21-ე საუკუნე და ბირთვული ომის საფრთხეები - რა გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი გარემოს მდგომარეობაზე

10 ოქტომბერი, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო. დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა. დაიბომბა კიევი, ლვოვი, ჟიტომირი, ხმელნიცკი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. მხოლოდ დედაქალაქში 10-მდე ადამიანი დაიღუპა.


მასშტაბური სარაკეტო დარტყმების მთავარი სამიზნე საცხოვრებელი დასახლებები გახდა. მასირებული შეტევის შედეგად დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, განადგურებული ან დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.


ეს კი პასუხი იყო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე, რასაც პუტინმა უკრაინის სპეც-სამსახურების მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო მასშტაბური და მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება. საერთო ჯამში 10 ოქტომბერს რუსეთიდან უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს.


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ალაპარაკდა, მისი თქმით, „პუტინი არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ, რადგანაც მისი შეიარაღებული ძალები, შეიძლება ითქვას, საქმეს ვერ ასრულებენ".

 

რა შეიძლება გამოიწვიოს ბირთვულმა ომმა? რა ზიანს მოუტანს ის დედამიწას და ადამიანებს?

ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხზე FirstNews.ge-ს Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი, - ფრიდონ შუბითიძე ესაუბრა.


FirstNews.ge: როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია, თუ არა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს? და ამერიკისგანაც საპასუხო დარტყმები განხორციელდეს?

ფრიდონ შუბითიძე: რუსეთის პრეზიდენტ პუტინისაგან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხადად გამოიკვეთა რუსეთისა და მისი ჯარების დამარცხება მისივე წამოწყებულ ომში უკრაინის წინააღმდეგ. პუტინი ყველანაირად ცდილობს შემოაბრუნოს ომის მიმდინარეობა რუსეთის სასარგებლოდ და აქტიურად დაიწყო საუბარი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის რუსეთის ომი მხოლოდ უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის რუსეთის ომი მთელი ცივილური სამყაროს წინააღმდეგ. რუსეთმა ამ ომის დაწყებით ხაზი გადაუსვა ყველა საერთაშორისო ვალდებულებას და მოახდინა თვითიზოლაცია საერთაშორისო საზოგადოებისაგან. საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე რუსეთს განსაკუთრებული/თანასწორი ადგილი ეკავა მსოფლიოს ეკონომიკურ და სამხედრო განვითარებაში. დღეს მან ყველაფერი დაკარგა თავისი კარჩაკეტილი, იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებისათვის უკრაინაში დაწყებული ომით. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის და რუსეთში სრული ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილების მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს და ეს არის რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის საზღვრებიდან.


დასავლეთის ქვეყნებისათვის, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, სრულად მიუღებელია ბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარიც კი, როდესაც ეს მიმართულია არაბირთვული (ამ შემთხვევაში უკრაინის) სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის სტრუქტურებში აღიქმება სრული სერიოზულობით და მიიღება შესაბამისი ზომები და ქმედებები. ასე, მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ამერიკის თავდაცვის გაერთიანებულ შტაბს მუდმივი კონტაქტი აქვს რუსეთის თავდაცვის წარმომადგენლებთან. ამერიკელები რეგულარულად გადასცემენ ზოგად ინფორმაციას რა ზომები შეიძლება იქნეს მიღებული უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მოსაზრებით, პირველ ეტაპზე ნატოსა და ამერიკის ჯარები მოახდენენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის, ბირთვული იარაღების საწყობებისა და უკრაინაში არსებული ყველა სამხედრო შენაერთის სრულ განადგურებას, თუმცა, არა ბირთვული იარაღით. რის შემდეგ უკრაინის თავდაცვას გადაეცემა დამატებითი შეიარაღება, მათ შორის იქნება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ მიმართული პოტენციური ბირთვული იარაღის გასანადგურებლად.


საბედნიეროდ, დღევანდელი მონაცემებით რუსეთში არ შეიმჩნევა რაიმე გადაადგილებები ბირთვული შეიარაღების მოქმედებაში მოყვანის შესახებ. პრეზიდენტ პუტინმა კიდეც რომ მიიღოს ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების საბოლოოდ მოქმედებაში მოყვანას სჭირდება რუსეთის გენერალიტეტის თანხმობა. ჩემი აზრით, რუსეთის გენერალიტეტში გამოჩნდება ადამიანი, ვინც გაითავისებს მოსალოდნელ საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლებას და უარს იტყვის ბრძანების შესრულებაზე.


