ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას პუტინის არალეგიტიმურად აღიარებისკენ მოუწოდა

ევროპის საბჭოს ასამბლეა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, „აღიარონ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი, ჰუმანიტარული კონტაქტის გარდა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ერთხმად მიღებულ რეზოლუციაში ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2000 წლიდანაა.

2020 წლის ივლისში რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა მისი პოტენციური პრეზიდენტობა 2036 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც გამოიწვია შეშფოთება კონტროლისა და ბალანსის სისტემის არარსებობის გამო.

„ეს, შიდა ოპონენტების წინააღმდეგ მზარდ რეპრესიებსა და უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან ერთად, ხაზს უსვამს პრეზიდენტის უკონტროლო ძალაუფლების ფასს“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზში.

„პრეზიდენტის აბსოლუტურმა ძალაუფლებამ, რომელიც გამოწვეულია ხელისუფლების უკიდურესად ხანგრძლივი ვადით, ყოველგვარი კონტროლისა და ბალანსის სისტემის გარეშე, როგორიცაა ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო დიქტატურად გადააქცია “, - აცხადებენ პარლამენტარები.

ასამბლეის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ დიქტატურები საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მათი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიან. შესაბამისად, პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ რუსეთში დემოკრატიის აღდგენა არა მხოლოდ რუსი ხალხის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.

ამასთან, ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რომელიც პასუხს აგებინებს რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, მათი ქმედებების გამო, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიისთვის და MH17 ავიარეისის ჩამოგდებისთვის.

წაკითხვა 121 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.