"ბოქლომის ხუთშაბათობა" - პროტესტის კიდევ რა ფორმების გამოყენებას აპირებს ოპოზიცია

ოპოზიციის წარმომადგნელებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უწყებებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა გაგრძელდება მანამ სანამ, ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას არ უზრუნველყოფს. ყოველი ხუთშაბათი „ბოქლომის დღე" იქნება, - ასეთია ოპოზიციის განაცხადი, რაც შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც კი გაგრძელდეს. საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირაში კენჭისყრაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული საკანონმდებლო პროექტი ჩაააგდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ბოქლომის ხუთშაბათობა" - პროტესტის კიდევ რა ფორმების გამოყენებას აპირებს ოპოზიცია / „არცერთ უწყებას არ ექნება სიმშვიდე - არც საკრებულოს, არც მერიას, არც პრემიერ-მინისტრს, არც ქალაქის მერს...”

 

 

"ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ბოქლომი მთავრობის კანცელარიასაც დაადეს. კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია 20 ნოემბერს გენერალურ პროკურატურასთანაც გამართა, სადაც პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურის ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბრისას არც იმას გამორიცხავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატებიც „დააბოქლომონ" და პროტესტის ეს ფორმა შესაძლოა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძით დაიწყონ, რომელიც ახალი ინიციატივით გამოვიდა, რასაც გოცირიძემ „სულელური ინიციატივა" უწოდა. „ბოქლომების დადება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არის ჩაშლილი; გვახსოვს ეროვნული მოძრაობის პერიოდში რაიკომის მდივნების კარების დაჭედვა ხდებოდა. ისინი, რა თქმა უნდა, რამდენიმე საათში ისევ შევიდოდნენ, მაგრამ ეს იყო გადაჯვარედინებული ორი ფიცარი, სიმბოლო იმისა, რომ კომუნისტური ეპოქა მთავრდებოდა. სწორედ ეს არის ბოქლომების სიმბოლოც. მეც კი დავადე ბოქლომი პარლამენტის პლენარულ დარბაზს, მაგრამ მოვიდნენ და გადაჭრეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

 

"არ არის გამორიცხული, რომ სიმბოლურად ბოქლომი რომელიმე მაჟორიტარს დავადოთ, მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც ძალიან სულელური ინიციატივით გამოდის. მას უნდა შერეული სისტემაც კი გაუქმდეს და მხოლოდ მაჟორიტარული დარჩეს. იმ შემთხვევაში ივანიშვილის დავალება შეასრულა, ახლა ძალიან გაუტკბა, აიყოლია დეპუტატები, რომელთაც ჰგონიათ, რომ მაშინ, რადგან ივანიშვილის მოციქულად იყო დანიშნული პარლამენტში, ახლაც ივანიშვილი ავალებს ამ ინიციატივას. "ჯერ ვერ მოუნელებიათ პროპორცული სისტემის ჩაგდება და ახალი საკონსტიტუციო ინიციატივით გამოდის. ივანიშვილს რომ არ აწყობს ეს, დეპუტატები ვერ ხვდებიან და ფეხის ხმას აყვნენ. ამიტომ ზოგიერთ დეპუტატსაც დავაბოქლომებთ. სიმბოლურად შეიძლება ჯიბეზე დავადოთ ბოქლომები, ფული რომ არ მოიპარონ," - ამბობს გოცირიძე”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

 

"პროტესტის კიდევ რა ფორმას შეიძლება მიმართოს ოპოზიციამ? - ამ საკითხზე საუბრისას, გოცირიძე ამბობს, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას დაადებენ ბოქლომებს და პროტესტის ეს ერთგვარი ფორმა შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდეს. „არცერთ უწყებას არ ექნება სიმშვიდე; არც საკრებულოს, არც მერიას, არც პრემიერ-მინისტრს, არც ქალაქის მერს... სადაც კი „ქართული ოცნების" არაფორმალური მმართველობის ნიშნებია, ყველგან იქნება პროტესტი; სოფელში, ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ყველგან... მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება მანამ სანამ, დათმობაზე არ წამოვლენ და პირობას არ შეასრულებს. თუ არ შეასრულებს, მაშინ ასე იქნება არჩევნებამდე და არჩევენების შემდეგ. ერთიც და მეორეც, ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან დამაზიანებელი. „მარჯვნივ წავა, მგელი შეჭამს, მარცხნივ - მგლისფერი ტურა. აქამდე მიიყვანა საქმე. არცერთი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება, მაგრამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის თანხმობა ვითარებას დაამშვიდებს და ქვეყანასს შანს მისცემს, რომ ამოისუნთქოს. ასეთ ვითარებაში ძალიან მძიმე იქნება, როგორც ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე სოცილიალური. ისედაც არაფერს აკეთებდა მთავრობა და ახლა მითუმეტეს. ახლა მათი ამოცანაა როგორმე ბიუჯეტი მიიღონ," - განაცხადა რომან გოცირიძემ”, - დასძენს გამოცემა.

 

 

 

"ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ არაძალადობრივი პროტესტის 200-ზე მეტი ფორმა არსებობს, შესაბამისად, ოპოზიციას „მრავალფეროვანი არჩევანი" აქვს. „არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის სახელმძღვანელოში აღწერილია არაძალადობრივი პროტესტის ფორმის 200-ზე მეტი ფორმა და ოპოზიციას ფართო არჩევანი ექნება. ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ ჩათვლიან, რომ აქციებმა საკუთარი თავი ამოწურა. ამის ინდიკატორი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება აქციების მიმართ, ასევე საერთაშორისო რეაქცია და მხარდაჭერა. „ამასთან, ალბათ იმოქმედებს სხვა ფაქტორებიც, როგორიც არის მოახლოებული წინასაახალწლო განწყობები. ისიც გასათვალისწინებელია, რას გადაწყვეტს ხელისუფლება - გააგრძელებს თუ არა თავის თავდაპირველ პოზიციას, რომ საარჩევნო საკითხი აღარ გადაიხედება, თუ მაინც გადაწყვეტს, რომ დიალოგზე დაჯდეს ოპოზიციასთან. ამჟამინდელი მოცემულობით, დიალოგის სივრცე ძალიან დავიწროებულია. „ოპოზიცია წინა აქციის დაწყებამდე აანონსებდა, რომ ეს აქცია მასშტაბური იქნებოდა, მაგრამ არცთუ ისე მასშტაბური გამოდგა. ამ შემთხვევაში ოპოზიციის განცხადებები არ შეიძლება იყოს მიჩნეული იმის ინდიკატორად, რომ აქციები მართლაც მასშტაბური იქნება. მათ სურთ რომ მრისხანე განცხადებებით ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ მოსახლეობაზე, რომ საკუთარი თავი ძლევამოსილ ძალად წარმოაჩინონ. „რევოლუციური სცენარის მომხრე არც ოპოზიციაა, როგორც არ უნდა მოსწონდეს ხელისუფლება. ის რომ, რევოლუციური სცენარით აიღონ ძალაუფლება, ნაკლებად რეალურია, თუმცა, რევოლუციები წარმატებით მთავრდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ფატალურ შეცდომას უშვებს. თუ ეს ფატალური შეცდომა დაუშვეს, მოვლენები რა სცენარით განვითარდება, რთულია ამის პროგნოზირება," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

 

 

წაკითხვა 458 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 22 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.