April 26, 2024

რა ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს ხედავენ საზღვრების გახსნაში და რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ ტურისტებს

“საქართველო ტურისტების მიღებისთვის ემზადება - ტურისტების მიღებას ასევე პროგნოზირებენ ისეთი ქვეყნებიც, სადაც ეპიდემიოლოგიური კუთხით განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო.

რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ტურისტების მიღება ქვეყნებისთვის და რა რისკებზე მიდიან ტურისტების მიღებით ისეთი ქვეყანები, რომელებიც კორონავირუსს მეტ-ნაკლებად კარგად გაუმკლავდნენ. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ საქართველოში ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით თეორიულად რისკები არსებობს, თუმცა, მისი თქმით, დაავადებათა კონტოლის ცენტრს რისკების მინიმუმამდე დაყვანის გეგმა აქვს შემუშავებული, რაც სახელმწიფოს დაეხმარება, რომ ეპიდვითარება ტურისტების ნაკადმა არ გააუარესოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს ხედავენ საზღვრების გახსნაში და რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ ტურისტებს.

 

“თეორიულად რა თქმა უნდა რისკები არსებობს, იმიტომ, რომ, თუ ტურისტები ისეთი ქვეყნებიდან შემოვლენ, სადაც კორონავირუსის მაღალი გავრცელებაა რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ ვიღაც ინფიცირებული იყოს. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს გეგმა აქვს შემუშავებული, თუ ამ ადამიანების შემოწმება როგორ უნდა მოხდეს და მინიმუმამდე დავიდეს რისკი იმისა, რომ ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ, სხვა ქვეყნიდან საქართველოში ახალი შემთხვევების შემოდინება არ მოხდეს. ეს გეგმა მე როგორც ვიცი, უკვე არსებობს, რა თქმა უნდა, არანაირი ბერკეტი არ არსებობს იმისა, რომ 100%-ით ერთეული შემთხვევების შემოსვლა გამოვრიცხოთ, მაგრამ ამ გატარებული ღონისძიებებით ამის მინიმალიზაცია მოხდება. საქართველოს ჯანდაცვის სფერო მზადაა, რომ ერთეული შემთხვევები თუ გაიპარება, ამის დროული გამოვლენა და შემდეგ ამ ყველაფრის ლოკალიზაცია მოხდეს, რათა გავრცელება არ იყოს და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაგვიუარესდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“ამიტომაც ჩვენს ჯანდაცვის სისტემას ამის მზადყოფნა აქვს, ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს ამისი გეგმა აქვთ, ეს ყველაფერი კონტროლქვეშ იქნება და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ტურისტების შემოსვლა ჩვენს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას დიდწილად არ გააუარესებს, რადგანაც ყველა ტურისტის შემოსვლა სკულპუროზულად განხილული იქნება და შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდებათ. ჩვენი ქვეყნისთვის კი ტურისტები აუცილებელია, იმიტომ, რომ ისედაც ეკონომიურად საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა და ტურისტული სეზონის სრული ჩავარდნა, ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება” - თქვა გოგინავამ. შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ტურისტული სეზონის გახსნა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან გაიხსნას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“პირველ რიგში ალბათ ტურისტული სეზონის გახსნა არ უნდა ნიშნავდეს საზღვრების გახსნას აბსოლუტურად ყველასთან. ჩემი აზრით, ალბათ, განსაზღვრული იქნება სახელმწიფოები, რომლის ტურისტებსაც შემოსვლის უფლება მიეცემათ. საქართველოს კანონმდებლობით ალბათ ექნებათ ის ჩამონათვალი, თუ კორონავირუსს რომელი სახელმწიფოები უმკლავდებიან კარგად. უნდა იყოს ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ან იმის ცნობა, რომ კორონავირუსი გადაიტანა, ან კარანტინი გაიარა, ანუ რაღაც დამადასტურებელი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ტურისტს, რომ დასაბუთებულად და გარანტირებულად ვირუსს არ ატარებს. ბუნებრივია საზღვარზე მკაფიო სერიოზული შემოწმება უნდა იყოს, ანუ, მგონი უსაფრთხოების ზომების დაცვა შესაძლებელია, ამ ყველაფერს საქართველო კარგად გაუმკლავდა. ჩემის აზრით, ტურისტული სეზონის გახსნა ცალსახად და მკაფიოდ არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფო საზღვრების გახსნას, ეს ორი სხვადასხვა რამეა. სომხეთში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რაც ხდება, ძალიან გული მტკივა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, ბუნებრივია, ალბათ სომხეთთან საზღვარი არ გაიხსნება, ასევე აზერბაიჯანშიც ამ მხრივ მთლად დალაგებული სიტუაცია არაა. კარგი იქნება თუ საქართველო სახმელეთო საზღვარს არ გახსნის და გახსნის მხოლოდ საჰაერო მიმოსვლას, სადაც შემოწმება აეროპორტებში მოხდება” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 620 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 05 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.