FirstNews.ge: მედიაში აქტიურად საუბრობენ რუსეთის ბირთვულ იარაღზე, რომელიც საკმაოდ მოძველებულია და მისი აფეთქების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. კერძოდ შეიძლება ბირთვულმა იარაღმა სამიზნემდე ვერ მიაღწიოს და სხვაგან აფეთქდეს. რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?


ფრიდონ შუბითიძე: ბირთვული იარაღი იყოფა ორ კატეგორიად: 1. სტრატეგიული ანუ შორ-მანძილზე მოქმედი ბირთვული შეიარაღება, რომლის გადატანა ხდება კონტინენტალური რაკეტებით რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრის მანძილზე, და 2) ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება, რომლებსაც გააჩნიათ შეზღუდული შესაძლებლობები და ფუნქციები. საერთო ჯამში რუსეთს აქვს დაახლოებით 6300 ბირთვული იარაღი (ბომბი). თუ რუსეთი უკრაინაში გადაწყვეტს ბირთვული იარაღის გამოყენებას ის დიდი ალბათობით გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. რუსეთს თავის არსენალში აქვს დაახლოებით ორიათასამდე, (ამ რიცხვში შედის ყველა ტაქტიკური ბირთვული იარაღი და არის ვარაუდი, რომ აქედან დიდი ნაწილი უკვე გამოსულია მწყობრიდან) ტაქტიკური იარაღი. ბირთვული იარაღის მოქმედების არეა განისაზღვრება აფეთქების სიმძლავრით და იზომება კილოტონი ტრინიტროლუენით. შედარებისათვის ჰიროსიმასა და ნაგასაკში გამოყენებული ბირთვული იარაღის სიმძლავრე იყო 15 და 21 კილოტონა, ანუ 15 და 21 ათასი ტონა ტრინიტროლუენის ეკვივალენტი.


თავის მხრივ ტაქტიკური ბირთვული იარაღიც იყოფა სხვადასხვა სახეობებად. ზოგი განკუთვნილია საზღვაო ძალებისთვის, ზოგი საჰაერო და ზოგიც სახმელეთო ჯარებისათვის. ისინი გამოიყენებიან როგორც ხმელეთიდან-ხმელეთზე მოქმედი მცირე რადიუსის რაკეტებში ახლო მანძილებზე, ასევე ხმელეთიდან საჰაერო თავდაცვისათვის. მათი ზომა და სიმძლავრე განისაზღვრება დასმული პრობლემის მიხედვით, მაგალითად, მიწისქვეშა ბუნკერში შეღწევას უფრო მეტი სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული ბომბი გამოიყენება, ვიდრე საჰაერო თავდაცვისათვის. რუსეთს აქვს ყველა სახეობის ტაქტიკური ბირთვული იარაღის მარაგი. ვარაუდობენ, რომ რუსეთის არსენალში არის 500-მდე საჰაერო ტაქტიკური ბირთვული ბომბი, რომლის გადატანა ხდება ჰაერ-ხმელეთის რაკეტებით. ამ რაკეტების გაშვება კი ხდება ისეთი ბომბდამშენებით, როგორიცაა Tu-22 და Su-34. ეს ბომბდამშენები აქტიურად გამოიყენებოდა ომის დაწყებისას, მაგრამ ბოლო დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შედეგად რუსეთმა შეამცირა მათი გამოყენების სიხშირე და არეალი. ასეთი შეზღუდვების გამო, ყველაზე დიდი ალბათობით რუსეთი გამოიყენებს ისკანდერის სახმელეთო ბალისტიკურ სარაკეტო სისტემას ბირთვული იერიშის მისატანად. დღეისათვის რუსეთს არსენალში აქვს დაახლოებით ასამდე ბირთვული იარაღი, რომელიც გამოყენებადია ისკანდერის სახმელეთო სისტემებში. გარდა იმისა რომ ამ ტიპის ბირთვული იარაღის დიდი რაოდენობა შესაძლებელია იყოს უვარგის, ისკანდერის ბალისტიკური რაკეტების ფრენის დიაპაზონი არის 480 კმ-მდე. ასეთი მოკლე ფრენის დიაპაზონის გამო შესაძლებელია უკრაინელებმა აქტიურად გამოიყენონ დასავლეთ ქვეყნების თანამედროვე საშუალო დიაპაზონზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტები.


