May 17, 2024

რატომ ბლოკავს თურქეთი შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ნატოში?

შვედეთისა და ფინეთის ნატოში სწრაფი გაწევრიანების იმედები ჩაიშალა თურქეთის წინააღმდეგობით, რომელსაც სამხედრო ალიანსში შესვლაზე ვეტოს დადების უფლება აქვს.

სამმა ქვეყანამ ამ მიმართულებით შეთანხმებას მადრიდში, გასული წლის ივნისში მიაღწია. თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. უფრო მეტიც, ამ კვირაში ერდოღანმა გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაგეგმილი მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ნატოს 30 წევრიდან მხოლოდ თურქეთისა და უნგრეთის პარლამენტებს არ აქვთ ჯერ რატიფიცირებული შვედეთისა და ფინეთის ჩრდილოეთ ალიანსში გაწევრიანება. არა და, ეს ორი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საკუთარი უსაფრთხოებით ძალიან შეშფოთებულია. რატომ ეწინააღმდეგება რეჯეფ ტაიფ ერდოღანი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, Reuters-მა გაარკვია.

 

რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას?

თურქეთი ამტკიცებს, რომ შვედეთი თავშესაფარს აძლევს ოფიციალური ანკარას მიერ აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებს, რომელთაც 1984 წელს თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელში იარაღი აიღეს. PKK თურქეთში, შვედეთში, აშშ-სა და ევროპაში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება. თურქეთს სურს, რომ სტოკჰოლმმა და ჰელსინკიმ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავონ PKK-სა და სხვა დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა 2016 წელს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

 

მადრიდში, ფინეთმა და შვედეთმა თანხმობა განაცხადეს, რომ ტერორიზმთან ბრძოლას გააძლიერებდნენ, მათ შორის - გასწევდნენ მეტ ძალისხმევას ეჭვმიტანილი მებრძოლების ექსტრადირებისა და დეპორტაციისთვის. თუმცა შვედეთის სასამართლომ დეპორტაციის რამდენიმე შემთხვევა დაბლოკა. შვედეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა სტოკჰოლმში საპროტესტო აქციების გამოც გამწვავდა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, აღნიშნული დემონსტრაციები სიძულვილის შემცველი დანაშაულებრივი ქმედებაა, რომელსაც სტოკჰოლმი სიტყვის თავისუფლებით ამართლებს. „შვედეთმა თურქეთის ბევრი შეშფოთება დააკმაყოფილა და აღნიშნული სამმხრივი მემორანდუმის პირობების შესრულებასაც აპირებს... თუმცა ახლა ცხადია, რომ ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის თურქული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა პოლ ლევინმა.

 

გაწევრიანების დაბლოკვით აღწევს თუ არა თურქეთი სხვა მიზანსაც?

მაისში, თურქეთში არჩევნები გაიმართება. ზოგიერთი ექსპერტი ნატოს მიმართ ერდოღანის პოზიციას საყოფაცხოვრებო ხარჯების კრიზისიდან ამომრჩეველთა ყურადღების სხვა თემაზე გადატანისა და საერთაშორისო სახელმწიფო მოღვაწის იმიჯის შექმნის მცდელობად აღიქვამს. სხვები ამბობენ, რომ შესაძლოა, მას სურს, ნატოს რატიფიკაცია შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მისაღწევად გამოიყენოს. ანკარას ვაშინგტონთან ურთიერთობა სირიელ ქურთ მებრძოლებთან კონფლიქტის გამო დაეძაბა. ეს უკანასკნელნი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობენ. ამასთანავე, თურქეთს სურს, ამერიკისგან F-16 მოიერიშე თვითმფრინავები იყიდოს, მაგრამ კონგრესის ზოგიერთი წევრი ამის წინააღმდეგია. 

 

რატომ უნდათ შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანება?

შვედეთი და ფინეთი დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ ოფიციალურ პოლიტიკას, რომელიც სამხედრო ალიანსებში არგაწევრიანებას გულისხმობდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ეს ქვეყნები აიძულა, თავიანთი მიდგომისთვის გადაეხედათ.

 

ფინეთი რუსეთთან 1300- კილომეტრიან (810 მილი) საზღვარს იზიარებს, ხოლო შვედეთის კუნძული გოთლენდი რუსეთის ბალტიის ფლოტის ბაზიდან მხოლოდ 300 კილომეტრით (186 მილი) არის დაშორებული. ორივე ქვეყანა მიიჩნევს, რომ ნატო, თავისი კოლექტიური თავდაცვის სტრატეგიით, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის საუკეთესო გზაა. 

 

რაში სჭირდება ნატოს შვედეთი და ფინეთი?

ორივე ქვეყანას შედარებით ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს. ფინეთს შეუძლია 285 ათასი სამხედრო პერსონალისა და 650 ტანკის მობილიზება. შვედეთს ჰყავს ძლიერი საჰაერო ძალები და წყალქვეშა ფლოტი, რომელიც ბალტიის ზღვის კლიმატურ პირობებთან არის ადაპტირებული. სტრატეგიულად, ორივე ქვეყანა ნატოს ფრონტის ხაზს რუსეთის წინააღმდეგ გაამაგრებს. ეს კი ალიანსს საშუალებას აძლევს, ბალტიისპირეთის რეგიონში ძალაუფლება გაიმყაროს.

 

შეუძლია თუ არა ფინეთს ნატოში გაწევრიანება შვედეთის გარეშე?

ტექნიკურად კი, მაგრამ შვედეთის გავლით სტრატეგიული სახმელეთო წვდომის გარეშე შვედეთის დაცვა ნატოსთვის რთული იქნება. შვედეთსა და ფინეთს გაწევრიანების პროცესის ერთად წარმართვა სურთ, მაგრამ თურქეთის რისხვა ძირითადად შვედეთისკენ არის მიმართული და ფინეთმა შეიძლება ამასობაში მოთმინება დაკარგოს. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვედეთის პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ ერთობლივი გაწევრიანება პრიორიტეტია, თუმცა ფინეთი განიხილავს განსხვავებულ გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შვედეთის წევრობა თურქეთის მიერ სამუდამოდ დაიბლოკება.

 

შეუძლია თუ არა ნატოს თურქეთის გარიცხვა და შვედეთისა და ფინეთის მიღება?

ნატოს დამფუძნებელ დოკუმენტში არ არსებობს ფორმალური მექანიზმი, რომელიც შეაჩერებს უფლებამოსილებას ან გააძევებს ამა თუ იმ წევრს ალიანსიდან. შესაბამისად, თურქეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლება. 

 

რა მოხდება ახლა?

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გაწევრიანების პროცესი გარკვეული პერიოდი შეჩერდება, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ თურქეთში არჩევნები არ ჩაივლის. ასეც რომ იყოს, ამ მიმართულებით პროგრესი შეიძლება საკმაოდ ნელი იყოს. მადრიდის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს. ამასთანავე, შვედეთმა განაცხადა, რომ თურქეთის ზოგიერთი სხვა მოთხოვნის შესრულება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თურქეთის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგიდან ადვილად არ მოიხსნება, ხოლო მოვლენების განვითარებაზე შვედეთისა და ფინეთის ზემოქმედების შესაძლებლობა უმნიშვნელოა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ შვედეთს, ფინეთსა და ნატოს სურთ, პროცესის გაჭიანურება თავიდან აიცილონ. „თურქეთის ქმედებები ახლა სარგებელს პუტინს მოუტანს და... ამან შეიძლება მთლიან ალიანსს პრობლემები შეუქმნას“, - განაცხადა ლევინმა.

წყარო

წაკითხვა 182 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.