"უკრაინა დანაშაულის ადგილია, დამნაშავე სწორედ ამ ოთახში ზის და იცით, ვინც ხართ"- შარლ მიშელი

თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ვინ იქნება შემდეგი, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე განაცხადა.

„უკრაინა დანაშაულის ადგილია. დამნაშავე სწორედ ამ ოთახში ზის. იცით, ვინც ხართ. კრემლი ძველი რუსული იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს. უკრაინის შემდეგ, ვინ იქნება შემდეგი? ვინ იქნება შემდეგი, ვინც დააკმაყოფილებს პუტინის წარსულის ფანტაზიას? და თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? ამ დანაშაულის ადგილზე ჩვენც გვყავს მსხვერპლი, ის, ვისაც თავს დაესხნენ. უკრაინა და ყველა უკრაინელი იბრძვის ომში, რომელიც არ დაუწყიათ, იცავენ თავიანთ ქვეყანას ომისგან, რომელიც არ სურდათ და იცავენ შვილებს ტანჯვისგან, რომელსაც არავინ იმსახურებს“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

 

შარლ მიშელმა უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანაზე, ე.წ. გაშვილებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ სინამდვილეში ეს არის ბავშვების დეპორტაცია.

 

„გეკითხებით ყველას, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებს: შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? შვილების დაცვით უკრაინელები იცავენ ყველაზე ძვირფასს: ოჯახებს, მომავალს, თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროკავშირი, მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რათა დავიცვათ თავი. მანამ, სანამ უდანაშაულოებს თავს დაესხმებიან, ჩვენ დავეხმარებით მათ თავის დაცვაში და ჩვენ მათ გვერდით დავრჩებით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - აღნიშნა მიშელმა.

 

მან გაერო-ს წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდა. მან ჩინეთს მიმართა, დაარწმუნოს რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს.

 

„რას ვაკეთებთ ამ დანაშაულთან დაკავშირებით? რას ვაკეთებთ ამ აგრესიასთან დაკავშირებით? რას ვაკეთებთ, როცა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრი თავს ესხმის მეზობელს? რა გავაკეთეთ ჩვენ, როცა ის იყენებს ვეტოს უფლებას თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ და გაერო-ს წესდების ძირითადი პრინციპების წინააღმდეგ? მსურს პირდაპირ ვესაუბრო თითოეულ თქვენგანს ამ მაგიდის გარშემო. როგორც პასუხისმგებლიან ქვეყნებს, ჩვენ ყველამ უნდა შევასრულოთ როლი გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობაში. განსაკუთრებით მინდა მივმართო ჩინეთის პატივცემულ წარმომადგენელს. მოდით გავერთიანდეთ, რათა დავარწმუნოთ რუსეთი, დაასრულოს ეს კრიმინალური ომი, რომელიც ბევრს აზარალებს. მოდით გავაერთიანოთ ძალები, რათა დავარწმუნოთ რუსეთი, პატივი სცეს გაერო-ს წესდების პრინციპებს. ჩვენს თვალწინ ტრაგიკული დანაშაული ხდება და ჩვენ ყველანი ამის მოწმეები ვართ. მტკიცედ უნდა დავდგეთ იმის გვერდით, ვისაც თავს ესხმიან. განსაკუთრებით აქ, უშიშროების საბჭოში. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს პალატა და ამიტომ ვართ დღეს აქ: რომ ვუთხრათ აგრესიას „არა“, დავიცვათ მშვიდობა, უსაფრთხოება და თანამშრომლობა ადამიანებსა და ჩვენს ყველა ერს შორის“, - აღნიშნა მიშელმა.

წაკითხვა 166 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 21 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.