FirstNews.ge: რა მოხდება და როგორი იქნება მსოფლიო / დედამიწა თუკი პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს?
შეგიძლიათ აღგვიწეროთ სიტუაცია - რა პოლიტიკური გარემოებები შეიქმნება? რა საფრთხე დაემუქრებათ ადამიანებს? რა კლიმატურ საფრთხეს გამოიწვევს? რა შეიცვლება დედამიწაზე?


ფრიდონ შუბითიძე: ნებისმიერი ბირთვული იარაღის, ეს იქნება ტაქტიკური თუ სტრატეგიული, გამოყენებას მოჰყვება როგორც დიდი უარყოფითი კლიმატური, ჰუმანური და გარემო ცვლილებები, ასევე მას მოჰყვება უარყოფითი მსოფლიო პოლიტიკური შეფასებები და ნაბიჯები. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არ შეცვლის უკრაინაში მიმდინარე ომის დინამიკას, მაგრამ ეს იქნება კატასტროფა თვითონ პუტინისათვის, მის გარემოცვისათვის და რუსეთისათვის მთლიანად.


ბირთვული იარაღის გამოყენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მეტნაკლებად პროპორციულია გამოყენებული იარაღის სიმძლავრის. ზოგადად, რაც უფრო დიდია გამოყენებული იარაღის სიმძლავრე კილოტონებში, მით დიდია უარყოფითი მოქმედების რადიუსი თანაბრად (ერთგვაროვნად) განაწილებულ დედამიწის რელიეფზე. უნდა ვიცოდეთ, რომ დედამიწა ახდენს ყველაზე კარგად რადიაციული ნივთიერებების გაფილტვრას და არის ყველაზე ეფექტური რადიაციული გამოსხივების დამცველი. ასე მაგალითად, თუ აფეთქების ზონა გარშემორტყმული იქნება მთებით/ბორცვებით მაშინ რადიაციული ფონის გავრცელების და მოქმედების რადიუსი მცირდება მნიშვნელოვნად. გარდა ამისა თუ ტაქტიკური ბირთვული იარაღის აფეთქების შემთხვევაში ადამიანები იქნებიან მიწისქვეშა სარდაფებში გამორთული სავენტილაციო სისტემებით, მაშინ 3-4 დღის შემდეგ მწვავე რადიაციის ფონი საკმაოდ დაეცემა და ადამიანები შეძლებენ გარეთ გასვლას და სუნთქვას, მაგრამ ლოკალურად რადიაციული დაბინძურების გამო მათ დასჭირდებათ სუფთა წყლითა და საკვებით მომარაგება.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს ლოკალურად მაღალ რადიაციულ გამოსხივებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ყველა ელექტრონული მოწყობილობების გათიშვას. რადიაციის ფონი დროთა განმავლობაში შემცირდება და ადამიანებს შეეძლებათ ცხოვრების გაგრძელება.


იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთი გაიაზრებს მოსალოდნელ შედეგებს და საბოლოოდ არ გადადგამს ამ მეტად გაუაზრებელ, კატასტროფულ ნაბიჯს.

 

311691996 3199278733655814 5250602555943288922 n

რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომი გარემოს მდგომარეობაზე? ამ საკითხზე FirstNews.ge-ს აკ. წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკოლოგი ელენე გამყრელიძე ესაუბრა:

„ნებისმიერი ომი გარემოსათვის ზიანის მომტანია. უნდა ვიცოდეთ, რომ ომი არის დიდი უბედურება არამარტო მატერიალური თვალსაზრისით, ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობით, არამედ ის მთლიანად ანადგურებს გარემოში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს და ბუნებრივია, რომ გარემოსათვისაც საზიანოა.

დავიწყოთ უბრალოდ იმ გამონაბოლქვით, რომელიც საომარი მოქმედებების შედეგად წარმოიქმნება. ნებისმიერ შემთხვევაში, გარემოში წვის პროცესები ვითარდება და ეს ისეთი მავნე აირების შემცველია, რომლებიც ეკოსისტემას ძალიან დიდ ზიანს აყენებს.

