ეკლესია-ხელისუფლება: დიდი ვაჭრობა არჩევნებისთვის?

ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს, ბრალდებები უკან არ წაუღია.

 

ძალაში რჩება ვერსია: „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს პატრიარქის გადაყენების გეგმა ამოძრავებდათ და მითითება ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა. კათოლიკოს-პატრიარქმა მეუფე იაკობს აპატია და ხელისუფლებაც ცდილობს, რომ ეს ამბავი დაივიწყოს. „ქართული ოცნება“ აღარ თვლის საჭიროდ მტყუან-მართლის გარჩევას.

 

 

შესაძლებელია თუ არა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის სკანდალური ბრალდებების დავიწყება? სად შეიძლება აფეთქდეს ბრაზის ნაღმი და რა შეიძლება მოხდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?

 

 

სად წავა ბრალდებები, ბრაზი და მუქარა?

 

თავიდან, როცა ნასვამ მდგომარეობაში ნათქვამად ჩაუთვალეს, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა 26 ოქტომბერს გარკვევით აღნიშნა, რომ პატრიარქის გადაყენების გეგმით მას პრემიერის კაბინეტში „ეჩალიჩებოდნენ“: იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი - ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი - გიორგი გახარია.

 

 

პროცესში ჩართული იყო ბიზნესმენი ვანო (სავარაუდოდ - ჩხარტიშვილი), ხოლო დავალება თავად ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა - „ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა“. ამ ვერსიით, ილია მეორე, სავარაუდოდ, მოსაყდრე შიო (მუჯირს) უნდა ჩაენაცვლებინა.

 

 

არავის ვაპატიებო - რამდენჯერმე გაიმეორა მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას. იყო კონკრეტული მუქარაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით:

 

  • „ასე თუ გააგრძელეს, ხმებს ვერ მიიღებენ ესენი - 25%-საც ვერ მიიღებენ“;

 

  • „2020 წლის არჩევნები?! ყველას მივხედავ მე მაგათ“;

 

  • „ჭკვიანად თუ არ იქნებიან, ყველას გადავუვლი თავზე“.

 

 

26 ოქტომბერს ნათქვამი სიტყვები მხოლოდ სიმთვრალის ბრალი რომ არ იყო, ეს 28 ოქტომბერსაც გამოჩნდა, მეუფე იაკობის საპატრიარქოში მისვლისას - „ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს“.

 

 

სკანდალური, ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობმა წმინდა სინოდისგან მხოლოდ გაფრთხილება მიიღო - ითქვა, რომ მან „გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო“. საპატრიარქო აცხადებს, რომ დანარჩენი (მათ შორის - ქორეპისკოპოსობა) თავად დათმო. მართალია, სინანული მხოლოდ განცხადებების ფორმას შეეხებოდა, საპატრიარქოს ლაპარაკი აღარ გაუგრძელებია.

 

 

პატრიარქმა მეუფეს აპატია და, შესაბამისად, ბევრის აზრით, მისი ნათქვამის შინაარსიც გაიზიარა. მეუფე იაკობმა თავის განცხადებებში რამდენჯერმე ისიც თქვა, რომ პრემიერის კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ, მან საქმის კურსში ჩააყენა ილია მეორე.

 

 

მეუფე იაკობის სიტყვებს „სისულელე“ უწოდა სკანდალური მონათხრობის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და შემდეგ, პატრიარქთან შესახვედრადაც მივიდა. „მოინახულა. მოკითხვა იყო ეს, უბრალოდ მხარდაჭერის და საკუთარი დამოკიდებულების გაცხადება“, - აღნიშნა საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ. 3 ნოემბერს კი, ცნობილი გახდა, რომ - პატრიარქი ბიძინა ივანიშვილმაც მოინახულა.

 

 

პროკურატურამ მეუფე იაკობის ბრალდებებში გამოსაძიებელი ვერაფერი დაინახა და არც „ქართული ოცნება“ აპირებს გაიზიაროს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა - საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. დესტრუქციაში „ქართული ოცნება“ ისევ ოპოზიციას ადანაშაულებს.

 

 

„ახლა მე ვიტყვი, რომ ნინო ჭამს ბავშვებს და დაუყოვნებლივ ვთხოვ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ნინოს წინააღმდეგ, რადგან ნამდვილად ჭამს ბავშვებს... ახლა ეს სერიოზულია?!“, - შეკითხვას სვამს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე. მისთვის საკმარისია, რომ - „კაცმა (მეუფე იაკობმა) შენდობა ითხოვა“.

