ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა - ფაქტები მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მომღერალის შესახებ

22 აგვისტოს ცნობილი იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა. იგი 80 წლის იყო. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ მის მენეჯერზე დაყრდნობით გაავრცელა. „ანსა“ წერს, რომ მომღერალი მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა „ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ“.

ტოტო (ნამდვილი სახელი – სალვატორე) კუტუნიომ მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. თავიდან დრამერი იყო, შემდეგ ჯაზით და ფორტეპიანოზე დაკვრით დაინტერესდა და სიმღერებსაც წერდა. საკუთარი ჯგუფის – Albatros-ის შექმნის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მომღერალმა სოლო კარიერა დაიწყო, რამაც მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

 

1990 წელს ტოტო კუტუნიომ ევროვიზიაზე გაიმარჯვა ზაგრებში.

 

იგი თავისი ტკბილი, მელოდიური ხმითა და მომხიბვლელი გარეგნობით უამრავი ქალის ოცნების მამაკაცს წარმოადგენდა. მომღერალი საავტორო სიმღერებსაც წერდა ისეთი ცნობილი მომღერლებისთვის, როგორებიც იყვნენ: ჯო დასენი, მირეი მატიე, ადრიანო ჩელენტანო, ჯგუფი Ricchi e Poveri, დალიდა და სხვები.

 

კუტუნიო მთელმა მსოფლიომ გაიცნო თავისი ჰიტით „L’Italiano“ (Lasciate Mi Cantare), რომელიც მისი სავიზიტო ბარათი გახდა და იტალიის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.

 

ტოტო კუტუნიო საქართველოშიც იმყოფებოდა ორჯერ – 2007 და 2012 წლებში და ქართველი მსმენელისთვის კონცერტები გამართა.

 

2007 წლის 26 მაისს ტოტო კუტუნიოს კონცერტი თბილისში ღია ცის ქვეშ გაიმართა. მომღერალმა ქართველ მსმენელს მაშინ სიურპრიზი მოუწყო და ქართულად იმღერა „სულიკო“, თუმცა სიურპრიზები იმ საღამოს ამით არ ამოწურულა. ერთ-ერთი სიმღერის წინ ტოტომ ქართველი ქალების სილამაზეზე ისაუბრა, შემდეგ განაცხადა, ეს სიმღერა ქართველ ქალებს ეძღვნებაო და თავისი ერთ-ერთი ჰიტი შეასრულა.

 

2012 წელს კი იტალიელმა მომღერალმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ისევ თბილისში, გლდანის პარკში გამართა უფასო კონცერტი.

წაკითხვა 241 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 23 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.