“ქველმოქმედება ერთია და პოლიტიკა მეორე. აშკარაა, რომ პოლიტიკა ივანიშვილის საქმე არ არის”

“წინასაარჩევნო კონტექსტი დაიწყო ჯერ კიდევ 20 ივნისს, ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც “ოცნებამ” გამოაცხადა, რომ მომავალი არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდებოდა.

 

ეს არის მართლაც ახალი გამოწვევა, ძალიან საინტერესო პერიოდში შევდივართ; საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად ტარდება არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით. პარლამენტი ახალი სისტემით დაკომპლექტდება და შეიქმნება კონკურენტული გარემო. პირველი პერიოდი შეიძლება იყოს ქაოტური, ამიტომ, არჩევნების შემდეგ, არ გამოვრიცხავ მალევე ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები; მაგრამ, მომავალი არჩევნები მართლაც ევროპული დონის არჩევნები იქნება და ახალგაზრდობას დავუტოვებთ რეალურ დემოკრატიას. ამიტომ, საზოგადოება არ უნდა შეშინდეს, ამ წლების ჯახირით გატარება ნამდვილად ღირს. “ოცნებას”, ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა ეთქმის, შეიძლება თვითონ ჩაიფერფლოს, მაგრამ ქვეყანა გადარჩება”, - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი რაც მალე წავა პოლიტიკიდან, მისთვის მომგებიანი იქნება” - ზაქარეიშვილისთვის მთავარი კითხვაა, ვინ წავა “ოცნებასთან” ალიანსზე.

 

 

“პროპორციულ სისტემას აქვს ის უნიკალური მნიშვნელობა, ვინ დააკომპლექტებს მთავრობას. ერთი წლით ადრე პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა, დღეის მოცემულობით ვერც ერთი პოლიტიკური ძალა 50%-ზე მეტს ვერ აიღებს. ანუ, “ქართულმა ოცნებამ” 40%-იც რომ აიღოს, მან უნდა იპოვოს მოკავშირეები პარლამენტის შიგნით. ამაზე შეიძლება წავიდეს “ევროპული საქართველო”. ის პრაგმატული პარტიაა, საკონტროლო პაკეტიც ხელში უჭირავს, ანუ ივაჭროს ან “ოცნებასთან” ან “ნაციოანალებთან”. “ნაციონალების” და “ოცნების” ერთმანეთთან თანამშრომლობა გამორიცხულია. “ოცნებამ”ორი დიდი შეცდომა დაუშვა, პირველი, როცა შუა გაკრიფა, მეორე კი როცა კოალიცია დაშალა, ამიტომაც, ბევრი პოლიტიკური პროგრამა ჩაუვარდათ. ახლა, როგორც ჩანს, ამის გამოსწორებას აპირებს. მაგრამ, თუ “ოცნება” მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს მას “მოქალაქეთა” კავშირის ბედი ელოდება. ოპოზიციაშიც დიდხანს ვერ გაძლებს. ასე რომ, ამ არჩევნების მთავარი კითხვა არის, ვინ წავა “ქართულ ოცნებასთან” ალიანსზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

 

“არ ვიცი, რისი თქმა უნდოდა თავისი ბოლო განცხადებებით ივანიშვილს, ის მდიდარ პროექტებზე ლაპარაკობს. მას მართლაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, ძალიან ბევრი ქველმოქმედებაც გააკეთა, რისთვისაც მადლობა გვეთქმის; მაგრამ, ქველმოქმედება ერთია და პოლიტიკა მეორე. აშკარაა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის და რაც მალე წავა პოლიტიკიდან მისთვის მომგებიანი იქნება”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერები, საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მათი ერთობა არ დაიშლება, ხოლო როგორ წარსდგებიან მომავალ არჩევნებზე, ამ მექანიზმებზე კი უკვე მუშაობენ...” - პასუხობს:

 

 

“გაერთიანებული ოპოზიცია” რეალურად არის “ნაციონალური მოძრაობა”, ღერძი, რომლის გარშემოც გაერთიანებულია პატარა პარტიები. სავარაუდოდ, მომავალი არჩევნებისთვის ერთიანი სიით დარეგისტრირდებიან და ყველა პარტიას ექნება თავისი ადგილი. ანუ ერთიან სიაში შევა ყველა პარტიიდან ერთ ან ორი კაცი. ალბათ ერქმევა “გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა” - “ნაციონალები” სახელს არ დაკარგავენ”.

 

 

წაკითხვა 43 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.