მანდარინი მგლის ტყავში: საქართველოში შეშფოთებულნი არიან ციტრუსების რუსეთში გატანით

რუსული გაზეთ „კომერსანტ“-ში («КоммерсантЪ») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მანდარინი მგლის ტყავში: საქართველოში შეშფოთებულნი არიან ციტრუსების რუსეთში გატანით“. პუბლიკაცია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ადრესატს ეხება და პარალელურად ნაჩვენებია, თუ როგორაა პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან დაკავშირებული (ავტორები - გიორგი დვალი, ანატოლი კოსტირევი).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

 

„2020 წლის შედეგები გვაჩვენებს, რომ საქართველო თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კერძოდ ციტრუსების (მანდარინის) ექსპორტში რუსულ ბაზარზე დამოკიდებული რჩება. ამ სეზონზე რუსეთში ქართული ციტრუსების თითქმის 57% მოხვდა. ევროპაში კი ქართულ მანდარინს არ უშვებენ“, - ნათქვამია სტატიაში. იქვე მოცემულია მანდარინის ექსპორტის რაოდენობა ციფრებში: რუსეთში (21,2 ათასი ტონა), სომხეთში (8 ათასი ტონა), უკრაინაში (5,3 ათასი ტონა)... რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე ექვსი წელია მოქმედებს შეთანხმება "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ", ქართულ (აჭარულ) მანდარინს თავისი ბაზარი მხოლოდ ორმა სახელმწიფომ - სლოვაკეთმა და ლიეტუვამ დაუთმო, ისიც მხოლოდ რამდენიმე ასეული ტონის ფარგლებში.

 

რატომაა ევროკავშირის ასეთი მცირე წილი ქართულ ექსპორტში?

 

როგორც ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ განუმარტა „კომერსანტის“ კორესპონდენტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თურმე ევროპაში არსებობს მკაცრი რეგლამენტი, რომლის თანახმად, იქაურ ბაზარზე მოძველებული ჯიშების მანდარინის შეტანა აკრძალულია. ქართული მანდარინი კი სწორედ „მოძველებულ“ კატეგორიაშია შეტანილი.

 

თავის მხრივ, „როსსელხოზნადზორ“-ში აღნიშნეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ციტრუსების შეტანის დროს მთავარი  მოთხოვნა პროდუქციის უსაფრთხოება. ციტრუსების ჯიშს და სახეობას არანაირი შეზღუდვა არ აქვს. უწყებაში დააზუსტეს, რომ საქართველო რუსეთის ბაზარზე წამყვან ექსპორტიორს არ წარმოადგენს. რუსეთში თურქეთიდან უფრო მეტი მანდარინი შედის - დაახლოებით 360 ათასი ტონა წელიწადში.

 

ექსპერტ გიორგი ხუხაშვილის თქმით, ქართველმა ბიზნესმენებმა და ხელისუფლებამ ვერ შეძლო „საექსპორტო უწყვეტი ხაზის“ აწყობა ევროპაში: ეს არის ლოჯისტიკა, სასაწყობო მეურნეობა, შეფუთვა, გაყიდვა საცალო და საბითუმო ქსელში და ბევრი სხვა რამ“.

 

ზოგადად, ქართული პროდუქციის ექსპორტი ძირითადად რუსეთში და აზერბაიჯანში ხორციელდება. 2019 წელს თითოეულ ამ ქვეყანაზე ექსპორტის დაახლოებით 13% მოდიოდა.

 

გიორგი ხუხაშვილი ამას არა საბაზრო, არამედ პოლიტიკური მიზეზებით ხსნის: „მოსკოვი ჩვენ საექსპორტო ნემსს გვაჩვევს, რომ საქართველო რუსეთზე დამოკიდებულება გაძლიერდეს და საჭირო შემთხვევაში ეს ფაქტორი ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით გამოიყენოს“.

 

2006-2013 წლებში, როცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გაუარესებული იყო, ქართულ ექსპორტზე რუსეთმა შეზღუდვები - ემბარგო დააწესა. მოგვიანებით ემბარგოს პირობები ჯერ შერბილდა, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია დამარცხდა და მის ნაცვლად ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ მოვიდა, სანქციები გაუქმდა.

 

გიორგი ხუხაშვილის თვალსაზრისს იზიარებს ანალიტიკოსი დავით ავალიშვილი: „რუსეთის ხელისუფლება წინასწარგანზრახულად ქმნის ასეთ სიტუაციას იმ ქვეყნებისათვის (საქართველოსთვის და უკრაინისთვის), რომლებსაც ევროპულ სტრუქტურებში - ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება სურთ. მათ თავიანთი პროდუქციის უმეტესი ნაწილი რუსეთში  გააქვთ“, - ამბობს ექსპერტი. იგი დარწმუნებულია, რომ „კრიტიკულ მომენტებში, რომელიც შესაძლოა მოსკოვ-თბილისის ურთიერთობებში გაჩნდეს, რუსეთმა შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ ემბარგო დააწესოს, რაც იმსხვერპლებს არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოებრიობასაც“.

 

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4663233

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 603 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.