“დასავლეთში მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რა იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი...” - თორნიკე შარაშენიძე

“მართალია, დღეს ყველა აღიარებს, რომ 2008 წელს დასავლეთის დამოკიდებულება გაცილებით რადიკალური და მკაცრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ჩემი აზრით, ვერ იქნებოდა და ამას არაერთი მიზეზი ჰქონდა.

უპირველესად ის, რომ 2008 წელს კონტექსტი სრულიად განსხვავებული იყო. მაშინ ყველა მხარემ აღიარა, რომ დაეთანხმებოდა ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნას, რომელშიც ჩაიწერა, რომ ომის დაწყებაში ორივე მხარე იყო დამნაშავე... ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იდგნენ რუსი სამშვიდობოები, რაც ხელზე დაიხვიეს რუსებმა და ამტკიცებდნენ, ქართულმა მხარემ ჩვენს სამშვიდობოებს ესროლაო. მოკლედ, რუსეთმა ომის დასაწყებად ფორმალური მიზეზი გამოძებნა. ასეთი პირდაპირი და აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესია, რაც უკრაინაში მოხდა, 21-ე საუკუნეში სხვა არც ყოფილა”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლეთში მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რა იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი...” / “თუ დღემდე გვეშინია „რბილი ძალის“, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ახალგაზრდა თაობა რუსულად აღარ ლაპარაკობს, დავღუპულვართ"...

 

“ის, რასაც ახლა აკეთებს რუსეთი, ამ საუკუნეში არსად მომხდარა, არც 2008 წელს. მაშინ რუსებს რაღაც მაინც ჰქონდათ სათქმელი. ეს ერთი მიზეზია, რატომ არ იმოქმედა დასავლეთმა უფრო რადიკალურად. გარდა ამისა, იმხანად ისევ იყო ილუზია, რომ პუტინთან შერიგება შეიძლებოდა - გვახსოვს ობამას “გადატვირთვის პოლიტიკა”... და დასავლეთმა ამ ილუზიით იცხოვრა 2022 წლის 24 თებერვლამდე. ხოლო 2014 წელსაც იპოვეს რაღაც ხელმოსაჭიდი: ამბობდნენ, ყირიმი უკრაინას რუსეთმა გადასცა ხრუშჩოვის დროს, იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დგასო და ა.შ. ისევ გაამართლა პუტინი იმ ხალხმა, ვისაც სურდა, დაეჯერებინა, რომ კიდევ შეიძლებოდა მასთან მორიგება, რაც შეცდომა იყო და ეს დღეს თვალსაჩინოა... ამბობენ, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო... ეს დაემართა დასავლეთსაც. მაშინ მათ ვერ დაინახეს, ვერ გათვალეს, რა მოტივით ხელმძღვანელობდა პუტინი, მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რაც იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი. მიუხედავად განსხვავებული კონტექსტისა, პუტინის გეგმები 2008 წელსაც იგივე იყო, რაც დღეს არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

 

“ჩემი აზრით, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. გადაწყვეტილებამ, რომ საქართველოსთვის მაპ-ი არ მიეცათ, რუსები გაათამამა. მათ დამატებითი ჯარი შემოიყვანეს აფხაზეთში და გახსნეს ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობები სოხუმსა და ცხინვალში, ანუ ისინი ამ ტერიტორიების წაღებაზე უკვე ფიქრობდნენ, ოკუპაცია ჩაფიქრებული ჰქონდათ, თუმცა, შესაძლოა, ეს გაეკეთებინათ სამხედრო ოპერაციის გარეშეც, არ ვიცი... მხოლოდ ჰიპოთეზურად შეიძლება დავუშვათ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება 2006-2007 წლებში უფრო ფრთხილ საგარეო პოლიტიკას გაატარებდა, თუმცა, სავარაუდოდ, ამის ჰიპოთეზურად დაშვებისასაც ვცდები”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“დღეს მე სამხედრო საფრთხეს ტურისტებისგან ნაკლებად ვხედავ. სამხედრო საფრთხეა, უპირველესად, ის რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ცხინვალთან დგას, თბილისიდან 40 კილომეტრის მოშორებით. თუ პუტინი საქართველოში სამხედრო აგრესიას გადაწყვეტს, ამას ტურისტების გარეშეც გააკეთებს. თუ სამხედრო აგრესია გადაწყვიტა, შეიძლება რამე პროვოკაციის მოწყობა არც სცადოს. ჩვენ დავინახეთ, რომ მან უკრაინასთან სრულიად არაპროვოცირებული ომი დაიწყო. ჩემი აზრით, თუ პუტინს თავში რაღაც გადაუბრუნდა, აგრესიისთვის საბაბის მოფიქრება არ დასჭირდება, ამის მაგალითი უკრაინაა. თუ დღემდე გვეშინია “რბილი ძალის”, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ახალგაზრდა თაობა რუსულად აღარ ლაპარაკობს, დავღუპულვართ... რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი პოზიცია გასაგებია: ცდილობენ იყვნენ ჩუმად და როგორმე აიცილონ რუსული აგრესია. გარდა ამისა, იმედი აქვთ, რომ რუსი ტურისტი შემოვა, ფულს დახარჯავს და ასე ჩვენს ეკონომიკას ეშველება”, - განმარტავს ექსპერტი.

