"სპორტსმენისთვის არცერთ ჩემპიონობამდე მისასვლელი გზა მარტივი არაა" - შოთა გოგისვანიძე

მოგეხსენებათ, 6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, 2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად ღირსეულად უერთდება ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილი სიმბოლურად იქნა შერჩეული, რადგან სწორედ ამ დღეს - 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, სპორტის საერთაშორისო დღე ოლიმპიადების აღორძინების თარიღს უკავშირდება.

 

შემთხვევითობა ნამდვილად არაა და სწორედ ამ ღირსშესანიშნავ დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ვრცელი ინტერვიუ ახალგაზრდა, წარმატებულ ქუთაისელ სპორტსმენთან შოთა გოგისვანიძესთან რომელმაც მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით არაერთხელ ასახელა სამშობლო და ქალაქი, ბერძენ-რომაელთა წრეში კი იგი „მურა დათვის“ მეტსახელითაა ცნობილი.

 

ბერძნულ რომაულ ჭიდაობას სპორტული ორთაბრძოლის უძველესი სახეობაა, მსოფლიოს მასშტაბით მას ასევე უწოდებენ კლასიკურ ჭიდაობას, სადაც ილეთები სრულდება წელს ზემოთ ხელებისა და მხრების მოქმედებით. სწორედ ამიტომ სხვა არსებული ჭიდაობის სახეობებთან შედარებით რთულია და სპორტსმენისგან დიდ ფიზიკურ შესაძლებლობებსა და გამძლეობას მოითხოვს, თანამედროვე ჭიდაობის სახით კლასიკური ჭიდაობა საფრანგეთში XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა, 1896 წლიდან შეტანილია ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, 1904 წლიდან მსოფლიოსა და 1898 წლიდან ევროპის ჩემპიონატებში.

 

398442660 1407323663198407 614426563364551695 n

 

ზოგადად ძლიერი და წარმატებული სპორტსმენებით მსოფლიოში საქართველო უპირობო ლიდერია, ჩვენი ბიჭების გამძლეობა და ხასიათი მთავარ როლს თამაშობს მენტალურად და ფიზიკურად ძლიერ სპორტსმენად ჩამოყალიბებაში, გამორჩეულ ბერძენ-რომაელთა შორის კი საპატიო ადგილს იკავებს შოთა გოგისვანიძე, რომლის შესრულებული პარტერი და გდება (ორი ყველაზე რთულად შესასრულებელი ილეთი სპორტის ამ სახეობაში) ერთნაირად აღაფრთოვანებს ქართველ და უცხოელ გულშემატკივარს.

 

მინდა მოვლენებს ქრონოლოგიურად გავყვე რათა უკეთესად წარმოგიდგინოთ ჩემი რესპონდენტი.

 

შოთა დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში, სპორტში თავის დამკვიდრებაც სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყო და 2000 წელს ძმასთან და მამასთან ერთად პირველად მივიდა ბერძნულ - რომაული ჭიდაობის დარბაზში. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ჭიდაობის დარბაზი შეიძლება პირობითად ვუწოდოთ შენობას რომელსაც არანაირი კომფორტი და პირობები არ გააჩნდა სპორტსმენების მოსამზადებლად, ეს იყო უბრალოდ გადახურული რომელიც აერთიანებდა ბერძნულ რომაულ ჭიდაობაზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანებს , საქართველოს საამაყო მწვრთნელს ელგუჯა მარუაშვილსა და მის მოწაფეებს , მომავალ ჩემპიონებს , რომელთაც წვეთ წვეთად, სისხლად გადაუსხა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მიმართ სიყვარული.

 

- შოთა, პირველ რიგში მინდა დღევანდელი დღე მოგილოცო და უამრავი წარმატება გისურვო მომავალში, ახლა კი მოგვიყევი საიდან დაიწყო შენი ჭიდაობით დაინტერესება და როდის მოხვდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?

 

- ჩემს კარიერას საფუძველი 2000 წელს ჩაეყარა, მამას ბიძაშვილი იყო მოჭიდავე და მისი რჩევით მე და ჩემი ძმა მოვხვდით სპორტის ამ სახეობაზე, რადგან ბავშვობიდან კარგი ფიზიკური მონაცემებითა და მტკიცე ხასიათებით გამოვირჩეოდით. ოფიციალურად კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2009 წლიდან ვარ.

 

406987010 741882021179470 2124912070551190861 n

 

- საკუთარ შესაძლებლობებში, შენმა რომელმა მიღწევამ დაგარწმუნა? და კიდევ უფრო გაგიმძაფრა დაინტერესება სპორტის ამ სახეობაში?

 

- ეს იყო ჩემი პირველი საქართველოს ჩემპიონატი, სადაც არავინ ელოდა ჩემ გამარჯვებას რადგან მძიმე წონით კატეგორიაში ვჭიდაობდი და ეს არის სეგმენტი რომელიც ყოველთვის მაღალი კონკურენციით გამოირჩევა საქართველოში. მაგრამ მე ამ შეჯიბრზე ჩემი შესაძლებლობები დავუმტკიცე პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ გარშემომყოფებს. ძალიან მიყვარს საკუთარ თავზე გამარჯვება.

