“ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში”

“არა მგონია, რომ ეს სიტუაცია ვინმეს აწყობდეს, რადგან უკვე ქაოსია. ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ოპოზიციაშიც ემოციური განწყობაა. ასეთ დროს, როცა გონების ხმა ჩახშულია და მოქმედებს ემოციები, იწყება უმართავი პროცესები ქუჩაში. ხელისუფლება ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში. არ ვტირი უგულავას და ნამდვილად არ ვამბობ, რომ უდანაშაულოა, მაგრამ როცა მოლაპარაკება ფინიშზეა და შენ აპატიმრებ მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, რა თქმა უნდა ეს მოლაპარაკების ჩაშლად აღიქმება”, - აცხადებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში” - კახა კუკავა.

 

“ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს; ერთ-ერთი, რომელიც ჩემი იდეა იყო, მაჟორიტარულ ოლქებში დაგვეყენებინა ერთიანი კანდიდატი. ამას ვამბობ 2016 წლიდან და 4 წელია კოდალასავით მარტო ვაკაკუნებ. მაშინ მსხვილმა პარტიებმა მხარი არ დაგვიჭირეს, რატომ მოვილაპარაკოთ კუკავასთან და 2%-იან პარტიებთანო, მაგრამ ცხოვრება მწარეა და როცა ცხვირი დაარტყეს, მიხვდნენ, რომ ეს იდეა სწორი იყო. თუ ახლა მაინც მოხდება შეთანხმება “თავდაუსხმელობის პაქტზე”, ეს იქნება ძლიერი დარტყმა ხელისუფლებისთვის. ამ ჩიხიდან გამოსავალი არის ასევე ისეთი კოალიციის შექმნა, რომელიც თანაბრად დისტანცირებულია როგორც “ოცნებისგან” ისე “ნაციონალებისგან”. “თავისუფალ საქართველოს” ამ ფუნქციის შესრულება შეუძლია, საკმარისი ფინანსები რომ ჰქონდეს, რადგან ჩვენ არანაირ მოლაპარაკებებში არ შევდივართ “ნაციონალებთან” და არც მათთან ერთად ვაპირებთ რაიმე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებას. ეს საკითხი აქტუალურია, რადგან როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას საზოგადოებაში ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას კახა კუკავა.

 

 

“რაც შეეხება სააკაშვილს, რას გააკეთებს მისი ბიბლიოთეკა, არ ვიცი. სააკაშვილმა იგრძნო, რომ “ნაციონალები” ვერ გამოხატავენ ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებს და ფიქრობს, რომ ამას თვითონ უფრო გააკეთებს. თანაც ის გუნდური მოთამაშე არაა და უნდა ლიდერობა; მაგრამ მის ლიდერობას მხარს მისი პარტიის წევრებიც არ უჭერენ. ჩემი გასარჩევი არ არის, რა ხდება “ნაციონალებში”, მაგრამ ფაქტია, რომ უმწვავესი დაპირისპირებაა სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის”, - დასძენს კახა კუკავა.

წაკითხვა 90 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.