April 27, 2024

"იღბლის გარეშე, შეიძლება ბევრი რამ სხვანაირად ყოფილიყო, თუმცა, იღბალს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მას მომზადებული ხვდები" - ზაზა ბიბილაშვილი

იურიდიული პროფესიისთვის გლობალური გადმოსახედიდან არ შემიხედავს. ამისთვის სხვა ინტერესები და გატაცებები მქონდა. მერე და მერე გავაცნობიერე, რომ კონკრეტული საქმეების გარდა, ჩემი „დიდი მიზანი“ კანონმორჩილებისა და მართლწესრიგის სტანდარტების დანერგვა იყო - გარემოში, სადაც საუკუნეთა მანძილზე სახელმწიფო არა მოქალაქეების, არამედ დამპყრობლის იყო და, ამიტომ, კანონის დარღვევაც უფრო სიქველედ ითვლებოდა, ვიდრე სირცხვილად, - გვიყვება "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი საკუთარი პროფესიის შესახებ.

 

როგორც ის განმარტავს, იურიდიული პროფესია უნდა ემსახუროს მართლმსაჯულებას, სამართლებრივი სახელმწიფოს შენებას, სამართალსა და სამართლიანობას.

 

„ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მინდა გამოვყო - ყოველთვის ხაზგასმით ვცდილობდი, სამართლებრივად მყარი პოზიცია მორალურადაც სწორი ყოფილიყო და სამართლიანი ვყოფილიყავი მოწინააღმდეგის მიმართ.“

 

FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“.

 

 

როგორ მიაღწია წარმატებას? რა არის მისი პროფესიის მთავარი მიზანი?  ამ და სხვა საკითხებზე იურისტი, "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი გვესაუბრა.

 

ბავშვობა 

დავიბადე და გავიზარდე თბილისში. თუმცა, ჩემი ბავშვობის წლებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ზაფხულობით წყნეთში გატარებულ თვეებს. მაშინ, 40 წლის წინ, წყნეთი ერთი ჩვეულებრივი სოფელი იყო თბილისის შემოგარენში, რამდენიმე უწყებრივი, კოლექტიური აგარაკით. ჩვენი ოჯახი ტურბაზაში ისვენებდა ხოლმე, რომელიც დასახლებული ტერიტორიის ბოლოს, ახალდაბის გზაზე მდებარეობდა. ჩემი ყოველდღიურობა მეგობრებთან ერთად ტყეში და მთებში ბოდიალს, ბუნების შეცნობას, ახალი ადგილების აღმოჩენას, ბეთანიამდე უცნობი ბილიკებით გზის გაკვალვას, „შტაბობანას“, „ირმის ნახტომზე“ ფათერაკიან გასვლებსა და სხვა თავგადასავლებს უკავშირდებოდა. რაღაც ეტაპამდე ძალიან ცელქი ბავშვი ვყოფილვარ. ყვებიან, რომ სულ პატარაობაში, კარადაზე ვძვრებოდი და სტუმრებს ზემოდან კუბიკებს ვუშენდი ხოლმე. კუბიკებითა და კონსტრუქტორებით ფორტებისა და სასახლეების შენება მიტაცებდა, რომლებსაც ლოჯში წამოვჭიმავდი და კვირაობით ხელს არ ვახლებინებდი არავის. მერე, როგორც ამბობენ, ერთბაშად „დავჭკვიანდი“. მიყვარდა ყველანაირი სპორტი, კლასიკური და ხალხური მუსიკა, ისტორია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ლიტერატურა. ასაკობრივი პროტესტი არასდროს მქონია - მშობლებთან განსხვავებებს ყოველთვის კონფლიქტის გარეშე ვაგვარებდი. სამაგიეროდ, ეროვნული და სამოქალაქო პროტესტი ნორჩი ასაკიდანვე მქონდა ჩანერგილი. მესამე კლასში ვიყავით მე და ჩემი მეგობარი, როცა დავიფიცეთ, რომ მოსკოვში ლენინის მავზოლეუმს ავაფეთქებდით. მავზოლეუმი რუსეთის, ანუ ჩვენი მთავარი მტრის სიმბოლო იყო. მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ სრულიად მყარად იდგა ფეხზე და მის დაშლას არაფერი მოასწავებდა. ბუნებრივია, ამის გამო ჩვენი მშობლები სკოლაში დაიბარეს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, თუმცა კომუნისტური პარტიის წევრი არც ერთის მამა არ იყო, ამიტომ, ორივე მშვიდად შეხვდა ამ ამბავს - ის დრო აღარაა ამის გამო დაგვხვრიტონ და სხვა რა უნდა დაგვაკლონო. თან, დამპყრობლისადმი დამოკიდებულება სწორედ მათგან გვქონდა ნასწავლი. მოკლედ, გამოვძვერით...