 

- ჩვენმა მკითხველმა ძალიან კარგად იცის რომ მსოფლიო ჩემპიონი და ასევე მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი ხარ, ვიცით ისიც რომ ძალიან გრძელი და რთული გზა გაიარე ამ შედეგამდე, მაგრამ მოკლედ რომ გვითხრა როგორი იყო შენი გზა მსოფლიო ჩემპიონობამდე?

 

- სპორტსმენისთვის არცერთ ჩემპიონობამდე მისასვლელი გზა მარტივი არაა, ზოგადად სპორტი შენგან მოითხოვს ყველაფერს მაქსიმალურად, ჩემი აზრით იყო სპორტსმენი ნიშნავს იყო განსხვავებული, გამორჩეული, რაც თავისთავად, შემდეგ, განსხვავებულ ვალდებულებებს გიჩენს, საზოგადოების, ქვეყნის, ოჯახისა და საკუთარი თავის მიმართ. სულ სხვა „გემო“ აქვს მსოფლიო ჩემპიონატს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში და მოითხოვს თავგადადებულ შრომას, რათა დადო შედეგი, ასახელო ქვეყანა, გაახარო გულშემატკივარი და მსოფლიოს წინაშე სამშობლოს დროშა ააფრიალო, ამ წუთებს უდიდესი სიამოვნება და სიამაყე ახლავს თან რაც მომავლის იმედებს გიჩენს და კიდევ მეტ სტიმულს გაძლევს.

 

385526173 3656992004557242 9198231448677702116 n

 

- მსოფლიოში უამრავი წარმატებული კლასიკური სტილით მოჭიდავეა, შენი ნიშა რა არის? რა გამოგარჩევს მათგან?
გვესაუბრე შენს განსხვავებულობასა და საფირმო ილეთის შესრულებაზე, რამაც უკვე უამრავჯერ მოგიტანა გამარჯვება და გაგხადა განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი მსოფლიოს მასშტაბით... ძალიან საინტერესო და სანახაობრივია ილეთი გდების შესრულების შენეული ვერსია , ასევე დამაბნეველი ძლიერი კონკურენტებისთვისაც კი...

 

- კი გეთანხმები, მსოფლიოში უამრავი წარმატებული მოჭიდავეა, ყველანი ჩემი კოლეგები არიან და მე მათ დიდ პატივს ვცემ, ბევრ მათგანთან კი ვმეგობრობ. ვფიქრობ რომ ჩემი კონკურენტებიდან საქმის მიმართ ერთგულება, სიყვარული და დაუღალავი შრომის სურვილი გამომარჩევს, რაც ასევე მაქცევს განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენად, რადგან მე არ ვიღლები საკუთარ თავზე მუშაობით, მუდმივად ახლის ძიებაში ვარ, ყოველდღიურად ვცდილობ გაუმჯობესებას, ჩემი საავტორო ილეთი გდების განსაკუთრებული ტექნიკა, სწორედ ამ შრომის შედეგია, ხშირად მოვიპოვებ გამარჯვებას, როცა ამას ჩემებურად ვაკეთებ. ეს ტექნიკაა რომელიც ასე ასახსნელად ცოტა რთულია.

 

- ვიცით რომ დაოჯახდი, რა შეიცვალა შენთვის დაოჯახების შემდეგ? და რა არის შენი მოტივაციის წყარო?

 

- დიახ დავოჯახდი, მყავს მეუღლე და ორი შვილი ამით ჩემი გულშემატკივრების სია კიდევ უფრო გაიზარდა, ჩემი მოტივაციის წყარო ჩემი ოჯახია, ჩემი დიდი სიყვარულით სავსე ოჯახი, როგორც ყველა შვილს ჰგონია თავისი მამა სუპერმენი, მეც სწორედ ასე მინდა ეგონოთ ჩემ შვილებს, ამიტომ ყოველთვის მზად ვარ დიდი შრომისთვის.

 

386871228 869907068187502 1158191669603542415 n

 

- ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა, შენი სამომავლო გეგმები როგორია?

 

- ჩემი სამომავლო გეგმები ეხება მხოლოდ ერთ მიზანს, ჯერჯერობით შეუსრულებელს, დავდგე ოლიმპიურ კვარცხლბეგზე და მე ვიბრძოლებ ამისთვის ყოველდღიურად.

 

- დარწმუნებულები ვართ ამაში... და რა რჩევას მისცემ მას ვინც ახლა იწყებს სპორტულ კარიერას?

 

- რჩევა ერთადერთია, ყოველთვის უნდა იშრომო იმაზე მეტი ვიდრე შეგიძლია, წარმატებული სპორტსმენობისა და ცხოვრების მთავარი გასაღები სწორედ ესაა.

 

- ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულახდილი ინტერვიუსთვის შოთა, გვინდა გისურვოთ ძალიან ბევრი წარმატება მომავალში, საქართველო ნამდვილად ამაყობს შენით.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 3026 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 18 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.