ყარაბაღიდან სომხეთში 2 900-ზე მეტი ყარაბაღელი სომეხი გადავიდა

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი უკვე დატოვა 2900-ზე მეტმა ადამიანმა.

სომხეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 25 სექტემბრის 06:00 საათისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გაემგზავრა 2906 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 1000-მდე ადამიანს საცხოვრებელი თავად ჰქონდა, 1100 - სომხეთის მთავრობამ უზრუნველყო, დანარჩენების საჭიროების შეფასება კი გრძელდება.

 

მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

 

22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მზად არიან ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავიანთ სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ. სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ყარაბაღში დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, მას შემდეგ, რაც „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომელი და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურე.

 

20 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს ოპერაციის შეჩერების თხოვნა და ისინი დასთანხმდნენ ბაქოს პირობებს - ყარაბაღში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას.

 

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და „მალე დაინახავენ უკეთესობას", რადგან ბაქოს მიზანია „მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა". თავის მხრივ, ყარაბაღელი სომხები მოითხოვენ უსაფრთხოების მყარ გარანტიას, რომელიც მათი წარმომადგენლების თანახმად, ჯერჯერობით ვერ მიიღეს.

 

ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო, ერევანში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. 24 სექტემბერს ოპოზიციამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.

 

აზერბაიჯანმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა კონტროლი ეთნიკური სომხებით დასახლებულ ყარაბაღზე, რომელმაც „დამოუკიდებლობა" გამოაცხადა. მას შემდეგ სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.

 

2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ზოგიერთ რაიონზე დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".

წაკითხვა 204 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 25 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.