გარემოში აზოტის სხვადასხვა ოქსიდები გამოიყოფა, რომელთაც ზოგადად NOX-ით აღნიშნავენ, ნახშირბადის ორვალენტოვანი CO და რაც მთავარია გარემოში დიდი რაოდენობით გროვდება ნამწვი აირები. ეს აირები შეიცავენ ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც მცენარეებისათვის, ცხოველებისათვის და თვით ადამიანთათვის საზიანოა.

ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე და ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვთან ვაიგივებთ. წარმოიდგინეთ რამდენი ჭურვის დაცლა ხდება ომში. საბრძოლო ტექნიკა, ეს იქნება ტანკები, თვითმფრინავები, რამდენ საწვავს იყენებენ იმისათვის, რომ ეს არასასურველი პროცესები წარიმართოს. ნებისმიერი საფრენი აპარატებით დაბომბვა თუ თვითმფრინავის ჩამოვარდნა ატმოსფერულ ჰაერში ილექება და იქიდან ნიადაგის ზედაპირზე ხვდება. იქ, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ძალიან დიდი რაოდენობით ტყვიაა,“ - აცხადებს ელენე გამყრელიძე.

 

მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომი, რომ დამთავრდა ევროპაში ტყეების დიდი ნაწილი განადგურებული იყო. საომარმა მოქმედებებმა, ხანძარმა, დიდი რაოდენობით ტექნიკის გამოყენებამ ტყეების უდიდესი ნაწილის 60%-70% განადგურება გამოიწვია.

„ევროპის მოსახლეობამ, როდესაც მშვიდობიანი პერიოდი დადგა, ხელოვნურად ტყეების გაშენება დაიწყო. დღეს ევროპის ტყეების უდიდესი ნაწილი ხელოვნურად გაშენების შედეგია, რასაც ათეულობით წელი დასჭირდა.


დღეს, მსოფლიოში კლიმატის გლობალური ცვლილები მიდის. ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობა გარემოში არის დაგროვილი, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს იმ სასიცოცხლო პროცესებზე, რომელიც დღეს გარემოში ხდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საზიანოა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ძალიან ბევრი მასშტაბური შეტაკება მოხდა, მაგრამ მაშინ ნაკლებად იყო ცნობილი ტერმინი - კლიმატის გლობალური ცვლილებები და ა.შ. მაშინ არ იყო ისეთი სახის იარაღი, რომლითაც ამჟამად აღჭურვილი არიან მოწინააღმდეგე მხარეები და სწორედ ამიტომ, ნაკლებად საუბრობდნენ კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხანგრძლივი ბრძოლები ერთი და იმავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბუნებრივია, რომ მაშინაც იქნებოდა ეს ცვლილებები, - ნისლის ჩამოწოლა, ხილვადობის გაუარესება და ა.შ.“- განმარტავს ჩვენთან საუბარში ელენე გამყრელიძე.

მისი თქმით, 1945 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხიროსიმაში და ნაგასაკიში ჩამოაგდეს ორი ბირთვული ბომბი. მაშინ არ იცოდნენ და არ ჰქონდათ გააზრებული ამას რა შედეგები მოჰყვებოდა, მაგრამ ეს იყო ის გაუთვალისწინებელი და დიდი პრობლემები, რომლებმაც ათეული წლების შემდეგაც კი თავის უარყოფით შედეგს დღესა ასხივებს.

„დღეს 21-ე საუკუნეა და ომზე არავინ უნდა საუბრობდეს, ყველგან უნდა იყოს უღრუბლო ცა და ბავშვებს იგივე უკრაინაში არ უნდა ეშინოდეთ მზის ამოსვლის, იმიტომ რომ ამან შეიძლება მსხვერპლი გამოიწვიოს და ისინი ვეღარ შეხვდნენ მომდევნო დღეს. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. როგორც პედაგოგს ყველაზე მეტად მეცოდება ის ბავშვები, რომლებიც შიშის ქვეშ ცხოვრობენ.

ბირთვული ომი საშიში, საზიანო და ძალიან უარყოფითი იქნება თვით რუსეთისათვის და მათი ხალხისათვის.