 

პროფესია - იურისტი

 

დედაჩემი მუსიკოსია, მამაჩემი - აღმოსავლეთმცოდნე. დედის მხრიდან ოჯახში ფიზიკოსები და მათემატიკოსები იყვნენ, მამის მხრიდან - იურისტები. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემს არჩევანზე ამან რაიმე გავლენა იქონია. იმხანად სამოქალაქო სამართალი მაინცდამაინც განვითარებული არ იყო. იურისტობა გამომძიებლობასთან და, ზოგადად, სისხლის სამართალთან ასოცირდებოდა, რაც მაინცდამაინც არ მხიბლავდა - განსაკუთრებით, საბჭოთა რეალობაში, რომელშიც ადვოკატურა, როგორც თავისუფალი პროფესია არ არსებობდა. 14-15 წლის ასაკში ჯერ კიდევ მაღალი იყო ალბათობა იმისა, რომ სწავლა კონსერვატორიაში გამეგრძელებინა, ხის ჩასაბერი საკრავების ან კომპოზიციის განხრით. არანაკლებ მაინტერესებდა დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა, თუმცა, შესაბამისი სასწავლებელი საქართველოში არ არსებობდა, რუსეთში წასვლა კი არ განიხილებოდა. ამდენად, როცა ამის დრო მოვიდა, გადავწყვიტე საერთაშორისო სამართალზე და ურთიერთობებზე ჩამებარებინა, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ეს მიმართულება 1990 წელს ცალკე კათედრად ჩამოყალიბდა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, მალე კი ცალკე ფაკულტეტადაც იქცა, აწგარდაცვლილი ლევან ალექსიძის თაოსნობით. ამ ფაკულტეტის პირველი თაობის კურსდამთავრებული ვარ (ე.წ. class of 1995).

 

წარმატების ფორმულა

 

1990იანი წლებში მიღებულ ფორმალურ განათლებას ჩემს პროფესიულ წინსვლაში ყველაზე მოკრძალებული წვლილი მიუძღვის. მთავარი მაინც ბევრი შრომა, უამრავი უძილო ღამე, მუდმივი „ბრძოლა“, მიღებული გამოცდილების პრაქტიკულ უნარებად ქცევის ჩვევა და წარმატების მიღწევის ნება იყო. მუშაობა 15 წლის ასაკში დავიწყე. ვასწავლიდი მუსიკას და ინგლისურს, ვმუშაობდი სხვადასხვა „შავ სამუშაოზეც“. მას შემდეგ არანაირი სამუშაოს შესრულება არ მითაკილია. პროფესიულ საქმიანობას დამწყები პოზიციიდან შევუდექი და ყველა ეტაპი გავიარე. იყო პერიოდები, როცა ბევრი ობიექტური წინაღობის გარდა, კონკრეტული, მძლავრი კონკურენტების (მათ შორის, გიგანტური საერთაშორისო კორპორაციების) აქტიური წინააღმდეგობის გადალახვა მიწევდა, რომლებიც ჩვენს ახლად დაარსებულ ფირმას ებრძოდნენ. ასეთ დროს იმ მოჭადრაკესავით ვიყავი, რომელსაც მრავალი სვლა და შესაძლო კომბინაცია აქვს წინასწარ გათვლილი, რისკები შეფასებული და საპასუხო სვლები - მომზადებული. უმოწყალოდ კონკურენტულ გარემოში გამარჯვების მიღწევა ერთგვარ ადიქციად იქცა, ოღონდ, გამონაკლისის გარეშე, ეს ყოველთვის ადამიანური პრინციპების, პროფესიული ეთიკისა და სრული პირადი ინვესტირების ხარჯზე ხდებოდა.

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოვჩნდი. პატარა იღბლის გარეშე, შეიძლება ბევრი რამ სხვანაირად ყოფილიყო. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იღბალს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მას მომზადებული ხვდები...

 

პროფესიის მთავარი მიზანი

 

თავდაპირველ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რაც გიამბეთ პროფესიაში ჩემს შესვლასთან დაკავშირებით, იურიდიული პროფესიისთვის გლობალური გადმოსახედიდან არ შემიხედავს. ამისთვის სხვა ინტერესები და გატაცებები მქონდა. მერე და მერე გავაცნობიერე, რომ კონკრეტული საქმეების გარდა, ჩემი „დიდი მიზანი“ კანონმორჩილებისა და მართლწესრიგის სტანდარტების დანერგვა იყო - გარემოში, სადაც საუკუნეთა მანძილზე სახელმწიფო არა მოქალაქეების, არამედ დამპყრობლის იყო და, ამიტომ, კანონის დარღვევაც უფრო სიქველედ ითვლებოდა, ვიდრე სირცხვილად. ზოგადად, იურიდიული პროფესია უნდა ემსახუროს მართლმსაჯულებას, სამართლებრივი სახელმწიფოს შენებას, სამართალსა და სამართლიანობას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მინდა გამოვყო - ყოველთვის ხაზგასმით ვცდილობდი, სამართლებრივად მყარი პოზიცია მორალურადაც სწორი ყოფილიყო და სამართლიანი ვყოფილიყავი მოწინააღმდეგის მიმართ. ეს მიდგომა ჩვენი ფირმის ოქროს წესიცაა. უფრო ვიწრო გაგებით, იურიდიულ პრაქტიკაში ჩემი ამოცანა კლიენტებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ხშირად, როცა ადამიანი ან კომპანია იურისტთან მიდის, ე.ი. უკვე პრობლემა აქვს და არ უნდა, რომ კიდევ „ბუღალტერია დაუმატონ“. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმიანი ურთიერთობები და იურიდიული რჩევები ზედმეტი სიტყვებისგან, კლიენტისთვის გაუგებარი და არასაჭირო იურიდიული კლიშეებისგან დავცალო და მარტივ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებამდე დავიყვანო. მე ხომ თეორეტიკოსი არ ვარ - ჩემი ამოცანა ყოველთვის კონკრეტული ამოცანის პრაგმატული და გონივრული გადაჭრაა.

 

რჩევები მომავალ თაობას

 

პირველი - არ უნდა იყოს სწორხაზოვანი და უნდა შეეძლოს ჩარჩოებს მიღმა აზროვნება. გავიხსენებ კახა ბენდუქიძესთან მუშაობას, როდესაც ის რევოლუციურ რეფორმებს გეგმავდა. მაგალითად, იტყოდა, რომ გარკვეული ტიპის გარიგებებს სავალდებულო ნოტარიზება აღარ დასჭირდებოდა. იურისტები ამაზე გიჟდებოდნენ. არ ესმოდათ, აპროტესტებდნენ. მერე აღმოჩნდებოდა, რომ დიდი ამბავი - ამ ძვირი, ბიუროკრატიული ბარიერის მოშორებით არაფერი იცვლება, მხოლოდ მარტივდება ცხოვრება. ანუ რასაც შეჩვეული ვართ, იმას უნდა შევხედოთ უცხო თვალით. ბევრ საინტერესოს დავინახავთ.

მეორე - ახალგაზრდა იურისტს უნდა ჰქონდეს კონტექსტის განცდა, შეეძლოს მთავარისა და მეორეხარისხოვანის გარჩევა. შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში რიგ შემთხვევებში სწორედ ესაა განმსაზღვრელი უპირატესობა.

მესამე - იყოს ლაკონური წერაში, აზროვნებასა და მეტყველებაში. ხშირად ნახავთ გრძლად და ბუნდოვნად მოლაპარაკე იურისტებს. არადა, თანამედროვე სამყაროში ყველაზე მეტად დრო ფასობს და ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანმა (მათ შორის, კლიენტმა ან მოსამართლემ) შეიძლება მოგვცეს - განუყოფელი ყურადღება. ამისთვის, უნდა შეგვეძლოს აზრის მოკლედ და გასაგებად ჩამოყალიბება. თან ისე, რომ მთავარი სათქმელი მსმენელის გამოსახშირი და ამოსაცნობი არ გახდეს.

წაკითხვა 1375 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 29 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.