April 26, 2024

"თბილისში სახლები შენდება ეროზიის, ქვათაცვენის, მეწყრის ზონებში!"

როგორც აღმოჩნდა, კომპანიების უმეტესობა პროექტების განხორციელებისას დღესაც საბჭოთა კავშირის დროინდელი გეოლოგიური დასკვნებით ხელმძღვანელობს, რაც რეალობას არ შეესაბამება.

 

 

მშენებელთა ლიგის დამფუძნებელი ანზორ საკანდელიძე აღნიშნავს, რომ სამშენებლო პროცესის დაწყებამდე მიწის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა არ ხდება. ამ დორს თბილისის ტერიტორიის დიდი ნაწილი მეწყერსაშიში ზონაა, უამრავი მცოცავი გრუნტი და რთული რელიეფია, სადაც ბუნებრივი წონასწორობა სათანადოდ დაცული არ არის.

 

 

„დღეს საქართველოში გრუნტის შესწავლა, პრაქტიკულად არ ხდება, ან ხდება ძალიან ზერელედ - ამოთხრიან ორმოს რამდენიმე მეტრზე და რამდენიმე წერტილში შეამოწმებენ. ასე გრუნტის თვისებების შესწავლა შეუძლებელია. აუცილებელია, რომ გრუნტის თვისებები დადგინდეს 30 მეტრ სიღრმეზე. ყოველ ფენაში უნდა გაკეთდეს ჭები, ჭაბურღილები და გეოფიზიკური კვლევა უნდა ჩატარდეს. უნდა დადგინდეს გრუნტის ხარისხი და გაიზომოს სეისმური ტალღის სიჩქარე.

 

 

ჩვენ ეს ხელსაწყო გვაქვს და ამ სიჩქარის განსაზღვრა შეგვიძლია. ამ ხელსაწყოს ვიყენებთ თბილისის სეისმურობის დასადგენად, მშენებლებისგან ამ ხელსაწყოს შეკვეთა ჯერ არ გვქონია. გრუნტების შესწავლაზე აქცენტი რომ გაკეთდეს, მშენებლობების 90-95% იქნებოდა უვარგისი, მაგრამ ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებს”, - აცხადებს საკანდელიძე.

 

 

კანონპროექტიდან გრუნტების კვლევა და ზოგადად საინჟინრო გეოლოგია საერთოდ ამოღებულია და არც ერთი ექსპლუატაციაში მისაღებად შემოთავაზებული დაუმთავრებელ-ჩაუბარებელი საცხოვრებელი კორპუსი არ აკმაყოფილებს გამოკვლევის კანონიერ სტანდარტებს.

 

 

,,თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ მშენებლობა ყველგან მიმდინარეობს. ,,სული ძლივს უკავიაო" რომ იტყვიან, ისეთი ადგილებია და მათზე მცირე შეხებაც კი არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, მთელი თბილისი სამშენებლო პოლიგონად არის გადაქცეული.

 

 

ლამის 3 ათეული წელია, რაც გეოლოგიური სამსახური სამშენებლო პროექტების დამუშავების დროს აბსოლუტურად უგულებელყოფილია და ხდება ძველი საბჭოური გეოლოგიური მონაცემების გადაწერა. ცხადია, ეს არ გამოდგება, რადგან დროთა განმავლობაში შეიცვალა გეოლოგიური მახასიათებლები, გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და ა. შ. საინჟინრო გეოლოგია ზუსტად გრუნტების შესწავლით იწყება და ასეთი სამსახურები, ფაქტობრივად, არც კი არსებობს. განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს საკითხი მერიამ, რომ კორუფციისთვის შექმნილ ბიუროებს დასკვნების გაცემა აეკრძალოთ", - აცხადებს საკანდელიძე და დასძენს, რომ დაუშვებელია შეუმოწმებელი, სეისმოსაშიში შენობების ექსპლუატაციაში მიღება, რომელთა დანგრევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის არ ეკისრება და პასუხსაც არავინ არ აგებს.