ყველამ კარგად იცით ალბათ, რა უარყოფითი შედეგები აქვს გამოსხივებას, რადიაციულ მტვერს და ნარჩენებს. უნდა გავითვალისწინოთ ამ ყველაფერს ქარი ალფა, ბეტა, გამა სხივებთან ერთად, რომელსაც ბირთვული იარაღი გამოყენების შემდეგ ტოვებს, არავინ იცის რა მიმართულებით წაიღებს. ეს ისეთი საკითხია, რომლის წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელია. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ჩვენ მოგვცა ჩერნობილის ატომურ სადგურზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. როდესაც ჩერნობილში უკრაინაში გამოტყორცნილი იოდის და ცეზიუმის იზოტოპები დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იყო აღმოჩენილი. ეს ისეთი საკითხია, რომ შეიძლება რუსეთს უკან დაუბრუნდეს, როგორც ბუმერანგი. არა მგონია პუტინი ისეთი ადამიანი იყოს, რომ მოწინააღმდეგეს და თავის ხალხს ასეთი ზიანი მიაყენოს,“- აღნიშნა ელენე გამყრელიძემ.

306704365 3200853433498344 9172060690550440541 n

ის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დაბომბვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჭურვის მოხვედრის შემდეგ ამან დიდი კატასტროფა გამოიწვიოს. მისი განცხადებით, ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ქვები დღესაც ასხივებენ რადიაციას და ონკოლოგიური დაავადებებია გავრცელებული. დასხივების შედეგები მესამე თაობაშიც კი ვლინდება.


„ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა და ეს არ უნდა მოხდეს. ეს არამარტო ეკოლოგიური კატასტროფა და გარემოს დაბინძურებაა, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება იმ უბედურებას, რასაც ბირთვული ომი ჰქვია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ რუს ხალხს, ვფიქრობ, ისინი გონიერები არიან და არ მისცემენ პუტინს იმის შესაძლებლობას, რომ მან ასეთი რამ გააკეთოს კაცობრიობის წინაშე.

იგივე პროცესები შეიძლება განვითარდეს რაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შედეგად მოხდა. იმ შემთხვევაში ძალიან იმატა სისხლის დაავადებებმა, ლეიკოზებმა. რადიაციული მტვერი და იზოტოპები, როდესაც დიდი რაოდენობით გაიტყორცნა გარემოში, აფხაზეთში ჩაიშიც კი იქნა აღმოჩენილი. ატმოსფერული ჰაერი არის ისეთი რამ, რომ მას ქარის დინება საით წაიღებს ვერავინ გაიგებს და ვერაფრით ვერ შეაჩერებთ.

მსოფლიოს ცივილიზებულმა ნაწილმა, მითუმეტეს პუტინმა და მისმა გარემოცვამ, რომელიც რუსეთის სამხედრო ელიტას წარმოადგენს, ეს არ უნდა დაუშვას.

ატომის მშვიდობიანად გამოყენებაც შეიძლება და მისგან ძალიან დიდი ენერგიის მიღება. არ შეიძლება ის ჩვენ იმისათვის მივმართოთ, რომ მოვსპოთ ადამიანების, ბავშვების, ქალების, კაცებისა და უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე," - განმარტავს ჩვენთან საუბარში ელენე გამყრელიძე.

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ბირთვულ საფრთხეებზე. ექიმი არჩილ მარშანია, მიიჩნევს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა არსებული ინტერესის გათვალისწინებით ამ პრობლემას სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელ პოსტს უძღვნის.

„გაგაცნობთ რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიის (ICRP) რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ბირთვული აფეთქების შემთხვევაში:

აფეთქებიდან პირველი 10 წთ: არ დარჩეთ გარეთ ან ავტომობილში;
საუკეთესო თავდაცვა და ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის დახურულ შენობაში შესვლა;
შენობაში უნდა გადაინაცვლოთ ცენტრალურ ნაწილში (კედლებიდან და ფანჯრებიდან მაქსიმალურად მოშორებით), საუკეთესო შემთხვევაში კი სარდაფში.
მიწისქვეშა პარკინგები და მეტროც კარგი ალტერნატივა შეიძლება აღმოჩნდეს ამ დროს.
თუ იმყოფებით ავტომობილში და ახლომახლო შენობა არ არის, გადადით გზიდან უსაფრთხოდ, ამოეფარეთ გზის შემაღლებულ ნაწილს ან შედით ხიდის/გადასასვლელი გზის ქვეშ.

