March 28, 2024

“რატომ მართავს “ქართული ოცნება” 14 დეკემბერს დიდ აქციას

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის მიერ დაანონსებული 14 დეკემბრის აქცია ოპოზიციამ ძალის დემონსტრირებად შეაფასა, მმართველი პარტია კი აქციას უბრალო შეკრებას უწოდებს და აცხადებს, რომ ის მხოლოდ საზეიმო ხასიათისაა, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას უკავშირდება. უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ დაანონსებული შეკრებაზე სამიტინგო განწყობები არ იქნება. ”მათ უნდათ, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, როგორც ერთი გარკვეული ნაბიჯი, იყოს ასე მასიურად აღნიშნული, დანარჩენს ვნახავთ 14 დეკემბერს. ამას სახელად კონტრაქცია არავითარ შემთხვევაში არ ჰქვია, იქ საუბარი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობაზე იქნება, როგორც ვიცი იქ არავითარი სამიტინგო განწყობილებები არ იქნება”, - აცხადებს იგი. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ეს შეკრება გასაკვირი არაა, რადგან ყველა პარტია შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას ცდილობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რატომ მართავს “ქართული ოცნება” 14 დეკემბერს დიდ აქციას"

 

 

“ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს, ეს გასაკვირი არაა. მეეჭვება, რომ ამ შეკრებაზე რაიმე ინციდენტი ან პროვოკაცია იყოს, აქ რომ პარალელური აქციები იყოს, ერთმანეთთან დამთხვეული აქცია და კონტრაქცია, იქ შესაძლოა ინციდენტი იყოს, მაგრამ ესენი (მმართველი გუნდი) თავისთვის აქციებს გეგმავენ, მაშინ ისინი (ოპოზიცია) უნდა შეიკრიბონ და დაგეგმონ პროვოკაცია, ეს არც მომგებიანია და არც მოსალოდნელი, - ამბობს საყვარელიძე. პარლამენტარი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ დაგეგმილი აქციით ბიძინა ივანიშვილი წინასაახალწლო ზეიმს იწყობს, რისთვისაც ხალხი რეგიონებიდან იძულებით ჩამოჰყავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

 

“ამით ივანიშვილმა წინასაახალწლო ზეიმი მოიწყო, მას უნდა პარლამენტში მოსამართლეების გაყვანა, პარლამენტიდან ნიკა მელიას გაშვება და ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება იზეიმოს, რის გამოც რაიონებიდან ათეულ ათასობით ადამიანი ჩამოჰყავს. ყველა სახელმწიფო მოხელეს აიძულებენ ამ შეკრებაზე ჩამოსვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურებიდან დაითხოვენ. კეთდება სიები, თითოეულ სოფელს აქვს საკუთარი კვოტა, პატარა სოფლებიდან უნდა ჩამოიყვანონ ათი, ხოლო დიდი სოფლებიდან ოცი ადამიანი, შემდეგ ამას დამატებული დიდი ქალაქების საჯარო სამსახურში გაფორმებული “ქართული ოცნების” აქტივი, ამისთვის “ოცნების” შავი სალაროდან შავი ფული იხარჯება. სინამდვილეში ეს კონტრაქციაა საზოგადოების ამ აღშფოთების წინააღმდეგ და ძალის დემონსტრირება, რითაც იმის ჩვენება უნდათ, აი, რამდენი ვართო. სინამდვილეში ეს იქნება გაბრაზებული, შეურაცხყოფილი ხალხი, რომლებსაც ამ ყინვაში დააყენებენ, ეს ადამიანები კი თავიანთ გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებში დააფიქსირებენ და ამით ხელისუფლებას მკაცრ პასუხს გასცემენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

 

 

 

“2012 წელს “ნაციონალური მოძრაობაც” ამის მსგავსად მოიქცა. 80 ათასი კაცი ჩამოიყვანა და აავსო დინამოს სტადიონი, აღირიცხებოდა რომელი სამინისტრო, რომელი რაიონის გამგეობა რომელ სექტორზე იყო განთავსებული. ასეა ახლაც და აფორმებენ ვითომ საქართველოს ევროსაბჭოს ექვსთვიან თავმჯდომარედ დანიშვნას. თავმჯდომარეობა ქვეყნებს რიგის მიხედვით უწევთ, ჩვენს შემდეგ იქნება გერმანია და თქვენ წარმოიდგინეთ, ანგელა მერკელმა ბერლინის ცენტრში, ასი ათასი კაცი რომ ჩამოიყვანოს რეგიონებიდან და იზეიმოს იმის გამო, რომ გერმანია იწყება გ-თი. ხელისუფლებას ხალხის სიმრავლის დემონსტრირებით რაიმე შედეგისთვის არ მიუღწევია, ქუჩაში გამოსული გულწრფელი ათასი ადამიანი უფრო რეალურად გამოხატავს განწყობილებას, ვიდრე 50 ათასი ძალით გამოყვანილი საჯარო მოხელე. ოპოზიცია ხუთი თვეა აქციებს მართავს და გააგრძელებს უსასრულოდ, სანამ შედეგს არ მიაღწევს. ხოლო რასაც ისინი მართავენ სინამდვილეში კონტრაქციაა, ჩვენი აქციები ჩვეულებრივად გაგრძელდება, ამჯერად აქცია იქნება ხუთშაბათს, სადაც გაპროტესტებული იქნება უზენაეს სასამართლოში კლანის დანიშვნა და ნიკა მელიას პარლამენტიდან გაძევების საკითხი”, - დასძენს გოცირიძე.

 

 

 

წაკითხვა 565 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.