April 25, 2024

ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს

ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, 5-ვე მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5-ვე ოლქში ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა.

 

უფრო კონკრეტულად, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ყველა - 107 უბნის მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო. რაოდენობრივად კი მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი შენგელია 30 470, სანდრა რულოვსი - 24 095. მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მოიპოვეს.

19 მაისის არჩევნებზე ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი - 107 - სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში იყო გახსნილი.

 

მარნეულის საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ამომრჩეველთა ხმების 79,6% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 28088 ხმა.

მეორე ადგილზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევია 11,49%-ით. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 7,54% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულში მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

მარნეულში სულ 90 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

 

ზესტაფონის საარჩევნო ოლქში, ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,75% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 12 876 ხმა. მეორე ადგილს „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე 34,26% - ით იკავებს.

მერობის სხვა კანდიდატებს შორის, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მოიპოვეს, ხმები ასე განაწილდა: „თავისუფალი საქართველო” - გიორგი წულაია 5,81%; საინიციატივო ჯგუფი - ვახტანგი რობაქიძე 5,07%; „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ანზორ ნებიერიძე 2,64%.

აღნიშნულ ოლქში სულ გახსნილი იყო 53 საარჩევნო უბანი.

 

ჭიათურის საარჩევნო ოლქში მერის რიგგარეშე არჩევნებზე პირველ ადგილს ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი მოდებაძე 64,58%- ით იკავებს. რაოდენობრივად ეს არის 11 721 ხმა.

ხმათა 1%-ზე მეტი კიდევ მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიიღო. ესენი არიან: ზურაბ კუპატაძე 17,99% და დავით ჭუმბურიძე 15,26%.

ცესკოს ინფორმაციით, ჭიათურაში სულ 58 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და ამ დროისთვის უკვე დათვლილია ყველა უბნის მონაცემი.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70 პროცენტი, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 23, 7 პროცენტი მიიღო.

როგორც ხულოს 84-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, ოლქში 22 საჩივარია შესული, აქედან 18 ოპოზიციას ეკუთვნის და ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

ხულოში სულ 54 უბანი იყო გახსნილი.

წაკითხვა 811 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.