"რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე "

რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

 

პანელის მოდერატორის, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კითხვაზე, რას აკეთებს საქართველო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობა გაამყაროს, ღარიბაშვილმა რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებაზე ისაუბრა და ამასთან საბრძოლველად საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„რუსეთი იყენებს ძალიან დახვეწილ ჰიბრიდულ მეთოდებს, ავრცელებენ დეზინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე , რათა საზოგადოება კვებონ ამ ყალბი ინფორმაციით. აჩვენონ, რომ ნატო-საქართელოს ურთიერთობებს მომავალი არ გააჩნია. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ. იდეა გახლავთ ასეთი, რომ თავდაცის სამინისტროს 17 ყველაზე თანამედროვე ოფისს გავხსნით ყველა რეგიონში, რაც პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ინფორმირებულობის დონეს და სამხედრო სამსახურის პოპულარობას გაზრდის“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ღარიბაშვილის თქმით, ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან თავდაცვის ძალებში მსახურობით და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მეტი პოპულარიზაცია ამ საკითხებს გადაჭრის.

 

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისებურ ყოყმანს ვხედავ ახალგაზრდა თაობაში, ჯარში მსახურობასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ინფრასტრუქტურა, განვაახლოთ ყაზარმები, განვავითაროთ სამხედრო ინფრასტრუქტურა, რათა გავზარდოთ ჯარისკაცების ცხოვრების დონე. ასევე ეს იქნება ძალიან კარგი მოტივაცია ახალგაზრდა თაობისთვის, რომ მოვიდეს ჯარში ყოყმანის გარეშე.

 

მე მაქვს იდეა, ამაზე ვმუშაობთ და განხორციელებას შემდეგი წლიდან დავიწყებთ. გვინდა შევქმნათ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა რეგიონში. აქ საინფორმაციო კომპონენტს ჩავრთავთ, რომ მოსახლეობას პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციაზე რეფორმების შესახებ, რომლებსაც თავდაცვაში ვახორციელებთ”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 72 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.