შეზღუდვების მოხსნა ცოტათი დაგვიანდა, უფრო ადრეც შეიძლებოდა - გიორგი კეპულაძე

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რესტორნებს საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ.

 

„ეს ნიშნავს, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ“, – განაცხადა ღიბრაძემ.

 

ასევე, პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და „პისიარ“ უარყოფითი ტესტის პასუხით.

 

„სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და „პისიარ“ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტი. ამასთან, არის რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვდითან დაკავშირებულ შემთხვევებსაც“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

მისივე განმარტებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი.

 

აღნიშნული საკითხი  Firstnews.ge - თან საუბარში „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განიხილა.

 

"სახმელეთო საზღვრის გახსნა, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდისთვის და ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რომელიც წელიწადზე მეტია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ცალსახად დადებითი იქნება. ყველაზე დიდი დარტყმა პანდემიის განმავლობაში ტურიზმის ინდუსტრიამ მიიღო, რომელშიც ბევრი ქვე სექტორი შედის: რესტორნები, გიდები, ტურისტული სააგენტოები, ტრანსპორტირება, ავიამიმოსვლა და ა.შ. ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. იმედია, სახმელეთო საზღვრის გახსნა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის მიმოსვლას გაააქტიურებს. საქართველოში ტურისტების 80%-ზე მეტი მანამდეც სახმელეთო, საავტომობილო გზით შემოდიოდა. იმედია, 2020 წელთან შედარებით რაოდენობა გაიზრდება.

 

მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლის ტურიზმის მთლიანი მაჩვენებლის 20-30% -ზე გავიდეთ, ანუ  წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შეიძლება დაახლოებით მილიარდი დოლარი შემოვიდეს - ოპტიმისტური პროგნოზით. რეგულაციების მოხსნა ცოტათი დაგვიანდა, უფრო ადრეც შეიძლებოდა. დაანონსება მაინც შეიძლებოდა, რადგან ამას დრო სჭირდება იმისათვის, რომ ამუშავდეს სექტორი, დაიწყოს ჯავშნები. ხვალვე სამწუხაროდ არავინ შემოვა საქართველოში,“- აცხადებს გიორგი კეპულაძე.

 

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, შეზღუდვების მოხსნა 2 კვირით ადრე დაეანონსებინა მთავრობას, რადგან ეს მისცემდა ტურისტულ კომპანიებს, რომ წინასწარ დაეწყოთ მუშაობა ვიზიტების დაჯავშნაზე და საქართველოში ჯგუფების შემოსვლაზე.

 

„რაც შეეხება კომენდანტის საათს, ვფიქრობ, ისიც მალე უნდა მოიხსნას, რადგან 11-დან 5 საათამდე მანქანებისა და ხალხის ქუჩაში მოძრაობის აკრძალვას არანაირი აზრი არ აქვს. ეს შეიძლება ოდნავ ამცირებს მობილობას, მაგრამ, ძალიან ცუდი გზავნილია, როდესაც ქვეყანაში რამე ტიპის შეზღუდვა მოქმედებს და შენ ტურისტებს ეპატიჟები. ამიტომ სჯობს მოვხსნათ დამატებითი შეზღუდვები და დავიცვათ ის რეგულაციები, რაც აუცილებელია, მათ შორის პირბადის კეთება,- აცხადებს FirstNews.ge-თან საუბარში გიორგი კეპულაძე.

 

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს. ძალაში რჩება ასევე, კომენდანტის საათიც, რომელიც 23:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.

წაკითხვა 573 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 25 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.