აფეთქებიდან პირველი 24 სთ:
თუ ფიქრობთ, რომ რადიაციული ნარჩენებთან გქონდათ შეხება, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა მოიშოროთ, თუ გყავთ შინაური ცხოველი და ფიქრობთ რომ მათაც ჰქონდათ შეხება, მათი გასუფთავება უნდა მოხდეს განცალკევებულ ოთახში. ჩართეთ საინფორმაციო წყარო, ტელევიზია/რადიო და მოისმინეთ ინფორმაცია.

ინსტრუქცია მიიღეთ მხოლოდ ოფიციალური(!) (საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადების კონტროლის ცენტრი, შსს და ა.შ.) წყაროებიდან და მიჰყევით მათ.

არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ევაკუაცია და გადაადგილება თვითნებურად, ნუ მოუსმენთ სხვადასხვა არაოფიციალურ პირებს თუ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, დარჩით დაცულ ადგილას 12 - 24 საათის განმავლობაში და არ დატოვოთ შენობა თუ რაიმე გადაუდებელი სასიცოცხლო საფრთხე არ გემუქრებათ.

ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა საფრთხეებს შეიცავს ბირთვული აფეთქება:

▪️ძლიერი ნათება - რომელსაც შეუძლია დროებითი მხედველობის გაუარესება შესაძლოა იყოს ბირთვული აფეთქების მანიშნებელი და შესაძლოა განვითარდეს 10 კმ მოშორებით აფეთქების ადგილიდან;

▪️სითბური დარტყმა - მოსდევს ძლიერ ნათებას, მაღალი ტემპერატურის აირების გამოდევნა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კანის დამწვრობა, თვალების დაზიანება, სხვადასხვა ნივთების აალება, შესაძლოა გავრცელდეს აფეთქების ადგილიდან რამდენიმე კმ-ში;

▪️დარტყმითი ტალღა - აზიანებს ახლომდებარე შენობებს და შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა ფრაგმენტების გავრცელება, აფეთქებიდან რამდენიმე კილომეტრში;

▪️პირველადი რადიაცია - აფეთქებიდან რამდენიმე კმ-ში შეუძლია გამოიწვიოს დაზიანება და სიკვდილიც კი;

▪️ნარჩენი რადიაცია - აფეთქების შემდეგ, რადიაციული ნარჩენები ერევა მტვერს, ხდება მისი ატმოსფეროში გაფანტვა და შემდეგ მისი უკან, მიწისკენ დაბრუნება, რასაც დაახლოებით 10 წთ (ან მეტი) სჭირდება.

ნარჩენი რადიაცია ყველაზე საშიშია აფეთქებიდან 10 კმ-ს რადიუსში და პირველ რამდენიმე საათში;

▪️ელექტრომაგნიტური ტალღა - დამატებითი ზიანი შეიძლება განვითარდეს ტელეკომუნიკაციების დაზიანება, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ინფორმაციის მიღებისთვის ვეცადოთ/თვალყური ვადევნოთ და გამოვიყენოთ ყველანაირი წყარო, ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო FM/AM .

როგორ შეიძლება მოვემზადოთ წინასწარ:

წინასწარ განსაზღვრეთ თავშესაფრის ადგილმდებარეობა (შენობის ცენტრალური ნაწილი/სარდაფი), იქნება ეს თქვენი სახლი, მეტრო, დიდი შენობები თუ სხვა;

გქონდეთ პირველადი საჭიროების ნივთები, ფანარი, ელემენტები, სამედიცინო ჩანთა, ნიღბები, ტანსაცმელი, საკვები, წყალი (დეტალური სიის ერთ-ერთი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://www.ready.gov/kit );
გაიარეთ პირველადი დახმარების ტრენინგები ორ წელიწადში ერთხელ;
არ იქნება ურიგო წინასწარ შემუშავებული გეგმის ქონაც, რომელსაც შეუთანხმებთ თქვენს ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს.
კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ არ არსებობს პანიკის საფუძველი, უბრალოდ წინასწარი მზაობა და ცოდნა ყოველთვის კარგი იდეაა," - წერს არჩილ მარშანია.

 

312461927 3205162173067470 819734392586161563 n

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 482 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.