April 26, 2024

მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ – ანტიკრიზისული სახელმწიფო პროგრამები ბიზნესისა და მოსახლეობის მხარდასაჭერად

საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური შოკის დასაძლევად ანტიკრიზისულ გეგმას უახლოეს დღეებში წარადგენს. მანამდე კი მთავრობამ ბიზნესს გარკვეული გადასახადები უკვე გაუუქმა და მოსახლეობას სხვადასხვა ჯარიმების გადახდის ვადა გაუხანგრძლივა. 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესეს კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს.

 

კიდევ რას შესთავაზებს ბიზნესს და მოსახლეობას ხელისუფლება, ეს ანტიკრიზისული გეგმის გასაჯაროვების შემდეგ გაირკვევა. მანამდე კი „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც ხელისუფლებებმა ანტიკრიზისული გეგმა უკვე აამოქმედეს.

 

 

აშშ

 

ამერიკამ ეკონომიკის სტიმულირება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებით დაწყო. მოგვიანებით, ხელისუფლებამ მიიღო აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ, 2-ტრილიონიანი ეკონომიკური სტიმულირების კანონი.

 

კანონი წარმოადგენს გადაუდებელი დახმარების უმსხვილეს პაკეტს აშშ-ის ისტორიაში და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ქმედებას, რომლის მიზანი კორონავირუსისგან გამოწვეული სწრფად მზარდი კრიზისის შეჩერებაა. რესურსი მოხმარდება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებას, ბიზნესის მხარდაჭერასა და ახალი კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატებს, აგრეთვე ამერიკის მოსახლეობას.

კერძოდ, პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 75 000 აშშ დოლარამდე, 1 200 აშშ დოლარს მიიღებენ, ხოლო ოჯახები, სადაც ბავშვებიც არიან, დამატებით 500 აშშ დოლარს მიიღებენ თითოეულ ბავშვზე. მათ, ვინც ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო სამსახური დაკარგა, დროებით გაუზრდიან შემწეობას უმუშევრობის გამო.

367 მილიარდი აშშ დოლარი მცირე ბიზნესის სტიმულირებას მოხმარდება. კიდევ 130 მილიარდი აშშ დოლარი კი მოხმარდება სამედიცინო დაწესებულებების ხარჯების დაფარვას. დანარჩენი თანხა მოხმარდება იმ დაწესებულებებს, რომლებმაც, COVID-19-ის გავრცელების გამო კლიენტები დაკარგეს.

 

 

გერმანია

 

კორონავირუსის გამო უპრეცედენტო ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა გერმანიის ხელისუფლებამაც. ბუნდესტაგის მიერ მიღებული სამოქმედო გეგმა, პანდემიასთან ბრძოლისთვის 156 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის აღებას ითვალისწინებს. ამას გარდა, ეკონომიკური სტაბილურობის ფონდიდან გამოიყოფა 600 მილიარდი ევრო, რაც კომპანიებს სახელმწიფოს მხარდაჭერით უზრუნველყოფს და სახელმწიფო გარანტიებს მისცემს კერძო ფირმებს. ანტიკრიზისული გეგმის დამტკიცებამდე გერმანელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ე.წ. შავი ნულის წესის დროებით გაუქმებას, რომელიც გერმანიის სახელმწიფო ვალის ზრდას კრძალავს.

 

 

ესპანეთი

 

ესპანეთში მოქალაქეები დროებით გაათავისუფლეს იპოთეკური სესხების შენატანებისგან, ასევე საიჯარო გადასახადების გადახდისგან. ქვეყნის ხელისუფლება კომუნალური სერვისების მიმწოდებლებს მოუწოდებს, განაგრძონ დენის, გაზისა და წყლის მიწოდება იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და ამ ეტაპზე კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან. ესპანეთის ცალკეული პროვინციები დამოუკიდებლად აგვარებენ უმუშევრად დარჩენილებისთვის ფულადი კომპენსაციის საკითხს.

 

 

დიდი ბრიტანეთი

 

330 მილიარდი გირვანქა გამოყო ბიზნესის მხარდასაჭერად დიდმა ბრიტანეთმა, რათა მეწარმეებმა იჯარისა და თანამშრომლების ხელფასების შეუფერხებლად გადახდა შეძლონ.

 

ამასთან, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა $37 მილიარდის მოცულობის პროგრამა წარადგინა, რომელიც შემდეგ ღონისძიებებს ითვალისწინებს: საგადასახადო შეღავათი საცალო ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის; ფულადი გრანტები მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის; სახელმწიფო სუბსიდია ბიზნესებისთვის იმ დასაქმებულთა ხელფასების დასაფარად, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ვირუსი შეეყრებათ;

 

დიდი ბრიტანეთი, კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, სპეციალური პროგრამებით, კომპანიებთან ერთად, თვითდასაქმებულებსაც დაეხმარება.

 

 

იტალია

 

340 მილიარდი ევროს ჩადებას აპირებს იტალია ეკონომიკაში, ხოლო სოციალური პაკეტების სახით 500 ევროს ერთჯერადად გადაუხდის ყველა თვითდასაქმებულსა და დროებით "დაპაუზებული" ბიზნესის თანამშრომლებს, აგრეთვე შეზღუდვების პერიოდში დასაქმებულებს, მათ შორის ფოსტის თანამშრომლებსა და ტაქსის მძღოლებს.

 

 

ავსტრალია

 

ავსტრალიამ 12 მარტს 11.4 მილიარდი დოლარის მოცულობის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც შემდეგ მიმართულებებს ითვალისწინებს: სუბსიდიები მცირე ბიზნესებისთვის, რაც დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად; დამატებით ერთჯერადი ფულადი დახმარებები იმ პირებისთვის, რომლებიც სოციალურ დახმარებებს ან ხანდაზმულობის პენსიას იღებენ; სუბსიდიები იმ სექტორებში მოღვაწე კომპანიებისთვის, რომლებიც ვირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

 

 

სამხრეთ კორეა

 

3 მარტს სამხრეთ კორეის მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების 9.8 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტი წარადგინა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის ჰონგ ნამ კის განცხადებით, მიღებული ზომები ქვეყანაში შექმნილი შოკის პირობებში დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კონკრეტულად კი დაგეგმილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის პირდაპირი სუბსიდიების მიცემა, ასევე ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების ფინანსური დახმარება.

 

 

https://www.bpn.ge/

წაკითხვა 451 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 31 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.