რისი ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალში - მოსკოვის ახალი მითითებები

“რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს.

ამის შესახებ განცახდება რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩმა გააკეთა. “რეზონანსთან” საუბრისას კონფლიქტოლოგები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა საქართველოსთვის გარკვეული შანსიც კი აღმოჩნდეს, რათა ცხინვალსა და სოხუმს უკეთესი პირობები შევთავაზოთ. მოსკოვს სურს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ნაკლებად იყვნენ ფინანსურად მასზე დამოკიდებულები და ამისთვის თავადვე უნდა მოიზიდონ ინვესტიციები საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გზით. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს განსაკუთრებით მტკივნეული თემაა აფხაზებისათვის, რადგან “საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში” მოსკოვი მიწის გაყიდვაზე აკრძალვის გაუქმებას გულისხმობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისი ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალში - მოსკოვის ახალი მითითებები და შემცირებული ფინანსური დახმარება.

 

“რაც შეეხება ადრე დაანონსებულ ინფრასტრუქტურულ და სხვა ტიპის პროექტებს, მათი პრაქტიკული განხორციელება, რუსეთისათვის დაწესებული მასშტაბური სანქციებისა და მწვავე ფინანსური კრიზისის ფონზე, პრაქტიკულად გამორიცხულია. მაგალითად, სოხუმის აეროპორტისა და აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაცია. კონფლიქტოლოგების ცნობით, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, საზოგადოების განწყობები მეტად პესიმისტურია. მიზეზი აქაც ისაა, რომ ორივე “რესპუბლიკა” მთლიანად რუსულ დოტაციებზე დამოკიდებული და კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთს მათთვის უკვე აღარ სცალია. დმიტრი ვოლვაჩი სოხუმში 9 მარტს იმყოფებოდა და დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერებს შეხვდა და განუცხადა, რომ მოსკოვი უახლოესი 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეამცირებს მათ დახმარებას. მისი თქმით, სოხუმმა და ცხინვალმა ინვესტიციები თავად უნდა მოიზიდონ, რეგულაციები გაამარტივონ და საინვესტიციო კლიმატი გააუმჯობესონ, რათა კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი საბიუჯეტო შემოსავლები. ვოლვაჩმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ორივე რეგიონს კანონებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების შემუშავებაში, ასევე სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სამრეწველო პროექტებისთვის სესხებზე პროცენტების სუბსიდირებაში დაეხმარება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის მშპ, სადაც დაახლოებით 250 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, 32 მლრდ რუბლს შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთის დახმარება 2021 წელს 5 მილიარდ რუბლზე მეტი იყო. ცხინვალის რეგიონის მშპ, რომლის მოსახლეობა, დაუდასტურებელი მონაცემებით, 50 000-ს შეადგენს - 6.1 მლრდ რუბლია, ხოლო რუსული დახმარება, რომელსაც ოკუპირებული რეგიონი იღებს, 7.2 მლრდ რუბლს შეადგენს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებები და მითითებები საკმაოდ მკაფიო და კატეგორიული იყო - ისინი ოსებსა და აფხაზებს ხელის გატოკებისკენ მოუწოდებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ეს არის ძალიან მკაფიო მითითება აფხაზებისთვის იმაზე, რასაც წლების განმავლობაში რუსეთი ვერ ახერხებს. ეს არის კერძო საკუთრების გასხვისება. დღემდე აფხაზეთში მიწა სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მისი გასხვისება ან გაყიდვა დაუშვებელია. ამ ფონზე ეს რუსების ბოლო გაფრთხილება შეიძლება იყოს - ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდით მიწას ყიდით თუ არა, თორემ უარეს სიტუაციაში აღმოჩნდებითო. საქართველოს შეუძლია ეს სიტუაცია გამოიყენოს და აფხაზებს დაელაპარაკოს. თუკი ჩვენ შევთანხმდებით ფედერაციის მოწყობის ფარგლებში, 20 ან 30 წლით მიწაზე საკუთრებას აფხაზეთის ხელისუფლება განკარგავს - ფედერაციის პირობებში რაღაც ამ ტიპის შეთანხმება შესაძლოა შედგეს. მოკლედ გამოსავლის ძებნა შესაძლებელია, თუკი მოვინდომებთ. მათი საბაზისო ღირებულებები საკუთრებაზე, მიწაზე უძრავ ქონებაზე, მეტ-ნაკლებად გაგებული და მიღებული იქნება. ამის შეტყობინება აფხაზებს უნდა გავუგზავნოთ. თუმცა. რასაც მე ვუყურებ, ჩვენი ხელისუფლება ამაზე საერთოდ არ ფიქრობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“აფხაზებს უფრო ტურიზმი აქვთ და აქედან გარკვეულწილ შემოსავალს იღებენ. თუ თავის ტურისტულ ბიზნესს სწორად წარმართავენ, გაღატაკებული რუსები, დასასვენებლად აფხაზეთში წავლენ. აფხაზეთს აქვს შანსი, რომ ტურისტული ბიზნესიდან რაღაც შემოსავალი ჰქონდეთ. ამიტომაც გააფრთხილა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომ აფხაზეთს ამ სანქციების ფონზე ფასი ედება. რუს ბიზნესმენებს არ უნდათ ეს შანსი ხელიდან გაუშვან. ეს უკვე მკაფიო შეტყობინებაა - აპირებენ თუ არა აფხაზები ასეთ დროს რუსულ ეკონომიკაში ჩართვას. სხვაგვარად ეს მუქარაც არის, რომ ხელფასებს ვეღარ გადაუხდიან და ვერც დაფინანსებას მისცემენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“მე მგონი აფხაზებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება. თუკი ჩვენს მიწაზე რუსი ბიზნესმენები სასტუმროებს ააშენებენ და ამ ტერიტორიებს საკუთრებაში გაიფორმებენ, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. საქმე უკვე არა აფხაზებთან, არამედ პირდაპირ რუსებთან გვექნება. ჩვენ ხომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკვე დიდი ხანია დავთმეთ და დიალოგის დონეზეც აღარ ვკონტაქტობთ. არ ვეუბნებით, მოდი დაგეხმარებით და რაღაცა მოვაგვაროთ. ადრე თუ გვიან აფხაზებს ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ და ეს საქართველოსთვის დიდი პრობლემაა”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

