April 26, 2024

“პანდემიის შეჩერების ბერკეტი არ სჩანს”... პანდემია კაცობრიობას შიმშილის, დაავადებების და გაუნათლებლობისკენ მიაქანებს

“ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ, ბოლო პერიოდში გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება.

გამყრელიძის აზრით პანდემია მინიმუმ 1 წელი კიდევ გაგრძელდება, თუმცა რის საფუძველზე ასახელებს 1 წელს, უცნობია. გოგინავას აზრით, შეუძლებელია ვირუსის გაქრობასთან დაკავშირებით ზუსტი დროის განსაზღვრა და გამყრელიძის ნათქვამი ერთი წელი უბრალო ვარაუდად მიაჩნია. ინფექციონისტის თქმით, ახალი შემთხვევების სწრაფი მატების გამო, ჯერჯერობით პანდემიის პრობლემა გადაუჭრელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პანდემიის შეჩერების ბერკეტი არ სჩანს” - კაცობრიობა უსუსურია, ვირუსი საოცარი სისწრაფით ვრცელდება.

 

“რთულია კონკრეტული ვადის დასახელება, იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება მთელს მსოფლიოში, ვაქცინა ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია, ამიტომ, როდის მოხდება ვირუსის სრული გაქრობა, ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. ვფიქრობ ამირან გამყრელიძის ნათქვამი 1 წელი, არის ვარაუდი, მე არ ვიცი რაზე დაყრდნობით შეიძლება ამაზე საუბარი. სავარაუდოდ, პანდემიის პროგრესირების იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს გვაქვს, თუმცა, ზუსტად არაფერი ვიცით. დაავადება ყველგან პროგრესირებს, დაინფიცირებულთა შემთხვევები იზრდება, ვირუსი ვრცელდება, ამის შეჩერების ბერკეტი კი არ ჩანს. ერთადერთი საშუალება, რომელიც ეფექტურად და მოკლე ვადაში გადაჭრის პრობლემას, არის ვაქცინა, რომელიც ასევე არ არსებობს” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“ეპიდემიოლოგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 14 დღიანი კარანტინის ვადა არ უნდა შემცირდეს. გოგინავას აზრით, მსგავსი კვლევები უამრავია, თუმცა რამდენად შეიძლება ნდობა, ეს მეორე საკითხია, - ამბობს ის. “კორონავირუსი არის ახალი ვირუსი, ჯერ ბოლომდე შესწავლული არ არის. ახალი კვლევების მიხედვით, 8-10 დღის პერიოდში ეს ვირუსი გადამდები არ არის, თუმცა, ეს შუალედური დასკვნებია და საბოლოოდ არ ვიცით უნდა ვენდოთ, თუ არა მსგავს კვლევებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვირუსზე ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული ინფორმაცია” - თვლის გოგინავა. მისივე თქმით კვლევების მიხედვით შეიძლება მოხდეს საკარანტინო ვადების გადახედვა, თუმცა, ეპიდემიოლოგს ამასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ აქვს,”- წერს სტატიის ავტორი.

 

“შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოაცხადა. “ნიუ იორკ თაიმსი” წერს, რომ პანდემია ღარიბ ქვეყნებში ისეთ კატაკლიზმად გადაიქცა, სადაც ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ - კორონავირუსულ პანდემიას, სხვა დაავადებების, გაუნათლებლობისა და აუტანელი სიღარიბის პანდემია მოყვება, რაც ყველაზე მეტად სწორედ ბავშვებს ურტყამს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, პანდემიის შედეგად მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებში ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულება დაიკეტა, ხოლო სხვა მძიმე დაავადებების სამკურნალო საშუალებები მიუწვდომელი გახდა, რადგან სხვადასხვა სამედიცინო კამპანიები შეჩერებულია, კორონავირუსით უდიდესი ზიანი არა პირდაპირ ინფიცირებულებს მიადგათ, არამედ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკას, ჯანდაცვის სისტემებს და განათლებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მსოფლიო, რომელიც კოვიდამდე იყო, აღარ იქნება” - პანდემია შიმშილის, დაავადებების და გაუნათლებლობისკენ მიგვაქანებს.

