May 4, 2024

რა “სიურპრიზებია” მოსალოდნელი 9 მაისს

“რუსეთი 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს მოსკოვის წითელ მოედანზე მორძალებულად იზეიმებს. მზარდი დაუცველობის გამო, ქვეყნის 6 ოლქსა და 21 დიდ ქალაქში აღლუმები გაუქმებულია.

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღლუმზე საზეიმო სიტყვით კი გამოვა, მაგრამ ვეტერანებისათვის ტრადიციული საზეიმო მიღება გააუქმა. რას უნდა ველოდეთ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან 9 მაისს? სამხედრო მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა შესაძლოა ამ დღეს რამდენიმე მნიშნელოვანიო საბრძოლო აქტივობა დაამთხვიონ. მაგალითად, 5 მაისს უშუალოდ კრემლის შენობაზე დრონებით განხორციელებული დარტყმის მსგავსი რამ, ან დაანონსებული დიდი შეტევის დაწყება. მეორეს მხრივ, 5 მაისის ინციდენტის შემდეგ ოფიციალური მოსკოვიც იმუქრება სხვადასხვა საპასუხო ზომებიც და რუსებმაც ეს ყველაფერი შესაძლოა სწორედ 9 მაისს დაგეგმონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რუსეთმა შეტევის პოტენციალი ამოწურა და მთლიანად თავდაცვაზე გადადის” - რა “სიურპრიზებია” მოსალოდნელი 9 მაისს.

 

“ქართველი სამხედრო ანალიტიკოსებს რუსების მხრიდან 9 მაისს რაიმე სამხედრო აქტიურობაში ეჭვი ეპარებათ, რადგან მათი შეფასებით, რუსეთს რაიმე წარმატებული შეტევის განხორციელების უნარი უკვე აღარ აქვს და შესაბამისად, მთლიანად თავდაცვასა და დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე იქნება კონცენტრირებული. კრემლის პროპაგანდისტები სხვადასხვა რეგიონში აღლუმების გაუქმებას და წითელ მოედანზე მსვლელობის მასშტაბების შემცირებას იმით ხსნიან, რომ “ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავი მრგვალი თარიღი არაა”. ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ ეს წაგების წინა მოკრძალებული აღლუმია, რა დროსაც “სიურპრიზებია” მოსალოდნელია როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარისგან. ამის პარალელურად ფრონტზე ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტია, სადაც ვერც რუსები მიიწევენ წინ და ვერც უკრაინელები... პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსებს შეტევის თავი აღარ აქვთ და ათასგვარ სცენას დგამენ. მისი აზრით, ბახმუტიდან “ვაგნერის” გასვლაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რუსები ცდილობენ ბახმუტიდან “ვაგნერის” გასვლა ისე შენიღბონ, რომ თითქოს თავდაცვაზე გადასვლა ამის გამო უწევთ. რეალურად მათ შეტევის თავი არ აქვთ. თუკი პრიგოჟინმა თავისი მებრძოლები გაიყვანა, ეს მიმართულება ძალიან მოსუსტდება, რადგან ისინი მაინც ბრძოლაში გამობრძმედილი მეომრები იყვნენ და ეს ტერიტორია კარგად იცოდნენ. ახლა რუსებს ძალიან გაუჭირდებათ, მით უმეტეს, რომ კადიროვის ქვედანაყოფები ისეთი მომზადებული არ არიან, როგორც ამ ომს სჭირდება. ფრონტის სხვა მიმართულებებზე ჯერჯერობით რაღაც მნიშვნელოვანი განვითარება არაა. რუსეთმა თავისი შეტევა დაამთავრა და თავდაცვაზე გადადის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

 

“ბახმუტში სიტუაცია არ შეცვლილა, ვერც რუსები მიდიან წინ და ვერც უკრაინელები. ფრონტის სხვა მონაკვთებზეც დიდი ცვლილებები არაა, პოზიციური ბრძოლებია. ბოლოს თქვეს, რომ “ვაგნერელებმა” ამუნიცია და ტყვია-წამალი მიიღესო და არ გამოვრიცხავ, რომ ბახმუტში დარჩნენ. თუ არა და შეიძლება ტაქტიკური გადაჯგუფება მოხდეს. პრიგოჟინი ამბობს, რომ თურმე „ვაგნერელებისთვის" ბახმუტის აღება მთავარი არ იყო, მათთვის მთავარი იყო მოწინააღმდეგის გამოფიტვის სტრატეგია, თუმცა ბახმუტის აღებაზეც არ იტყოდნენ უარს”, - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ “რეზონანსთან”.