 

“კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ განცახდების დონეზე გაკეთდა, მაგრამ აფხაზეთში და ცხინვალში მაცხოვრებელ მოქალაქეებზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უკვე აისახა. მოსახლეობა აქტუალურად კითხულობს რა იქნება შემდეგ და შიში აქვთ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მთლიანად გაუარესდება. „ცხინვალიც და აფხაზეთიც ახლა მთლიანად რუსეთიდან ფულად გადარიცხვებზეა დამოკიდებული. თუ აფხაზეთში ტურისტული სეზონი მაინც არის, სამხრეთ ოსეთი სრულიად რუსეთზეა მიბმული. თუმცა, აფხაზეთშიც ნახევარი ბიუჯეტი რუსეთიდან ფინანსდება. ამიტომ მოსახლეობაში ძალიან დიდი შიში გაჩნდა და ეს პირად კომუნიკაციებშიც ჟღერდება”, ამბობს ბენდიანიშვილი, რომლის თქმით, როდესაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ესაუბრება, ძალიან შეშინებულები არიან და ამბობენ “ახლა ჩვენ რა გვეშველებაო”, - დასძენს გამოცემა.

 

“მომდევნო წლებში ეს უკვე რეალურად აისახება მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ბევრი ადამიანი სამსახურს დაკარგავს. შემცირდება ე.წ. საბიუჯეტო შტატები და რუსები ორივე ე.წ. სახელმწიფოსთვის ნაკლებ დაფინანსებას გამოყოფს. თუმცა ეს ხალხი ისევ რუსეთში წავა. ძირითადად ეს გადინება და მიგრაცია მაღალია. მით უმეტეს უმუშევარი ხალხის გადინება უფრო სწრაფად მოხდება. ჩვენი კი უნდა ვეცადოთ, რომ უფრო მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდამჭერი პროგრამები შევთავაზოთ. არანაირად არ უნდა მოხდეს იმ სამშვიდობო კურსიდან გადახვევა, რადგანაც დასავლეთის მხარდაჭერას სრულიად დავკარგავთ. ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ უნდა ვქნათ. ვფიქრობ აფხაზეთისთვის რუს ბიზნესმენებს ნამდვილად არ ეცლებათ და იქ რაიმეს მშენებლობისთვის არავის სცხელა. ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში მათ ბიზნესის გაფართოვება კი არა, გადარჩენა დასჭირდებათ. თუმცა ბევრი ადამიანისთვის, ევროპული კურორტების დაკეტვის შემდეგ, აფხაზეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა უფრო აქტუალური გახდება”, - დაასკვნის ზურაბ ბენდიანიშვილი.

წაკითხვა 580 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.