"მანქანიდან გადმოვიდნენ ბიჭები, რკინა ეჭირა ერთს და მეორემ ქვა აიღო" -იაკობ ბრეგვაძე

გიორგი შაქარაშვილის საქმეში, ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ მომხდარის საკუთარ ვერსიაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მიტოვებულ შენობაში შესვისთანავე მან 112-ში დარეკა, თუმცა, მოგვიანებით, როდესაც 112-მა ჯგუფის გამოშვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მან გამოძახება გააუქმა. 

 

ბრეგვაძე აცხადებს, რომ მიტოვებული შენობიდან ჩაბნელებულ ხიდზე მოძრავ სილუეტებს ხედავდა.

 

"თავიდან მეგონა, რომ "სტოპზე" გაჩერდა მანქანა. მერე რომ გადმოვიდნენ ბიჭები, რკინა ეჭირა ერთს და მეორემ აიღო ქვა. მე ცალკე გავიქეცი, გვერდზე გავედი და ისინი რა დროს გაიქცნენ გაქცევის მომენტი არ დამინახავს. შენობისკენ რომ მივრბოდი, უკან არ ვიყურებოდი. ავედი მშენებარე შენობაში, რომ ავედი კიბეებიდან გადმოვიხედე და არავინ მომდევდა. შენობაში კიბეებზე ავირბინე და რომ ავედი, ზემოთ პატარა ოთახში შევიმალე, აქვე დავდე ჩანთა, რომელშიც ჩავდე კამერა. აქედანვე დავრეკე 112-ში. მერე გადავიხედე გარეთ, თუ იყო გადასახტომი. მერე კიბეებზე დავბრუნდი და გავიხედე ფანჯრიდან და დავინახე 2 ბიჭი, ერთი ჩაკუზული იყო, მაგ დროს მოვიდა მეორე მანქანა, პირველი მანქანა უკვე აღარ იყო. მერე როგორც ვნახე, გიორგი შაქარაშვილი და ქათამაძე იყვნენ ის ორი. მანქანა რომ მოვიდა, ამოვირბინე კვლავ ზემოთ და გავედი აივანზე, საიდანაც კიდევ ერთხელ განხორციელდა ზარი. აქ უკვე "მესენჯერში" ველაპარაკებოდი გოგოებს, რომლებიც მეკითხებოდნენ სად ხართო, ვეუბნებოდი, რომ მალე მოვალთ. როცა ადამიანს დაბადების დღე აქვს, რომ არ ენერვიულათ მაგიტომ არ ვუთხარი რაც აქ ხდებოდა. მერე გოგოებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ვიცით, რაც ხდებაო. ანი გაბეჩავამ და სხვებმა დეტალურად არ იცოდნენ რა ხდებოდა და არც მე ვიცოდი, მესენჯერში დამირეკეს, სად ხართ ზუსტად რას შვებითო. მე ვუთხარი არაფერი არ ხდება, მოვდივართ უკვეთქო. ვიცით რაც ხდებაო და მე ვკითხე რა იცითთქო და დეტალურად არ იციან. არ ვიცი საიდან იცოდნენ რა მოხდა.

 

აივნის კუთხეში გავედი და ხიდზე სილუეტებით დავინახე რომ ბიჭები მოძრაობდნენ. სილუეტებით დავინახე რომ მირბოდნენ ბიჭები. ზუსტად ვერ გავიხსენებ რამდენი იყვნენ, მაგრამ ერთი რომ იყო იქეთა მხარეს თეთრები ეცვა და 2 ბიჭი მისდევდა, მგონი ხუთნი იყვნენ მანდ. წინ რამდენი იყვნენ და უკან ვერ დავინახე რა, ზუსტად არც მახსოვს. ამ დროს კიდევ ველაპარაკები 112-ს თუ პოლიციელს, სად მოვიდეთო არ ვიცითო. პატრულს ვუყვებოდი, რაც დავინახე ჩხუბის დროს, ვუთხარი, რომ ჩხუბი იყო და გუგლის რუკაზე რაც ვნახე "ქებაბ ჰაუსი" იქ ვუთხარი მოსულიყვნენ.

 

ბოლოს პოლიციელმა რომ დამირეკა, ვუთხარი, რომ არაგვის ხიდზე მოსულიყო. აქედან რომ ჩავედი ვერავინ ვერ ვნახე, ვერც ბიჭები და არც ის მანქანები არ იყვნენ, იმ მომენტში დროსაც ვერ აღვიქვამდი. ქვემოთ რომ ჩავედი და ტყეში ავედი, მაშინ მითხრეს 112-ში, რომ გამოვუშვით ჯგუფიო და მე ვუთხარი, თუ ახლა გამოუშვით გააუქმეთთქო. გამოძახება გავაუქმე, რადგან აღარავინ იყო რომ გამოვედი. რისთვის უნდა მოსულიყვნენ, თუ იქ აღარავინ იყო, აღარაფერი ხდებოდა. როდესაც მანქანაში ვუჯექი პოლიციელებს გზაში არაფერი მომიყოლია, მაგრამ სანამ ჩავჯდებოდი მოვუყევი ჩხუბის დროს რაც დავინახე, ის, რაც 112-ს ვუთხარი. მკითხეს ახლა რა ხდებაო და ვუთხარი, რომ არაფერითქო, რაღა უნდა ვქნათ აწიო და წამომიყვანეს თბილისამდე. გზაში კითხვა დამისვა პატრულმა ფოტოკამერაზე და ამაზე ვსაუბრობდით," - ჰყვება იაკობ ბრეგვაძე "ტვ პირველთან". 

წაკითხვა 597 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 25 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.