 

“ხელისუფლება ნებისმიერი საშუალებით ცდილობს გაამართლოს თავისი პოზიცია. ამისთვის ყველაფერს კადრულობს, მათ შორის ქსენოფობების ძახილსაც, რაც პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, ეს კი არასწორია. ჩემი აზრით, ოპოზიციაც სცოდავს, როდესაც ძალიან მოსაფრთხილებელ თემებს ხშირად საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ამ ქვეყანაში იარლიყების მიკერება ხომ ჩვეულებრივი ამბავია! ხელისუფლებაც მზად არის, იარლიყი მიაკეროს ყველას, ვინც მისი პოლიტიკის წინააღმდეგია... უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურ ბრძოლაში ომის თემით ძალიან იხეირა. მან მოუგო პიარი ოპოზიციას. როგორც ჩანს, ხელისუფლება ფარულად ხშირად ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს და იციან, რომ საქართველოში ომის ძალიან ეშინიათ, რასაც ოპოზიცია ვერა და ვერ მიხვდა. მან ომში ჩართვა-არჩართვის საკითხი ხუმრობისა და ღლიცინის თემად აქცია. ამაზე სულ ოხუნჯობენ, არადა, ხალხს მართლა ეშინია ომის. ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია ამ საკითხზე წამოიკიდა, შესაბამისად, ყველა საკითხს, რომელსაც ოპოზიცია სვამს, კობახიძე ომში ჩათრევის მცდელობას აბამს. ეს მესიჯი, რომელიც ხელისუფლებამ აამუშავა, დღემდე მუშაობს და ალბათ მომავალშიც ხშირად მოვისმენთ ამგვარ განცხადებებს, რადგან მათ იციან, რომ ეს განცხადებები თავის საქმეს აკეთებს”, - დაასკვნის თორნიკე შარაშენიძე.

 

“რა თქმა უნდა, მათი ყველა მოქმედება და განცხადება განპირობებულია ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით. რაც შეეხება საგარეო ვექტორს, რა ვიცი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ მოეცათ, ვითომ უარს იტყოდნენ? არა მგონია. ჩვენ ვნახეთ, რომ სტატუსის მიუღებლობას სერიოზული გართულება მოჰყვა ქვეყნის შიგნით: დემონსტრაციები, პროტესტი... არა მგონია, ამის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლებამ გაბედოს და მიზანმიმართულად სცადოს საგარეო კურსის შეცვლა. ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება მათთვის კარგად არის ცნობილი. მათ სურდათ სტატუსის მიღება იოლი გზით, არ უნდოდათ კონკრეტული რეფორმების გატარება, იმედი ჰქონდათ, რომ ამის გარეშეც გავხდებოდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რაც არ გამოვიდა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

 

"დღეს ქმნიან რაღაც ჯგუფებს, ცდილობენ წამოიწყონ პროცესი და აჩვენონ დასავლელ პარტნიორებს, რომ აპირებენ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ვნახოთ, რა იქნება ერთი წლის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპაში, როგორ წარიმართება მოვლენები. გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას, მაგრამ ჯერ არავინ იცის, ეს ომი როდის დამთავრდება. თუ ყველაფერი კარგად იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენც მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს”, - დასძენს შარაძენიძე და შეკითხვაზე - “გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი, რამაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გაართულა...” - პასუხობს:

 

“ჩინეთი რუსეთს აქამდეც ეხმარებოდა და ამის გაკონტროლება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ვერავინ დააყენებს მათ საზღვარზე დამკვირვებლებს, რათა შემოწმდეს, რა ტვირთი შედის ჩინეთიდან რუსეთში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც რუსეთს სანქციების არ ეშინია, თუმცა ჩინეთი რუსეთისთვის დასავლეთს, როგორც ტექნოლოგიების მიმწოდებელს, მთლად ვერ ჩაანაცვლებს... ტაივანში ჩინეთმა ისევ ვერ გაბედა აშშ-ის წინააღმდეგ წასვლა. ჩინეთი ომს ნამდვილად არ აპირებს, მაგრამ ალბათ უფრო მეტად ეცდება რუსეთის ფარულ დახმარებას. საკითხავია, ეს ეყოფა თუ არა რუსეთს, რადგან დაწესებული სანქციები 3-4 წელიწადში მას ძალიან მძიმედ დააწვება. სწორედ ამიტომ რუსეთი ეცდება, ომი მანამდე დაასრულოს, ვიდრე ეს დრო დადგება”...

წაკითხვა 295 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.