“ნაციონალური მოძრაობა” დღეს თავმოკვეთილი ქათამივითაა”

“ქართული ოცნების” სტრატეგია, რომელიც მან აირჩია 20 ივნისის შემდეგ ტაქტიკურად სწორი ნაბიჯია და და ეს არის ზუსტად იგივე ნაბიჯი, რომელიც შევარდნაძემ აირჩია 1992 წელს, როდესაც მოახერხა და კანონის დარღვევითაც კი ყველა პარტია შეიყვანა პარლამენტში.

ის კარგად ხვდებოდა, რომ იმდენად დაბალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, ერთპარტიული პარლამენტი რომ შეექმნა, ყველას მტრად გადაიკიდებდა, თვითონვე იყო დაინტერესებული მრავალპარტიული პარლამენტის შექმნით. იგივე მიზანი აქვს “ოცნებას” - იმიტომ, რომ 20 ივნისის შემდეგ შეეჩეხა პრობლემას, რომელსაც ჰქვია “ყველა მინუს ერთი”, - აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნაციონალური მოძრაობა” დღეს თავმოკვეთილი ქათამივითაა” / კახა კუკავა: “პროპორციულ არჩევნებზე გადასვლით “ოცნებამ” თავი გადაირჩინა”.

 

“ქართული ოცნება” დარჩა ჰქვია “ყველა მინუს ერთში” - ამ პროცესს რამდენიმე წელი უმკლავდებოდა, თუმცა ივნისის მოვლენების შემდეგ იძულებული გახდა ტაქტიკა შეეცვალა. ეს იყო დაგვიანებული, იძულებითი, მაგრამ სწორი ნაბიჯი, რომელიც თვითგადარჩენის ინსტინქტმა გადაადგმევინა. დღეს ხელისუფლება სწორედ იმ ამოცანას ისახავს მიზნად, რომ საპარლამენტო 30-40%-მდე ხმები აიღოს და შემდგომ მოახერხოს კოალიციის შექმნა, როდესაც ოპოზიციური პარტიები დადგებიან არჩევანის წინაშე- საკმაოდ რთული არჩევანის - ან უნდა დარჩნენ სრულ ოპოზიციაში ან კოალიცის შექმნას “ოცნებასთან” ან ნაციონალებთან. “ოცნება” დღეს ცდილობს დაამტკიცოს, რომ “ოცნებაა” ნაკლები უბედურება და არა "ნაციონალები", თუმცა საზოგადადოება ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა, რომელი უფრო დიდი უბედურებაა...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

 

“დღეს "ნაციონალური მოძრაობა” არის ერთადერთი პარტია, რომელიც არაფერს ცდილობს და თავმოკვეთილი ქათამივითაა, მხოლოდ ფართხალებს. მისი ამოცანაა, “ყველა მინუს ერთში” დატოვო ხელისუფლება და ამ კონტესტში ნაციონალური მოძრაობა ვეღარ ეწერება - სააკაშვილი ამოვარდნილია ფორმიდან და მიდის საწინააღმდეგო პროცესი. ჯერ დაგვერივნენ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც სააკაშვილს არ აღიარებენ, გამოგვაცხადეს რუსეთის ჯაშუშებად და თვითონვე მოუღეს ბოლო იმ ოცეულის ფორმატს, რომელიც შეიქმნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზნით და ამით საერთოდ დასამარდა იმის თეორიული შესაძლებლობაც კი, რომ თანამშრომლობა ყოფილიყო "ნაციონალურ მოძრაობასა" და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის. მერე თავისივე პარტიიდან გასულებს დაერია - ბოკერია იყო ჩემი მაცდუნებელი ეშმაკი, თორემ მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარო - ეს სააკაშვილი მხრიდან სტრატეგია კი არა, თვითგანადგურებაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ოცნებას” პირიქით - თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო - ის, რაც გადაწყვიტეს საარჩევნო კანონთან დაკავშირებით, სწორი სტრატეგია იყო. ეს ნაცმოძრაობის შანსებს ანახევრებს, გამორიცხავს, რომ მან რამე ტიპის სამთავრობო კოალიცია შექმნას. ასეთი კოალიციის შექმნა დამოკიდებულია როგორც შენს მიერ აღებულ ხმებზე, ასევე იმაზე, რამდენად შეგიძლია სხვასთან მოლაპარაკება. “ნაციონალებმა” თვითონ აირჩიეს თვითმარგინალიზაციის გზა... “ნაციონალებმა” ჩათვალეს, რად გვინდა ეს 1%-იანი პარტიები და მათთან ლოლიაობა, მარტოც კარგად ვიქნებითო. ახლა კი ირკვევა, რომ ეს პარტიები საჭირო ყოფილან და ისინი, ჯამში, საკმაოდ სოლიდურ პროცენტს აგროვებენ პარლამენტში... ახლა მთავარი შეკითხვა ის კი არ არის, რაც მივიღებთ 2020 წელს, არამედ არჩევნები თუ ჩატარდება. თუ ჩატარდა, ეს იქნება 1990 წლის შემდეგ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები - დამოუკიდებლობის გამოცხადების დონის ამბავი იქნება ეს, თუ არ მოხდა იგივე, რაც მოხდა 1991 წელს, დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამას არ დაუშვებს”, - დასძენს კუკავა და შეკითხვაზე - “რატომ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, თუკი ჩავატარეთ არჩევნები?” - პასუხობს:

 

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვერც “ქართული ოცნება” და ვერც სხვა რომელიმე პარტია, ხმების 50%-ს ვერ მიიღებს. ეს ვიცით გარანტირებულად. ეს არა მხოლოდ იურიდიულად შეცვლის ძალთა თანაფარდობას ქვეყანაში, ეს შეცვლის ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრს რაღაცას. “ოცნება” ვეღარ იქნება ფეოდალი პარტია, თითს რომ გაატკაცუნებდა ღამით და დილით იმ გადაწყვეტილებას იღებდა პარლამენტი. ასე ვეღარ მოხდება, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ივანიშვილი იძულებული იქნება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან აწარმოოს კონსულტაციები და ეს იქნება სრულიად სხვა რეალობა”.

წაკითხვა 613 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.