May 18, 2024

"მომავალში უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ჯერ ომი აქვს მოსაგები"

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის  კარი ღია რჩება და მომავალში უკრაინა გახდება გაერთიანების წევრი ქვეყანა, თუმცა მისივე თქმით, უკრაინას ჯერ ომი აქვს მოსაგები.

„მე ვიცავ შეთანხმებულ პოზიციას, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება, რათა მან შეძლოს მეტი უპირატესობა მიიღოს ბრძოლის ველზე და დაასრულოს ეს ომი ისე, რომ უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ევროპაში. ეს გაწევრიანებაზე ნებისმიერი დისკუსიის წინაპირობაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე.

 

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის პოზიცია 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული უცვლელია. ეს კი გასულ წლებში ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს, წელს კი ფინეთისა და შვედეთის მაგალითით დასტურდება.

 

„ჩვენ ასევე მტკიცედ განვაცხადეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს თავისი გზა, ეს ასევე ეხება უკრაინას. დასასრულს, უკრაინისა და 30 მოკავშირისთვის დადგება საკითხი – წევრობის შესახებ გადაწყვეტილება. რუსეთს ამაზე სიტყვა არ ეთქმის. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში“, – განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა.

 

ფორუმის მოდერატორის კითხვაზე, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ისე, როგორც ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში მოხდა, გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უკრაინა ახლა ომშია.

 

„ფინეთი და შვედეთი ნატო-ს დიდი ხნის პარტნიორები არიან, მოკავშირეებს შორის არის კონსენსუსი მათი სრულ წევრობაზე მოწვევასთან დაკავშირებით. სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მადრიდის სამიტზე. რაც შეეხება უკრაინას, იქ ომი მიმდინარეობს და ახლა უმთავრესი პრიორიტეტია მისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რასაც ჩვენ როგორც მოკავშირეები და პარტნიორები ვაკეთებთ. ეს სამხედრო დახმარება უპრეცედენტოა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

წაკითხვა 145 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 19 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.