April 26, 2024

შემოდგომიდანაც დისტანციური სწავლება იქნება? – რას ამბობენ განათლების სამინისტროში

“არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, საქართველოში სექტემბრიდან სკოლები და უნივერსიტეტები არ გაიხსნას და სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს.

“რეზონანსს” განათლების სამინისტროდან წყარო უდასტურებს, რომ უკვე მიმდინარეობს განხილვა, როგორ და რა ფორმით შეიძლება ონლაინ სწავლება განახლდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც მედიასთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ თუკი სექტემბერში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთული იყო და მეორე ტალღა დაიწყო, სკოლები და უნივერსიტეტები არ გაიხსნას და სწავლება კვლავ დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს. პარლამენტმა კი დისტანციური სწავლების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით (82 მომხრე) მხარი დაუჭირა. ცვლილებები “ზოგადი განათლების შესახებ”, “უმაღლესი განათლების შესახებ”, “პროფესიული განათლების შესახებ” და “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონებში შედის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შემოდგომიდანაც დისტანციური სწავლება იქნება? – რას ამბობენ განათლების სამინისტროში.

 

“საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, განისაზღვრება ტერმინი - დისტანციური სწავლება. წარმოდგენილი რედაქციით, დისტანციურ სწავლებაში მოიაზრება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის დასაძლევად ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლის/სტუდენტის და საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება. გარდა ზემოაღნიშნულისა, “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევას და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საკანონმდებლო ცვლილებებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის უფლებამოსილებებს ემატება ჩანაწერი, რომ იგი ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე. დისტანციური სწავლების ფორმით წარმართვის წესსაც მინისტრი დაამტკიცებს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით იხილება და მისი ინიციატორი მთავრობაა. “დისტანციური სწავლება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე საჭირო კიდევ გახდეს. ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს - შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება. სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “POSTV”-ის ეთერში”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ისეთი ტიპის თავისუფალი გარემო, როგორიც შარშან სექტემბერში გვქონდა, არ იქნება. სასწავლო პროცესის დაწყებისა და განვითარების უფრო მკაცრი რეგულაციები იქნება”, - თქვა გამყრელიძემ. პედაგოგი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით უკვე ბევრი პრობლემები შეიქმნა და თუკი სექტემბრიდან ისევ ონლაინ სწავლება იქნება, მაშინ ხელისუფლებამ ეს პრობლემები აუცილებლად უნდა გადაჭრას. ამბობს, რომ როდესაც უკვე სკოლიდან დაითხოვეს და ონლაინ სწავლა დაიწყო, ბევრმა მოსწავლემ და მასწავლებელმა სხვადასხვა პლატფორმებზე მუშაობა არ იცოდა. რეგიონში ბევრ ბავშვს ინტერნეტი არ ჰქონდა და ამიტომ ბევრი პრობლემები შეიქმნა”, - დასძენს გამოცემა.

 

“ონლაინ გაკვეთილებმა დადებითი რაც შესძინა ჩვენს საგანმანათლებლო სფეროს ის არის, რომ ბევრმა მასწავლებელმა ციფრულ პლატფორმაზე მუშაობა ისწავლა. ეს კომპეტენცია დაჩქარებული ტემპით მივიღეთ. შესაძლოა განათლების სამინისტროს პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩაეტარებინა, მაგრამ ამ ხარისხის ცოდნას მაინც ვერ მივიღებდით. ზღვაში აღმოვჩნდით და ცურვა ვისწავლეთ, ასე შეიძლება ითქვას. კიდევ ბევრი უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენც ბავშვებს მივცეთ ის ცოდნა, რაც ახლა მათთვის აუცილებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო აფხაზავა. “ჩვენი მოსწავლეები საკმაოდ სტრესულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. სკოლებმა კარგი ის გააკეთეს, რომ ძალიან გადატვირთული პროგრამა არ გააკეთეს და ასეც თუ იქნება ისევ კარგია. ძალიან ბევრ ბავშვს ვიცით, რომ ინტერნეტის ფული არა აქვს და მათთვის კარგი იყო, რომ გაკვეთილების რაოდენობა დღეში 1 საათს არ აღემატებოდა. ჩემს სკოლაში, მაგალითად, დირექტორი სხვადასხვა სასწავლო რესურსებს გვაწვდიდა. მე პირადად ერთი კვირა ონლაინ სწავლება დავაგვიანე, რადგანაც ჩემს მოსწავლეებს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეხმაურებოდი და მარტის თვეში 302 მოსწავლეს ულიმიტო 19 ლარიანი ინტერნეტი ჩავურიცხეთ. მაისში კი 480 მოსწავლე გვყვადა, რომელსაც ინტერნეტი სჭირდებოდა და მათ ულიმიტო ინტერნეტი დავურიცხეთ. მასწავლებლებმა კორპორატიული სიმბარათები იყიდეს, რომ თავისი მოსწავლეებისთვის მიეცათ, რომელთაც ინტერნეტის ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ. ამიტომაც ძალიან მინდა, რომ თუ კი სექტემრიდან ისევ ონალინ სწავლებაზე ვიქნებით, ეს პრობლემები მოგვარდეს“, - ამბობს პედაგოგი.

 

“განათლების საკითხების ექსპერტი რეზო აფხაზავა კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი კვლევა, რომლის მიხედვითაც დავადგენთ, დისტანციურმა სწავლებამ რა სახის შედეგი მოგვცა, ან რა პრობლემების წინაშე დაგვაყენა. მასწავლებლები მოსწავლეების პირისპირ აღმოჩდნენ და პასუხისმგებლობამ პირდაპირ მათზე გადაინაცვლა. ამიტომაც ამ ადამიანებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგანაც საკმაოდ რთულია ონლაინ გაკვეთილები ატარონ ისეთმა პედაგოგებმა, რომლებსაც ტექნოლოგიებთან ნაკლები შეხება ჰქონდათ და ახლა იძულებულები არიან ის შეისწავლონ”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“სწავლების მეთოდოლოგიური ჩარჩო საერთოდ შეცვლილია. ამბობენ, რომ ბევრი კერძო სკოლა დისტანციურ სწავლებას კარგად ახერხებს. თუმცა საჯარო სკოლების უმრავლესობას ეს უჭირთ. ამას როგორი შედეგი აქვს, რა ეფექტს იძლევა, არავინ არ იცის, ეს ყველაფერი გასაზომია. ან ონლაინ სწავლებამ მოსწავლეებს ცოდნის რა პროცენტი მისცა, 80%, 70% თუ უფრო ცოტა. არც იმის ილუზია მაქვს, რომ ასე ფორსირებულ რეეჟიმში ამ სისტემის გამართვა მოხდება, მაგრამ გარკვეული პრობლემები უნდა მოგვარდეს. ჩვენს ქვეყანაში განათლების ხელმისწავდომობის პრობლემა გვაქვს და ეს დისტანციური სწავლების დროს უფრო რთულდება. მაღალ კლასებში შესაძლოა ონლაინ გაკვეთილები უფრო ადვილი ჩასატარებელია, მაგრამ თუ კი სექტემბრიდან ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავალთ, დიდი პრობლემის წინაშე პირველკლასელები და მათი მშობლები აღმოჩდებიან. ამ შემთხვევაში სწავლებაში ისინიც უნდა ჩაერთვნენ. ამიტომაც ეს ყველაფერი დასაგეგმია. თუ კი სექტემბერში არ იყო ცუდი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და დაიწყო სწავლა, მერე ხომ არ მოგვიწევს შეწყვეტა და რას ვაკეთებთ. ანუ სხვადასხვა ვერსიების განხილვა უნდა მოხდეს“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი რეზო აფხაზავა.

წაკითხვა 770 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.