დგას.

 

ბავშვები განიცდიან ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას სახლებსა და სკოლებში ოჯახის წევრების, მასწავლებლებისა და იმ უფროსებისგან, რომლებიც მათ უნდა იცავდნენ. ბავშვები მუშაობენ მაშინ, როცა უნდა სწავლობდნენ, შორდებიან ოჯახებს მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო და წყვეტენ სწავლას ნაადრევი ქორწინების, უკიდურესი სიღარიბის ან რაიმე სხვა მიზეზით ისე, რომ უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფოსთვის უცნობი რჩება, რა მიზეზით რჩებიან ბავშვები განათლების მიღმა.

 

გთავაზობთ რიცხვებს ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებიდან, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნიან ბავშვთა მდგომარეობის შესახებ საქართველოში.

 

სიღარიბე

 

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში გასული 8 წლის განმავლობაში ოჯახების 70% მინიმუმ ერთხელ მაინც იმყოფებოდა ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

 

 

ეკონომიკური მდგომარეობა ხშირად ხდება ბავშვების მშობლებისგან განცალკევების მიზეზი.

 

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 16 წლამდე ასაკის 156 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იღებს საარსებო შემწეობას.

 

UNICEF-ის მონაცემებით, მათი რიცხვი, ვინც სოციალურ დახმარებას ითხოვს, და მათი, ვინც ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ერთმანეთისგან განსხვავდება. სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა 33% მიზნობრივ სოციალურ დახმარებას არ ითხოვს სხვადასხვა მიზეზით, რომელთაგან ერთ-ერთი ისაა, რომ ასეთ თხოვნაზე ახლო წარსულში უარი მიიღო და იმედი აღარ აქვს, რომ მეორედ თხოვნას შედეგი ექნება.

 

 

არასათანადო საცხოვრებელი და სასწავლო გარემო

 

UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები, განათლების სამინისტროს მონაცემებით კი, ცხადი ხდება, რომ სუფთა სასმელი წყლის გარეშე ფუნქციონირებს 1314 სკოლა, სადაც 100 000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

 

 

ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი უინტერნეტოდაა დარჩენილი, რაც დისტანციური სწავლების პირობებში განათლების გარეშე დარჩენასაც ნიშნავს. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი.

 

5 წლამდე ასაკის ბავშვების 44 პროცენტს 3 საბავშვო წიგნიც კი არა აქვს, ხოლო ბავშვების 6% სათამაშოების (იგულისხმება შეძენილი, ქარხნული წესით დამზადებული სათამაშოები) გარეშე იზრდება. ბავშვების 64%-iსთვის სათამაშო გარეთ ნაპოვნი ნივთები ან საოჯახო საგნებია.

 

ძალადობა

 

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ბავშვების 69%-ს განუცდია სხვადასხვა სახის ფიზიკური ძალადობა, 66%-ს კი - ფსიქოლოგიური აგრესია უფროსების მხრიდან. სახალხო დამცველის თქმით, სკოლებში მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლეთა 42.5%-ს და სკოლის თანამშრომელთა 13.9%-ს.

 

 


მხოლოდ 2019 წელს არასრულწლოვანთა სავარაუდო სექსუალური ძალადობის 262 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება და მათ შორის არასრულწლოვნის გაუპატიურების 24 სავარაუდო შემთხვევა იყო, გარყვნილი ქმედების 79 საქმე და 16 წელს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის 149 შემთხვევა.

 

სუიციდი

 

2019 წლის მონაცემით, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები.

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 399 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.