"სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს" - სუსი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების განმარტებით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
სუს-ის ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
"უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნავს სუს-ი.
სიახლეები
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"
- "თქვენ საქართველოს მოსახლეობას უნდა დაანახოთ სტაბილურობა, რომ საქართველო მარტო არაა"- პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩებს
- "როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო!" - პრეზიდენტი
- იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა