April 26, 2024

როგორ დასრულდება სკოლებში სასწავლო წელი - სამი სავარაუდო სცენარი

“აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლესებში და რა გეგმა აქვს განათლების სმინისტრის მიმდინარე სასწავლო წელთად დაკავშირებით? სპეციალისტები აცხადებენ, რომ ონლაინ-რეჟიმში სწავლების მეთოდმა საქართველოში არა მხოლოდ გაამართლა, არამედ ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა, რომელთა გამოყენებაც მომავალში ეფექტურად იქნება შესაძლებელი. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისიწნებით, ისინი წლევანდელი სასწავლო წლის დასრულების სამ შესაძლო სცენარს განიხილავენ.ყველაზე უკიდურესი და სპეციალისტთა შეფასებით, ყველაზე გაუმართლებელი გადაწყვეტილება ამ წლის აკადემიურ წლად გამოცხადება იქნება. მათივე თქმით, სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტამდე მოსწავლეებს პროგრამის დაახლოებით 80% უკვე ისედაც გავლილი ჰქონდათ. ამას გარდა, ონლაინ სწავლების რეჟიმიც, საწყის ეტაპზე დაფიქსირებულ ტექნიკურ ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით, ეფექტური გამოდგა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ დასრულდება სკოლებში სასწავლო წელი - სამი სავარაუდო სცენარი.

 

“მეორე სცენარის მიხედვით, თუკი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა, მაისიდან სასწავლო პროცესის განახლება მოხდება და სასწავლო წელიც ჩვეულებრივ დასრულდება, თუმცა, შესაძლოა რამდენიმე კვირის დაგვიანებით. მესამე სცენარის მიხედვით, თუკი ეპიდემიის მასშტაბები სასწავლო პროცესი განახლების საშუალებას არ მოგვცემს, მოსწავლეებს ონლაინ-სწავლების კურსი გავლილად ჩაეთვლებათ და ასეთ შემთხვევაში სასწავლო წელი დასრულდება ისე, რომ უშუალოდ სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება არ მოხდება. “რეზონანსი” შეეცადა უშუალოდ განათლების სამინისტროსგან მიეღო დამატებითი ინფორმაცია მათ გეგმებზე, თუმცა, სტატიაზე მუშაობის პერიოდში მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში ეს წელი აკადემიურ წლად არ უნდა გამოაცხადოს. მისი თქმით, რეალური სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს, ამიტომაც ეს წელი ჩათვლილად უნდა გამოცხადდეს. ამბობს, რომ ორი თვის განმავლობაში შემაჯამებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში და შეფასებების გაკეთება დისტანციურადაც შეიძლება. ამიტომ პრობლემა არ არის, რომ ეს წელი ჩათვლილად გამოცხადდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ძალიან დიდი შრომაა დისტანციური სწავლება. ვიტყოდი, რომ საკმაოდ მძიმეა. საქართველოში ეს ინტერნეტი ასე გამართული, მართალია, ყველგან არ არის, მაგრამ ყველა შეძლებისდაგვარად მაინც ახერხებს სწავლას. გაკვეთილის ჩასატარებლად 3-ნაირ პროგრამაზე უნდა გადახვიდე. არცერთი გამართულად არ მუშაობს და ამიტომაც ონლაინ სწავლება ძალიან შრომატევადია. ასე თუ ისე, მაინც მასზე გადაწყობა მოვახერხეთ. მაშინ ამ ხალხს რისთვის აწვალებენ, არ ვიცი. მასწავლებლებს და ბავშვებსაც ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი შრომა სჭირდებათ. სწავლა რეალურად მიდის. ვისაც ეს ინტერნეტი არ აქვს, ისინი ტელესკოლის მეშვეობით მეცადინეობენ. პროგრამის 80% ისედაც გავლილი იყო. ბოლო თვეები უკვე მასალის გამეორებაა. ფაქტიურად, სწავლის პროგრამა დასრულებულია და იმეორებენ. ხელისუფლებას ინფორმაციას არასწორად ვაი-ექსპერტები აწვდიან. არანაირი საჭიროებას ახლა აკადემიური წლის გამოცხადება არ წარმოადგენს. ეს წელი ჩვეულებრივად დასრულებლად უნდა გამოცხადდეს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა ნიკოლეიშვილი.

 

“მისივე თქმით, დისტანციური სწავლებისთვის სკოლებშიც და უნივერსიტეტებშიც ახალი სასწავლო ცხრილებია შექმნილი. ნიკოლეიშვილი აბობს, რომ ცხრილების შედგენა საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო და ამ ყველაფერში ენერგიას როგორც მასწავლებლები, ასევე ბავშვები და მისი მშობლებიც დებენ. ამგვარად, ყოვლად დაუშვებელია, რომ ეს წელი ჩათვლილად არ გამოცხადდეს. განათლების ექსპერტი და პედაგოგი ლადო აფხაზავაც მომხრეა, რომ ეს წელი როგორც სტუდენტებს, ასევე სკოლის მოსწავლეებს ჩაეთვალოთ. “რეზონანსთან” აფხაზავაც აცხადებს, რომ ერთი სემესტრი სრულად არის გავლილი, ხოლო მეორე სემესტრის დარჩენილ პროგრამას მოსწავლეები ონალინ გადიან”, - დასძენს გამოცემა.

 

„სწავლა ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ყველამ პირიქით, უფრო მეტი კომპეტენცია შევიძინეთ. სწავლება საკმაოდ კარგად და წარმატებულად მიდის. მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც რა კომპეტენციებიც აკლდათ ციფრული განთლების კუთხით, ბევრი რაღაცის სწავლა მოგვიწია. ონლაინ სწავლება არის ძალიან რთული და შრომატევადი საქმე, ამიტომაც მისი ასე ერთი ხელით აღება და გაუქმება ძალიან რთული იქნება, რაც ასევე ცუდ შედეგებს გამოიწვევს. იმდენი პლათფორმა ვისწავლეთ, რომ ჯერ მარტო ამის ათვისება საკმაოდ დიდი ენერგიის და დროის ფასად დაგვიჯდა. ადრე თუ სკოლაში მიდიოდი და ხუთი საათისთვის უკვე სახლში იყავი. ახლა კი მთელი დღე კომპიუტერთან უნდა იჯდე იმისთვის, რომ ყველა ბავშვს მოუსმინო, მათი გადმოგზავნილი ნაწერები შეამოწმო. ამიტომაც ყველა სცენარს, რაც არ უნდა ხელისუფლებამ განიხილოს, მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს - რომ წელი ჩათვლილად გამოაცხადოს“, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ლადო აფხაზავა.

წაკითხვა 796 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 13 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.