 

“რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, “სადღესასწაულო ღონისძიებების განრიგში ცვლილებები არ იგეგმება”. 9 მაისს დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის “ტრადიციული საზეიმო გამოსვლა აღლუმზე” გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, წითელ მოედანზე აღლუმში მონაწილეობას 10 000-ზე მეტი სამხედრო და 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს. რუსული მხარე ამბობს, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავი მრგვალი თარიღი არაა და ამიტომ ეს დღე უფრო მოკრძალებულად აღინიშნება. ჩაერთვება თუ არა აღლუმში სამხედრო ავიაცია, ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ კიდევ არ არის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა, 21-მა ქალაქმა და ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის აღლუმები. გარდა ამისა, გაუქმებულია პუტინთან ვეტერანების ტრადიციული საზეიმო მიღება კრემლში რომელიც ბოლოს 2019 წელს, პანდემიამდე გაიმართა. “უკვდავი პოლკის” ტრადიციული მსვლელობა კი არც მოსკოვში და არც რუსეთის სხვა ქალაქებში არ გაიმართება”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“რა არის 9 მაისს უკრაინელებისგან მოსალოდნელი და რამდენად შესაძლებელია, რომ ამ თარიღს დიდი ხნის წინ დაანონსებული მასშტაბური კონტრშეტევა დაამთხვიონ? ანალიტიკოსები ურთიერთსაწინაარმდეგო პროგნოზებს აკეთებენ. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ ძნელი სათქმელია უკრაინა რას იზამს, თუმცა 5 მაისის ინციდენტი რუსეთს სერიოზულად აშინებს. ამასთან ამბობს, რომ უკრაინის დიდი შეტევის 9 მაისს დაწყება ნაკლებად სავარაუდოა. ხოლო სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ წითელ მოედანზე აღლუმი დიდი ალბათობით ჩატარდება, თუმცა მცირე მასშტაბით. მისი თქმით, უკრაინელებისგან უშუალოდ კრემლისა და წითელი მოედნის მიმართულებით “სიურპრიზები” მოსალოდნელი არაა, მაგრამ დიდი შეტევა შესაძლოა დაიწყოს”, - დასძენს გამოცემა.

 

“კრემლში კლანების დაპირისპირებაა და თავად რუსეთი წაგების პირას იმყოფება. თუ წითელ მოედანზე აღლუმს გამართავენ, ეს იქნება წაგების წინ კიდევ ერთი აღლუმი. არ მგონია, რომ უკრაინამ 9 მაისისს დიდი შეტევის დაწყება დაამთხვიოს. რაღაცეების თარიღებზე დამთხვევა გვიყვარს, მაგრამ ასეთი შეტევა ისეთ მომზადებას მოითხოვს, რომ რაღაც სიმბოლურ თარიღს ვერ დაუმიზნებ. შეტევა დაიწყება მაშინ, როცა უკრაინა ამისთვის მზად იქნება... 9 მაისს რუსების მხრიდან არავითარი “სიუირპრიზი” არაა მოსალოდნელი. მათ რომ ზელენსკიზე, ან კიევის სამთავრობო კარტალზე თავდასხმის საშუალება ჰქონოდათ, ამას ყოველთვის გააკეთებდნენ და ის არ უნდა ვიფიქროთ, რომ აქამდე რაღაცის გამო თავს შეიკავებდნენ. ამიტომაც ამ მხრივ სიურპრიზი არ უნდა იყოს. ზელენსკიზე, ან კიევზე თავდასხმას ალბათ შესაბამისი სამსახურები სულ უნდა ელოდნენ, მაგრამ ახლა რუსეთს სიურპრიზების თავი აღარ აქვს. უკვე თითქმის მთლიანად თავდაცვაზე გადავიდა”, - დაასკვნის” ლაშა ბერიძე.

 

|”რამდენადაც ვიცი, წითელ მოედანზე აღლუმთან დაკავშირებით ცვლილებები არაა. პუტინმა ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები დაპატიჟა და უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაატარა, რომელიც იმას მიეძღვნა, თუ აღლუმი როგორ უნდა ჩატარდეს. საბრძოლო ტექნიკაც უკვე შეყვანილია, შესაძლოა მასშტაბები შეზღუდული იყოს, მაგრამ აღლუმი ჩატარდება. არ მგონია 9 მაისს უკრაინელებმა რუსებს წითელ მოედანზე და კრემლზე “სიურპრიზები” მოუწყონ. უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ამ თარიღს დიდი შეტევა დაამთხვიონ ზაპოროჟიეს, ან დონბასის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ ამის მზაობა უკვე არის. მგონია, რომ დრონებით თავდასხმა უფრო კრემლში შიდა დაპირისპირების შედეგი იყო. წითელ მოედანზე და კრემლზე ისევ შეტევა ნაკლებად მოსალოდნელია. 9 მაისს უკრაინელების მხრიდან უფრო ისაა მოსალოდნელი, რომ საზღვრისპირა რუსეთის ტერიტორიებზე სამხედრო ობიექტებს მასიურად დაარტყან, შესაძლოა სიღრმისეულმა სადაზვერვო ჯგიფებმაც იმუშავონ. ამის პარალელურად კი დიდი კონტრშეტევა დაიწყონ. ეს უფრო რეალურ სცენარად მიმაჩნია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“რუსებისგან ყველაფერი მოსალოდნელია და ისიც არაა გამორიცხული, რომ 9 მაისს კიევის სამთავრობო კარტალზე მიიტანონ იერიში. ნოვგოროდთან რუსი პროპაგანდისტი ზახარ პრილეპინი ააფეთქეს, მე მგონი კრემლზე დრონებით თავდასხმა და ეს ამბავი გათვლილი იყო იმაზე, რომ პუტინს ხელები გაეხსნას და სახელმწიფო ტერორის აქტები დაიწყოს უკრაინის ტერიტორიაზე. ამასთან არ გამოვრიცხავ, რომ კიევის სამთავრობო კვარტალზე სარაკეტო იერიში მიიტანოს”, - დასძენს მაისაია.

წაკითხვა 219 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.