 

“ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ პანდემიამ გარდა უშუალოდ კორონავირუსული ინფექციით დაზარალებულებისა, მსოფლიო ეკონომიკა, განათლება დააზარალა და პოლიტიკური პროცესებიც ეჭვქვეშ დააყენა. “პანდემიის გამო პირველ რიგში ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა, ამაზე დიდი ხნის წინ იყო ლაპარაკი, რომ ეს (ვირუსი) ვითომ სპეციალურად ჩინეთმა შექმნა - ეს არ ვიცი ჭორია თუ სიმართლე, მაგრამ დაემთხვა ისე, რომ თუ არ ვცდები ჩინეთმა ბევრი აქტივები იყიდა, რომლებსაც ფასის გამო აქამდე ვერ ახერხებდა... ჩვენი ქვეყანა ავიღოთ - სწავლა ჩავარდნილია, არ ვიცით იქნება თუ არა არჩევნები, მიმოსვლა კარგა ხანია შეზღუდული იყო და ახლაც არაა გამორიცხული, რომ აჭარა ჩაიკეტოს, მთავარი პრობლემა ისაა, რომ პაციენტი მხოლოდ საავადმყოფოში აღარ თავსდება...” - ამბობს ხმალაძე. ექსპერტი ჯანდაცვის სფეროში ვატო სურგულაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა მსოფლიოში არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ყველა სფერო დააზარალა და მისი თქმით, “ის მსოფლიო, რომელიც კოვიდამდე იყო, აღარ იქნება”.

 

“კორონავირუსმა მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ გამოიწვია, ღირებულებების გადაფასება, ასევე ის, რომ ვნახეთ, რომ აშშ-ში ითვლებოდა, რომ ბიო უსაფრთხოებაზე ყველაზე დიდი თანხები იხარჯებოდა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ქვეყანაა, რადგან ამ პროცესის მართვა ვერ მოხდა, ასევე მთელს მსოფლიოში ეკონომიკის ასეთი ძლიერი ვარდნა არ ყოფილა. ასევე მსოფლიო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უსაფრთხოება გაცილებით უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე მარტო იარაღისა და ჯარის ყოლა, უამრავ რაღაცაზე დააფიქრა ადამიანები, თუ ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელონ, ბევრ რაღაცას ადამიანი ალბათ სხვანაირად შეხედავს, ის მსოფლიო, რომელიც კოვიდამდე იყო, აღარ იქნება, თვისობრივად შეიცვლება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

 

“რაც შეეხება ბავშვებს, მაგალითად ონლაინ სწავლება გაცილებით ნაკლებს აძლევს, ვიდრე პირდაპირი ტიპის განათლება, ეს განვითარებულ ქვეყნებშიც ასეა, ხოლო რაღიბ ქვეყნებზე აღარაა საუბარი, სადაც კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი ხელმისაწვდომი არაა. კორონავირუსმა ყველაზე მეტად ღარიბ ქვეყნებს დაარტყა, პანდემია ჯერ არ დამთავრებულა და როდის დამთავრდება კაცმა არ იცის, რის მერეც მსოფლიო ისეთი აღარ იქნება. 50-იან წლებში ნობელის პრემიის ერთ-ერთმა ლაურეატმა თქვა, რომ ერთადერთი რამაც შეიძლება კაცობრიობა დაამარცხოს, ეს არის ვირუსიო და როგორც ვხედავთ აბსოლუტურად მართალი იყო. პანდემიის მერე ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება წავა, ამისთვის მეტი თანხები ჩაიდება, ასევე ეკონომიკის მხრივ ბიზნესების დივერსიფიკაცია მოხდება იმისათვის, რომ ერთ დარგზე მაგალითად ტურიზმზე დამოკიდებულები ძალიან არ ვიყოთ” - დაასკვნის სურგულაძე.

წაკითხვა 417 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.