 

 

„ვერ გავიგე, ირანში ვცხოვრობთ თუ რა ხდება?! რა შუაშია - შენდობა ითხოვა თუ არა?! “, - რიტორიკულ შეკითხვას სვამს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია. მისი პოლიტიკური ძალა აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.

 

 

ამ ეტაპზე საზოგადოებას ბევრი შეკითხვა აწუხებს და მათ შორის:

 

  • როგორ უნდა დადგინდეს მტყუან-მართალი გამოძიების ჩატარების გარეშე?

 

  • რატომ უნდა ენდოს საზოგადოება ხელისუფლების მაღალჩინოსნების სიტყვიერ უარყოფას, რომ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა?

 

  • თუკი მეუფე იაკობმა იცრუა, რატომ არ მოეთხოვება სიცრუისთვის პასუხი მას და რატომ შემოიფარგლა წმინდა სინოდი მხოლოდ გაფრთხილებით?

 

 

მეუფე იაკობი ამ ეტაპზე გაჩუმებულია. მაგრამ შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ყველაფერი წინ დახვდეს ხელისუფლებას სწორედ 2020 წლის არჩევნებზე, როგორც თავად მეუფე იმუქრებოდა? რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქის მიერ დანდობილ მეუფე იაკობს მანამდეც მიზანში ჰყავდა ამოღებული გიორგი გახარია, „მოსკოვის კაცსაც“ უწოდებდა და მის გაპრემიერებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა - „თუ გახარია პრემიერი გახდება, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემები ექნება“.

 

 

 

2020 - ვის რა უნდა და რის ფასად?

 

არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, მეუფე იაკობის მიერ ხმაურიანი განცხადებები თავიდანვე შეთანხმებული იყო საპატრიარქოსთან და ეს პროცესი შესაძლოა, სწორედ 2020 წლის არჩევნებს უკავშირდებოდეს.

 

 

„მეუფე იაკობი მოქმედებს ყოველთვის საპატრიარქოსთან შეთანხმებულად. შესაძლოა, გადაცდომა იყოს, ყველაზე დიდი, 10 პროცენტი. ქალბატონმა შორენამ (თეთრუაშვილმა) და პატრიარქმაც იციან ყოველთვის, რაზე ისაუბრებს მეუფე იაკობი... ფაქტია, რომ საპატრიარქოში მეუფე იაკობის სიტყვები აწყობთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეოლოგიის დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი, რომელიც, წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, კარგად იცნობს საპატრიარქოს შიდა სამზარეულოსაც.

 

 

მისი აზრით, პროცესები ამ შემთხვევაში დიდწილად სწორედ 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება. რა არის მოსალოდნელი?

 

  • „მეუფე იაკობის სიტყვების კონვერტირება მოხდება ჯერ ციფრებში, ხოლო შემდეგ, მოხდება განაღდება ფულადი ანდა სხვა სახის მატერიალური ანგარიშსწორებით“;

 

  • „მოსალოდნელია, რომ, მაგალითად, სასულიერო პირებმა ახლა, ხელისუფლებასთან საუბარში გაახმოვანონ სხვადასხვა მატერიალური სურვილი - კონკრეტულ მიწებთან, შენობებთან თუ აღსადგენ ტაძრებთან დაკავშირებით“;

 

  • „ხელისუფლება ბევრ მოთხოვნას დააკმაყოფილებს - მას სურს, რომ 2020 წლისთვის საპატრიარქოს მხარდაჭერა გაინაღდოს“.

 

 

მირიან გამრეკელაშვილის თქმით, რომ არა მეუფე პეტრეს (ცაავას) მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებები, ხელისუფლებას საპატრიარქოს გულის მოგება გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდებოდა - „ახლა ისე მოხდა, რომ - საპატრიარქოსაც დასჭირდა ხელისუფლების მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა მან მიიღო“.

 

 

იმას, რაც ახლა ხდება, ასევე 2020 წლის არჩევნებს უკავშირებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებაც და საპატრიარქოც საზოგადოებას - „მრევლსა და ამომრჩეველს, ტრადიციულად, სავაჭრო საგნად განიხილავს“.

 

 

ტიგინაშვილის თქმით, ადვილად დასაჯერებელია, რომ ხელისუფლება ილია მეორის შეცვლას ცდილობდა, ეს დაიჯერა ბევრმა და ამიტომ - სკანდალი მეუფე პეტრეს დასჯით გადაიფარა - „ეს არის ორკესტრირებული შეტევა სიმართლეზე“.