 

 

,,საფრთხე განსაკუთრებით დიდია თბილისისთვის, რომელიც დგას აგრესიულ მიწისქვეშა წყლებზე და სადაც არის 10-ზე მეტი მეწყერსაშიში მცოცავი გრუნტების სასიკვდილო ლოკაცია. ეს კანონპროექტი კი ამ სასიკვდილო ლოკაციებში გაცემულ სასიკვდილო სამშენებლო ნებართვებსაც „აპრავებს“! –აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან"  საკანდელიძემ.

 

 

სპეციალისტების შეფასებით, თბილისში ყველა ფერდობი გარკვეულწილად საფრთხის შემცველია. პოტენციურად, ყველა ფერდობი ეროზიის, ქვათაცვენის, კლდეზვავის, მეწყრის ან სხვა რისკს შეიცავს.

 

 

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" წარმომადგენელი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია ყველა ფერდი გამაგრება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განვითარდეს კონკრეტული ტერიტორია. ცნობილია, რომ მეწყერსაშიში ზონებია ვარაზისხევი, მთაწმინდის ფერდობები, რომლებიც ვაკისკენ, მთაწმინდის რაიონისა და სოლოლაკისკენ ჩამოდის. ასევე, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორია ლოტკინის მხარეს, გლდანი-სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ, სადაც მთელი ფერდობი მოძრავი ფენებისაგან შედგება.

 

 

"ქალაქში მტკვრის 10 ძირითადი შენაკადია. დიდი წვიმის დროს ეს მდინარეები უცებ ივსება. შესაბამისად, პატარა მდინარეები - გლდანულა, კრწანისი, დიღმულა თუ ლიახვის ხევი ჩვენთვის პრობლემურია, რადგან ნებისმიერ ხევში შეიძლება იგივე მოხდეს, რაც ვერეს ხეობაში მოხდა. არ ვართ დაზღვეულები, ამიტომ ვიდრე ბინა აშენდება, მანამდე ტერიტორიის სერიოზული გეოლოგიური შესწავლაა საჭირო", - აღნიშნავს ჩხობაძე.

 

 

ბუნებრივი კატასტროფების მსოფლიო ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, სულ უფრო იზრდება მიწისძვრები, მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი და დედამიწაზე მიწისძვრებით 2000-2010 წლების 10 წლის განმავლობაში 43%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1950-2000 წლების 50 წლის განმავლობაში!

 

 

ამ დროს, საქართველოში 30 წელზე მეტია არც ერთი შენობა-ნაგებობა საპროექტო სეისმომედეგობაზე არ შემოწმებულა.

 

 

სამშენებლო სფეროს სპეციალისტი მანუჩარ მაჩაიძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ თბილისში უამრავი შენობაა, რომლის ბეტონის სიმტკიცე სტანდარტებში არ ჯდება და. ხარისხი ძალიან დაბალია.

 

 

,,წინა ხელისუფლების პერიოდში ჩვენ დავაყენეთ ასეთი მშენებლობების შეჩერების საკითხი, მაგრამ მაშინდელმა მთავრობამ არაფრად ჩააგდო ჩვენი მოთხოვნა. არაერთი შემთხვევაა, როცა მშენებლები იყენებენ უხარისხო არმატურას და და დაბალი მარკის ბეტონს, რაც უნდა უზრუნველყოფდეს შენობის სეისმომედეგობას. მართალია ახლა მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია, მაგრამ აუცილებელია, ჩატარდეს დეტალური კვლევა, რათა დედაქალაქმა მოსალოდნელი სერიოზული საფრთხე თავიდან აიცილოს.

 

 

ქალაქი ვალდებულია სპეციალური სამსახური ჰქონდეს, რომელიც მთელ საცხოვრებელ ფონდს რეგულარულად ჩაუტარებს გამოკვლევებს. ხიდებს ხომ ამოწმებენ, რომ არ ჩაინგრეს, ასე უნდა ამოწმონ თითოეული სახლი. მთავარია ზუსტად დადგინდეს და დიაგნოზი დაისვას, თუ სად რა სამუშაოებია ჩასატარებელი და სად არის დანგრევისა და ახლის აშენების აუცილებლობა“, - აღნიშნა მაჩაიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

 

წაკითხვა 607 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 18 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.