May 19, 2024

COVID-19-ის შემაკავებელი ზომების გამო შანხაისა და პეკინში საპროტესტო აქციებია

კვირას, 27 ნოემბერს შანხაის ქუჩებში გაიმართა აქციები, რომელთა მონაწილეებსაც ხელში უწარწერო ქაღალდები ეჭირათ და აპროტესტებდნენ COVID-19-ის შესაკავებლად მოქმედ მკაცრ ზომებს - იმ ფონზე, როცა ქვეყნის შორეულ დასავლეთში მომხდარმა ხანძარმა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ქვეყნის მოქალაქეებში ძლიერი სიბრაზე გამოიწვია.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტალღა, რომელიც მოედო პეკინსაც და ურუმჩისაც - სადაც ხანძარი მოხდა - უპრეცედენტოა ჩინეთში მას მერე, რაც ათწლეულის წინ ხელისუფლებაში სი ძინპინი მოვიდა.

 

შანხაიში მოქალაქეები შაბათს საღამოს შეიკრიბნენ, რათა პატივი მიეგოთ ხანძრის მსხვერპლთა ხსოვნისთვის, და ეს შეკრება კვირას, გამთენიისას საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ დემონსტრანტები სკანდირებდნენ "გააუქმეთ ლოკდაუნი ურუმჩიში, სინიანში, მთელს ჩინეთში!". არის ცნობები, რომ დემონსტრანტები გამოდიოდნენ მოწოდებებით ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ლიდერის, სი ძინპინის წინააღმდეგაც.

 

ჩინეთი მისდევს სი ძინპინის პოლიტიკას, რომელიც COVID-ის სრულად აღმოფხვრას მიემართება, მაშინაც კი, როცა დანარჩენი მსოფლიოს დიდ ნაწილში შეზღუდვათა დიდი ნაწილი მოიხსნა. გლობალური სტანდარტებით, ჩინეთის ამჟამინდელი მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა ის მატულობს, შაბათს ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 40,000 იყო.

 

ჩინეთი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკა აუცილებელია საიმისოდ, რომ ადამიანები გადარჩნენ და არ გადაიტვირთოს ჯანდაცვის სისტემა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ პოლიტიკას კვლავ გაატარებენ, საზოგადოებრივი უკმაყოფილების და ეკონომიკაზე მისი უარყოფითი შედეგების მიუხედავად.

წაკითხვა 148 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.