 

 

„იმის გამო, რომ მეუფე იაკობის მსხვილმა ბრალდებებმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ხელისუფლება და გააწბილა ეკლესია, მეუფე პეტრე აღმოჩნდა განტევების ვაცი, რომელზეც აქცენტების გადატანა მოისურვეს... ახლა არცერთ მხარეს არ აწყობს, რომ მეუფე პეტრეს ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ“.

 

 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ​:

 

  •  თუკი მეუფე იაკობმა ისევ დაიწყო ლაპარაკი და სხვა დეტალების გამომზეურება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საპატრიარქომ ვერ მიიღო საკომპენსაციო სიკეთე;

 

  • თუკი საპატრიარქოში პროცესები დაიძაბება (მათ შორის - მეუფე პეტრეს მიერ წამოწყებული ბრძოლის გამო), შესაძლოა ისევ გახდეს საჭირო მეუფე იაკობის ალაპარაკება.

 

 

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მეუფე იაკობის განცხადებებმა გარკვეულწილად უკვე დააზარალა ხელისუფლება და ახლა ის მაქსიმალურად მოინდომებს ურთიერთობების დალაგებას საპატრიარქოსთან. თუმცა, საბოლოოდ, საპატრიარქო ვერ იქნება 2020 წლის არჩევნებში მოგების გარანტი.

 

 

„ხელისუფლებას მოუწევს მეტის გადახდა, იქნება მოთაფვლა, იქნება მილიონები - ბესაც გადაიხდის ბიძინა ივანიშვილი - მისთვის პრობლემა არ არის ათობით მილიონი... რაც დაუჯდება, იმდენს გადაიხდის... მაგრამ ეს არ არის გარანტია მისი წარმატებისა და გამარჯვების“.

 

 

ბერძენიშვილის თქმით:

 

  • არჩევნები არასოდეს მოუგია საპატრიარქოს, ის ყოველთვის გამარჯვებულის - მოქმედი ხელისუფლების მხარეს იყო;

 

  • და, პერიოდულად, როცა ხელისუფლება მიხრწნილია, საპატრიარქო იჭერს თადარიგს და ამზადებს ნიადაგს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის.

 

თუმცა, ანალიტიკოსების დაკვირვებით, საპატრიარქოს განაწყენებას არჩევნებზე ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა ნამდვილად შეუძლია.

 

 

 

მწარე გამოცდილების გათვალისწინება?

 

საპატრიარქომ თავისი ძალა ხელისუფლებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აჩვენა. ბევრის აზრით, სწორედ ხმების ძიებამ წაიყვანა „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან კომპრომისზე.

 

 

ხელისუფლებამ სწორედ არჩევნების მეორე ტურის წინ დათმო კანაფის კულტივაციის საკითხი, რასაც ბიძინა ივანიშვილის დაუმალავი და პრინციპული ინტერესები უკავშირდებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პირველი ტურის შედეგებით უკმაყოფილო მაღალჩინოსნები - პარლამენტის თავმჯდომარე და შს მინისტრი, თავად მივიდნენ კანაფის თემით ძალიან განაწყენებულ საპატრიარქოში და პატრიარქს შეხვდნენ.

 

 

ექსპერტებისთვის ცხადია, რომ ცდამ მაშინ შედეგი გამოიღო და საპატრიარქოს კეთილგანწყობის ტალღა ხალხმაც აშკარად დაინახა.

 

 

მირიან გამრეკელაშვილისთვის ცხადია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, მაქსიმალური სარგებლის მიცემის მიუხედავად, იოლად მაინც ვერ აგვარებს ურთიერთობებს საპატრიარქოსთან და შესაძლოა, თეორიულად, ვიღაცებს სწორედ ამიტომ სჭირდებოდეთ უფრო ახალგაზრდა და ლოიალური პატრიარქის ხილვა ილია მეორის ადგილზე.

 

 

„ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ძალიან დიდი მატერიალური რესურსი გაღებული საპატრიარქოსთვის, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება აშკარად არ არის კმაყოფილი უკუგების იმ პროპორციით, რაც მოცემულ მომენტში არსებობს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მირიან გამრეკელაშვილი.

 

 

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რადგან პროპორციული სისტემით ჩასატარებელი 2020 წლის არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან რთული და, შესაბამისად - უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, საპატრიარქოსთან მიმართებით ხელისუფლება შეცდომების დაშვებას მაქსიმალურად მოერიდება.

 

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 91 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 05 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.